გიორგი დარასელია: მომენტებს ვქმნით, გოლებიც იქნება!

AutoSharing Option
დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში ქუთაისის "ტორპედო" გასვლაზე "სამტრედიასთან" 1:2 დამარცხდა. მიუხედავად ამისა, ქუთაისელებმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და ვფიქრობთ, მეორე წრეში ჩემპიონატს ძალიან საინტერესო გუნდი შეემატება.


ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელი გიორგი დარასელია ამბობს, რომ ყველაფერი საპასუხო შეხვედრაში (9 მარტი) გაირკვევა:

"ბიჭებმა თამაში ძალიან კარგად დაიწყეს. ჩემი აზრით, პირველ ტაიმში მეტოქეს ვაჯობეთ. მართალია, მეორე ნახევარში "სამტრედიამ" ორი ბურთი გაგვიტანა და წავაგეთ, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ეს ტაქტიკური შეცდომის ბრალი იყო. ორივე
შემთხვევაში დაცვაში ელემენტარული შეცდომები დავუშვით.

"სამტრედიას" მალე ქუთაისში ვუმასპინძლებთ და სწორედ იქ გამოჩნდება, რომელი გუნდი უფრო იმსახურებს ნახევარფინალში გასვლას. მე მაინც მგონია, რომ ჩვენ საკმაოდ კარგი შანსი გვაქვს".

დარასელიას თქმით, "ტორპედოს" შეთამაშების პრობლემა არ აქვს:

"ფეხბურთელები ერთმანეთს ეწყობიან. თურქულ შეკრებაზე გატარებულ მოკლე დროში ეს პრობლემა საკონტროლო შეხვედრებით მაქსიმალურად მოვაგვარეთ, მაგრამ გუნდს დაბალანსება კიდევ სჭირდება და ვეცდებით, სამომავლოდ "ტორპედო" კიდევ უფრო გავაძლიეროთ".

ცნობილია, რომ ახლახან ქუთაისში გიორგი ქიმაძე დაიმატეს. პერსპექტიული ფეხბურთელი საჩხერის "ჩიხურაში" თამაშობდა:

"ფეხბურთში ბევრი რამაა მოულოდნელი და არავის გაუკვირდეს, თუ მოთამაშე შეკრების შემდეგ დავიმატეთ. ქიმაძე ქუთაისში გაზრდილი პერსპექტიული ბიჭია და ასეთი მოთამაშეების აყვანა მხოლოდ გაგვახარებს. იმედია, გიორგი და სხვა ახალწვეულებიც გუნდს გამოადგებიან".

წლეულს, "ტორპედოში" ისეთი შემტევი ფეხბურთელები შეიკრიბნენ, რითიც ვერც ერთი ქართული კლუბი ვერ დაიკვეხნის - დავით კირკიტაძე, ბექა ტუღუში, ნიკა საბანაძე, ბუდუ ზივზივაძე, ოთარ კვერნაძე, ვახტანგ კვარაცხელია, შოთა ბაბუნაშვილი. პირველ სათასო დაპირისპირებაში მოედანზე ხუთი მათგანი გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ თავი მხოლოდ ტუღუშმა გამოიჩინა, ქუთაისელებმა საგოლე მომენტები საკმაოდ შექმნეს.

დარასელია რეალიზაციის დაბალი მაჩვენებლის მიზეზებზე გველაპარაკა:

"თავდამსხმელისგან გოლის გატანასა და ლამაზ ფეხბურთს ვითხოვ, მაგრამ ჯერ სეზონი ახალი დაწყებულია და მესმის, რომ ბოლომდე ვერ გაიხსნენ. ამის დროც მოვა და დარწმუნებული ვარ, ჩვენ წინააღმდეგ თამაში ყველას გაუჭირდება.

მთავარი, იცით, რა არის? მომენტებს ვქმნით, მერე მის რეალიზებასაც მოვახერხებთ".

ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელი ამბობს, რომ მიზანი ხალხის სტადიონისკენ შემოტრიალებაა:

"ქუთაისის "ტორპედოს" არ ეკადრება ის ადგილი, რაც ამჟამად სატურნირო ცხრილში უკავია. ამიტომ მეორე წრეს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

ჩვენი ამოცანა არა მხოლოდ შედეგის მიღწევა, არამედ ლამაზი ფეხბურთის დემონსტრირებაა. ამაზე იქნება დამოკიდებული, მოვახერხებთ თუ არა ტრიბუნაზე ქუთაისელი გულშემატკივრების დაბრუნებას".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ამ ტორპედოს რევიშვილი--ხიდაშელი--ღონღადზე რომ დაუმატო სუფტა საჩემპიონო გუნდია
gela
16:50 20-02-2015
0
მჯერა ძუკუ შენი, სამტრედიასთან მატჩიც გამოჩნდა რომ ამ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს.
patikoo11@mail.ru
16:26 20-02-2015
0

სიახლეები პოპულარული