10:15 29-04-2015
ცხინვალი-დინამო (თბ) 1:0 - როცა მოგება არ გიხარია [VIDEO]
AutoSharing Option
ასე და ამრიგად, "ცხინვალმა" ვერც მეორე ჯერზე შეძლო ნახევარფინალური ბარიერის დაძლევა და ისე, როგორც პირველ ცდაზე (2009/10 წლების სეზონში), ფინალისკენ გზა ამჯერადაც "დინამო თბილისმა" გადაუღობა.
თანაც, მაშინ, ხუთი წლის წინათ, "დინამოს" კახა კაჭარავა მოძღვრავდა, "ცხინვალის" დღევანდელი თავკაცი, გუშინ მთელი მატჩის განმავლობაში ემოციებში რომ "დაიხარჯა" და ამ ემოციებს არც საკუთარი შეგირდების მიმართ იშურებდა და არც - არბიტრების!
"ცხინვალის" მთავარი მწვრთნელი ყველაზე ძალიან, ალბათ, იმ ეპიზოდს მიიჩნევდა საკამათოდ, როცა პირველ ტაიმში "ცხინვალის" ცენტრალურ მცველს, დავით მაისაშვილს მეტოქის ფეხბურთელი ზედმეტად ხისტად ეთამაშა, ხოლო არბიტრმა კი წესების დარღვევად არ შეაფასა...
ისე, გავუსწრებთ მოვლენებს და ვიტყვით, რომ მთავარ მსაჯს, გიორგი დოგრაშვილს სხვა ეპიზოდებში ისეთი არაფერი შეშლია, მატჩის შედეგზე რომ ემოქმედა.
ახლა კი უშუალოდ მატჩის შესახებაც, მოლოდინისამებრ, გულშემატკივართა დიდი ინტერესი რომ გამოიწვია. ოთხი დღის წინ ჩატარებული მატჩისგან განსხვავებით, მასპინძელთა ძირითადში ერთი ცვლილება იყო (მარჯვენა გარემარბის ადგილი ირაკლი ლექვთაძემ დაიკავა); აი, დინამოელთა თავკაცმა კახა გოგიჩაიშვილმა კი დისკვალიფიკაციამოხდილი გიორგი პაპუნაშვილის გარდა, ძირითადში ჯაბა ჯიღაური და სტეფან ბუკორაცი დააბრუნა.
პირველი მატჩის შედეგიდან გამომდინარე, "ცხინვალს" "სწრაფი გოლი" სჭირდებოდა და მასპინძლებმაც თამაში აქტიურად დაიწყეს; პირველი სახიფათო მომენტი ირაკლი ლექვთაძის აქტიურობას მოჰყვა, მერე ეს შეტევა საპირისპირო ფლანგზე გაგრძელდა და ყველაფერი კი ბაქარ ქარდავას "მოჭრილი" დარტყმით დამთავრდა, მიზანს მცირე მანძილით რომ ასცდა.
თუმცა, ბევრად რეალური ჩანდა სტუმართა გააზრებული შეტევა, გიორგი პაპუნაშვილის ჩინებულ თამაშს რომ მოჰყვა: დინამოელთა მარჯვენა გარემარბმა მოხდენილი პასით მანუელი უაღრესად ხელსაყრელ პოზიციაზე დატოვა, მაგრამ "ცხინვალი" ამ ეპიზოდში აშკარა გოლს გადაურჩა.
აი, ეს იყო და ეს: პირველი ტაიმის ბოლომდე, რასაც სახიფათო მომენტი ჰქვია, არც ერთ კართან არ შექმნილა; თუმცა, გოლი მაინც ვიხილეთ, თანაც, ისეთი, კურიოზულზე მეტი რომ ჰქვია: "ცხინვალის" მეკარე გიორგი ნადირაძემ ბურთი თამაშში ძლიერი დარტყმით შემოიტანა; მერე, ისე მოხდა, რომ დინამოელთა ცენტრალურმა მცველმა ლაშა თოთაძემ და მეკარე ლიბორ ჰრდლიჩკამ ერთმანეთს ვერ გაუგეს და იქვე "ჩასაფრებულმა" გიორგი ივანიშვილმაც ბურთი ცარიელ კარში შეაგორა!
...თამაშის სულ მცირე, დამატებით დროში გადასაყვანად "ცხინვალს" კიდევ ერთი გოლი სჭირდებოდა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ მეორე ტაიმში გოლის გატანის უფრო მეტი შანსი "დინამოს" ჰქონდა. მაგრამ, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მეორე ტაიმის დასაწყისში სტუმრები იმ ფეხბურთელმა გადაარჩინა, ამ ბოლო დროს ყველაზე მეტი კრიტიკა ვისაც შეხვდა! ლიბორ ჰრდლიჩკაზე მოგახსენებთ - სლოვაკმა მეკარემ ვარლამ კილასონიას (უმცროსი) "საფირმო" საჯარიმო დარტყმა მართლაც ჩინებული რეაქციით მოიგერია და ბურთი "ცხრიანიდან" ჩამოხსნა!
"ცხინვალს" კიდევ ერთი შანსი მაშინ მიეცა, როცა გიორგი ივანიშვილი მარჯვენა ფლანგიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში; აი, დანარჩენი ეპიზოდები კი დინამოელების იყო: საგრძნობლად გააქტიურდა საბა ლობჟანიძე, რომელსაც გოლის გატანის შანსიც მიეცა, ისე, როგორც ჯაბა ჯიღაურს; შესამჩნევად გააძლიერა თავისი გუნდის შეტევები შეცვლაზე შემოსულმა ოთარ კიტეიშვილმაც, რომლის ჩინებული თამაშის მერეც მასპინძლები გიორგი ნადირაძემ გადაარჩინა.
მატჩის ძირითადი დრო დასასრულს უახლოვდებოდა და მასპინძელთა თავკაცი კახა კაჭარავა ვა-ბანკზეც წავიდა, როცა შეცვლაზე შემოსული ნომინალური მცველი გიორგი კაჭკაჭიშვილი... ცენტრფორვარდის პოზიციაზე გაამწესა; უკვე მსაჯის მიერ დამატებული წუთები იწურებოდა, ტანმაღალმა კაჭკაჭიშვილმა საჰაერო ორთაბრძოლა რომ მოიგო, თუმცა ლაშა შინდაგორიძემ ისედაც უხერხული პოზიციიდან "უხერხულად" და არაზუსტად დაარტყა და თამაშიც მორჩა!
"დინამო" თავის მეთორმეტე სათასო ტრიუმფისათვის მოემზადება, "ცხინვალს" კი, ყველა შემთხვევაში, წარმატებად უნდა ჩავუთვალოთ ამ სეზონში თასზე ასპარეზობა.
საქართველოს თასი. 1/2-ფინალი. საპასუხო მატჩი
28.04. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათ)
ცხინვალი-დინამო (თბ) 1:0
პირველი მატჩი 0:2
გოლი: 1:0 ივანიშვილი (38).
ცხინვალი (4-2-3-1): ნადირაძე - ცერცვაძე, ვ. კილასონია (88. კაჭკაჭიშვილი), მაისაშვილი, ბაჩიაშვილი - ქარდავა, თარხნიშვილი - ლექვთაძე (80. ცაცკრიალაშვილი), ივანიშვილი, მახარობლიძე - ნ. კაჭარავა (72. შინგაგორიძე).
სათადარიგოები: ჯიშკარიანი, ბურძენაძე, იმედაშვილი, ნანიევი
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
დინამო (4-2-3-1): ჰრდლიჩკა - კაკაბაძე, რენე ფერეირა, თოთაძე, შერგელაშვილი - ბუკორაცი, ცინცაძე - პაპუნაშვილი, ჯიღაური (72. კიტეიშვილი), ს. ლობჟანიძე (89. ჭანტურიშვილი) - მანუელი (64. ჩირგაძე).
სათადარიგოები: ჯანელიძე, პარუნაშვილი, ტაბატაძე, დაუშვილი
მწვრთნელი: კახა გოგიჩაიშვილი
გაფრთხილება: შერგელაშვილი (13), ნ. კაჭარავა (26), რენე ფერეირა (26), ჰრდლიჩკა (90)
არბიტრი: გ. დოგრაშვილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული