სიონი-გურია 1:1 - ექსპერიმენტების დღე

AutoSharing Option
სათასო დაპირისპირებებს მუდამ თავისებური ხიბლი აქვს ხოლმე და ასე იყო გუშინდელ მატჩშიც, სადაც წყვილის აშკარა ფავორიტად მიჩნეულმა "სიონმა" მეოთხედფინალის საგზური კი მოიპოვა, მაგრამ ბოლნისელებმა იმდენი შანსი გაანიავეს, სხვა დროს, შესაძლოა, დაისაჯონ კიდეც.

ამჯერად კი "სიონმა" პირველ მატჩში მოპოვებული უპირატესობაც შეინარჩუნა და ამას გარდა, ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელიც (მირზა მერლანი, დავით სვანიძე, დიმიტრი ტატანაშვილი, გიული მანჯგალაძე, ზურაბ ჯაფიაშვილი) დაასვენა, გიორგი გაფრინდაშვილი კი დისკვალიფიცირებული იყო.

თუმცა, ბევრად უფრო ექსპერიმენტული ეთქმოდა სტუმართა შემადგენლობას, სადაც მხოლოდ ორი-სამი ფეხბურთელი (თორნიკე მოსიაშვილი, სანდრო ბახია, ბექა ზაქრაძე)
იყო, ამ სეზონში რეგულარულად რომ გამოდის "გურიის" ძირითადში.

მოკლედ, "სიონი" გუშინდელ მატჩშიც აშკარა ფავორიტი იყო და თამაშის მსვლელობიდან გამომდინარე, ცოტა არ იყოს, ძნელი წარმოსადგენიც იყო, თუ როგორ ვერ უნდა მოეგო თავის მშობლიურ ქალაქში ვარლამ კილასონიას დამოძღვრილ "სიონს".

პირველი ტაიმი ცოტა მოსაწყენიც გამოდგა და სახიფათო მომენტებიც თითზე ჩამოსათვლელი იყო: გიორგი ვასაძისა და ჯაბა უგულავას თავურ დარტყმებს სიზუსტე აკლდათ, სტუმართა ცენტრალური ნახევარმცველის, ნიკა წერეთლის "ერთი შეხებით" დარტყმულ ბურთს კი მეტოქის საჯარიმოში პარტნიორთაგან ვერავინ დაამატა.

აი, შესვენების მერე კი თამაში გაჩაღდა, თქვენი მოწონებული და ეს ეფექტიანი შეცვლებით უფრო იყო განპირობებული: ვარლამ კილასონიამ თავისი გუნდი სამმცველიან ტაქტიკაზე გადააწყო, ზოგიერთ ფეხბურთელს პოზიცია შეუცვალა და "სიონის" შეტევებსაც თვლა აღარ ჰქონდა. ჯერ იყო და შეცვლაზე შემოსული ვილი ისიანი ურტყამდა სახიფათოდ 25 მეტრიდან, მაგრამ "გურიის" 17 წლის მეკარემ, ტარიელ შენგელიამ ბურთი კუთხურზე მოიგერია.

ისიანის მსგავსად, აქტიურად ჩაერთო თამაშში გიორგი მიქაბერიძეც და სწორედ შეცვლაზე შემოსული ამ ფეხბურთელების წამოწყებული კომბინაცია დაამთავრა ზუსტი დარტყმით დავით საჯაიამ.

გოლიდან ერთი წუთიც არ იყო გასული, საჯაიას პასით გიორგი ვასაძე ბურთს თავით რომ გზავნიდა მეტოქის კარში, მაგრამ სტუმრები ძელმა იხსნა.

მასპინძელთა უპირატესობა აშკარაზე მეტი იყო, თანაც "გურიის" მარცხენა მცველმა ლაშა მჭედლიშვილმა დროის ძალიან მცირე მონაკვეთში ორჯერ მიიღო ყვითელი ბარათი და თავისი გუნდი უმცირესობაში დატოვა.

აქედან გამომდინარე, ცოტა მოულოდნელი იყო სტუმართა გოლიც, თუმცა "გურიის" 21 წლის შუახაზელმა ნიკა წერეთელმა მართლაც ოსტატურად შეასრულა ყველაფერი: მოედნის ცენტრში მეტოქის გადაცემა ჩაჭრა, მერე ბურთიანად მშვენიერი "სლალომი" ჩაატარა და ბოლოს მეკარისაგან მარჯვენა დაბალ კუთხეში ზუსტადაც დაარტყა!

მატჩის ბოლომდე დრო საკმარისი იყო დარჩენილი და "სიონმაც" შეტევების კორიანტელი დაატეხა მეტოქეს, მაგრამ ხან ტარიელ შენგელია თამაშობდა თავგანწირვით, ხან კიდევ ბოლნისელთა შემტევებს ღალატობდათ სიზუსტე.

გოლის გატანის მშვენიერი შანსი ჰქონდათ ოთარ კობახიძეს, ვილი ისიანს (ძელს გაარტყა ბურთი), ჯაბა უგულავამ კი ერთმანეთზე უკეთესი სამი ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა (ერთ ეპიზოდში ბურთი კარის ხაზიდან რევაზ წილოსანმა გამოიტანა).

თუმცა ბოლნისელთათვის მთავარი მიზანი ხომ მეოთხედფინალში გასვლა იყო...

საქართველოს თასი. 1/8-ფინალი. საპასუხო მატჩი
27.10. რუსთავი. "ფოლადი". 100 მაყურებელი
სიონი-გურია 1:1
[პირველი მატჩი: 2:0]
გოლი: 1:0 საჯაია (54. ისიანის პასით), 1:1 წერეთელი (68)
სიონი (4-2-3-1): ნანიევი - საჯაია, ფოფხაძე, მოსემღვდლიშვილი, გიორბელიძე (46. მიქაბერიძე) - რაზმაძე, გოგობერიშვილი - შალამბერიძე, ვასაძე (65. კობახიძე), ჭიკაიძე (46. ისიანი) - უგულავა.
სათადარიგოები: მანაგაძე, ოთარაშვილი, ლ. ღონღაძე, მერლანი
მწვრთნელი: ვარლამ კილასონია
გურია (4-2-3-1): ტ. შენგელია - ლაბაძე, რ. წილოსანი, ქორიძე, ლ. მჭედლიშვილი - წერეთელი, ნარიაშვილი - გუჯაბიძე (88. გობრონიძე), მოსიაშვილი (56. ხუხუნაიშვილი), ზაქრაძე - ბახია (89. ზ. წილოსანი).
სათადარიგოები: კიკნაძე, მეიშვილი
მწვრთნელი: გიგლა იმნაძე
გაფრთხილება: მჭედლიშვილი (64), მჭედლიშვილი (66), კობახიძე (85)
გაძევება: მჭედლიშვილი (66)
არბიტრი: გ. ავაზაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული