10:23 03-12-2015
ტორპედო-დინამო (თბ) 0:1 - დიდი ნაბიჯი ნახევარფინალისკენ [VIDEO]
AutoSharing Option
"ტორპედო", ალბათ, საპასუხო შეხვედრაშიც იბრძოლებს და თავისას შეეცდება. გუშინდელ მატჩში კი "დინამო" მეტოქეზე უკეთესი იყო, გამართულად ითამაშა და დამსახურებულადაც გაიმარჯვა...
..."მხოლოდ თქვენთვის ბიჭებო"! - ასეთი ლოზუნგით დაბრუნდა "ტორპედოს" ფანკლუბი რამდენიმემატჩიანი პაუზის შემდეგ ქუთაისური გუნდის საგულშემატკივროდ. რიონისპირელი "ულტრასები" კლუბის ხელმძღვანელობასთან მწყრალად არიან და პროტესტის ნიშნად ზედიზედ რამდენიმე მატჩს არ დასწრებიან...
ისინი "რამაზ შენგელიაზე" ფოიერვერკებით დაბრუნდნენ და ამაღლებული განწყობაც შექმნეს.
სამწუხაროდ, არც ამინდი იყო და არც მოედნის საფარი ქართული "კლასიკოსთვის" შესაფერისი. ისედაც გადატყავებული მოედანი წვიმისგან გაიჟღინთა და მძიმე გრუნტზე ფეხბურთელებს სწრაფი გადაადგილება უჭირდათ...
მატჩის პირველი 40 წუთი საკმაოდ მძიმე სანახავი და მოსაწყენი გამოდგა. ორივე გუნდი ფრთხილობდა და ერთმანეთის შეცდომებს ელოდებოდა. შესაბამისად, სახიფათო მომენტებიც ძალზე იშვიათად იქმნებოდა. დინამოელებმა ორჯერ "სტანდარტულიდან" სცადეს მდგომარეობის გამწვავება, მაგრამ - უშედეგოდ.
ტაიმის ბოლოს სტუმარი უფრო გააქტიურდა და ზედიზედ სამი საგოლე მომენტი შექმნა. ბაჩანა არაბულის სახიფათო დარტყმის შემდეგ ქუთაისელები გოლისგან მეკარე რევაზ თევდორაძემ იხსნა.
ცოტა ხანში ალექსანდრე იაშვილის "სტანდარტულს" გიორგი გველესიანის თავური მოჰყვა და ბურთი ოდნავ ასცდა ქუთაისელთა კარს, ბოლოს კი, გიორგი გურულის ჩაწოდებისას, არაბულმა იმარჯვა "მეორე სართულზე" და "ტორპედო" კიდევ ერთხელ გადაურჩა გოლს.
მეორე ტაიმიც დინამოელთა აქტიურობით განახლდა. გია გეგუჩაძის შეგირდებმა ბურთზე კონტროლი დააწესეს და კიდევ ერთი სახიფათო მომენტი შექმნეს - ოთარ კიტეიშვილის მიერ საჯარიმოში გაკეთებული გამჭოლი გადაცემის შემდეგ არაბული ვარდნაში ცდილობდა კარში დარტყმას, მაგრამ ბურთს მიმართულება ვერ შეუცვალა.
შემდეგ "ტორპედოც" გამოცოცხლდა, მაგრამ ქუთაისელებს მეტოქის საჯარიმოსთან მიახლოება ისევ უჭირდათ. ტაიმის შუაწელამდე თამაში თანაბარი იყო. განმსაზღვრელი აღმოჩნდა გეგუჩაძის გადაწყვეტილება - შეტევითი პოტენციალის გასაძლიერებლად მან მოედანზე ჯაბა ჯიღაური და გიორგი ქვილითაია შეიყვანა...
ისინი აქტიურად ჩაერთვნენ თამაშში, ქვილითაიამ კი მოედანზე შესვლიდან ორიოდე წუთში "დინამო" დააწინაურა კიდეც. გოლი იაშვილის მიერ წამოწყებულ შესანიშნავ კომბინაციას მოჰყვა, მერე შეტევა კაკაბაძემ გააგრძელა და ქვილითაიამ ახლო მანძილიდან თევდორაძეს აუღებელი დაურტყა.
იაშვილი გუშინდელ მატჩშიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო და როცა 81-ე წუთზე შეცვალეს, ადგილობრივმა გულშემატკივრებმა დიდი ოვაციებით გააცილეს...
ქუთაისელებმა მთელი ძალებით სცადეს შეტევა, ზურგში კი ზონები ცარიელი დარჩათ. შედეგად, კაკაბაძესა და ქვილითაიას კიდევ შეეძლოთ მეტოქის დასჯა - პირველის ძლიერი დარტყმა მეკარემ მოიგერია, მეორემ კი, რომელიც მეკარესთან პირისპირ გაიყვანეს, უზუსტოდ დაარტყა.
უკანასკნელ წუთზე შეცვლაზე შემოსულ ოთარ კვერნაძეს მართებდა გოლის გატანა, მაგრამ ძალზე ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ იყოჩაღა.
02.12. ქუთაისი. "რამაზ შენგელია". 2 000 მაყურებელი
ტორპედო-დინამო (თბ) 0:1
0:1 ქვილითაია (77. კაკაბაძის პასით)
ტორპედო (4-1-4-1): თევდორაძე - ტაბატაძე, ჭიჭინაძე, ნერგაძე, ქიმაძე - კლიმიაშვილი - კირკიტაძე, ბაბუნაშვილი (57. მამასახლისი), კუხიანიძე, ბრეგვაძე (46. სიჭინავა) - შინდაგორიძე (78. კვერნაძე).
სათადარიგოები: ხაინდრავა, ნიკონოვი, ფურცხვანიძე, ოდიკაძე
მწვრთნელი: ალექსანდრ შტელინი
დინამო (4-4-1-1): ჰდრლიჩკა - კაკაბაძე, გველესიანი, რენე ფერეირა, გურული - ჭანტურიშვილი, ცინცაძე, პარუნაშვილი, კიტეიშვილი (72. ჯიღაური) - იაშვილი (81. ჯანელიძე) - არაბული (75. ქვილითაია).
სათადარიგოები: ბეგაშვილი, ჭანტურია, კობოური, ლობჟანიძე
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
გაფრთხილება: შინდაგორიძე (57), არაბული (72)
არბიტრი: ჯ. ხორავა
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კვერნადზე დზალიან სუსტია.
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული