10:52 03-12-2015
ჩიხურა-შუქურა 2:0 - როგორი იქნება გაგრძელება? [VIDEO]
AutoSharing Option
პირველი "სერია" სათასო იყო და სწორედ ისე წარიმართა, როგორც ხშირ შემთხვევაში ასეთ ორთაბრძოლებს ახასიათებს ხოლმე: სწრაფად, დინამიკურად, თავდადებით, ამაღელვებელი მომენტებით, ორი ლამაზი გოლითა და, სულ მცირე, ორჯერ მეტი გაუტანელი გოლით...
ქებათა ქება "ჩიხურას", რომელიც მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდა და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა მეტოქეს. ქების ნაწილი - "შუქურას", პირველ ათ წუთში ტოლი რომ არ დაუდო მეტოქეს, თორემ ამ მონაკვეთში მარტო სარდალიშვილს შეეძლო და კიდევაც უნდა გაეტანა ორი გოლი...
თუმცა საჩხერელთა 21-ე ნომერმა მესამე ცდაზე მაინც ივარგა. ეს მოხდა მე-11 წუთზე, როცა კუსიანის, ჭეჭელაშვილისა და კორიფაძის აქტიურობით შექმნილი არეულობისას სარდალიშვილმა ბურთი მოიხელთა და ზუსტად გაგზავნა კარში.
29-ე წუთზე ჭეჭელაშვილმა საკმაოდ შორიდან ისე მძლავრად დასცხო, მეკარის მიერ თითების წაკვრის მიუხედავად, ბურთმა მაინც მოძებნა ადგილი "ცხრიანში" - 2:0.
"ჩიხურა" ზეწოლას განაგრძობდა, "შუქურა"- ვაჟკაცურ წინააღმდეგობას, თუმცა, ასპროცენტიანი რომ ეთქმის, ასეთი მომენტი მხოლოდ სტუმრებს შეექმნათ: პირველი ტაიმის ბოლო წუთზე, მანამდეც და მას შემდეგაც, მთელი მატჩის განმავლობაში თამაშიდან მთლიანად გამოთიშულმა ზღვისპირელთა მთავარმა დამრტყმელმა ძალამ, ჩელებაძემ, ჯარიმიდან მოგერიებული ბურთი ზუსტად და ძლიერად გაგზავნა კარში, რაზეც სასწაულებრივი რეაგირება მოახდინა კუპატაძემ.
მეორე ტაიმში სურათი არ შეცვლილა - "ჩიხურა" ცდილობდა, საკუთარ კედლებშივე გადაეწყვიტა ყველაფერი და ფორმალური გაეხადა მეორე სათასო მატჩი. საამისოდ, ბოლო 25 წუთში თითქმის საკუთარ საჯარიმოში "მოგუდა" მეტოქე.
ამ პერიოდში მუმლაძესა და ჭეჭელაშვილს (ორჯერ) ჰქონდათ ისეთი მომენტები, გაუტანლობა რომ გატანაზე უფრო ძნელია, მაგრამ ბურთი ჯიუტად უვლიდა გვერდს ქობულეთელთა კარს და ერთგვარი ინტრიგა მაინც შენარჩუნდა.
საქართველოს თასი. 1/4-ფინალი. I მატჩები
02.11. ივანწმინდა. 200 მაყურებელი
ჩიხურა-შუქურა 2:0
გოლები: 1:0 სარდალიშვილი (11), 2:0 ჭეჭელაშვილი (29)
ჩიხურა: კუპატაძე, მეგრელიშვილი, განუგრავა, კუსიანი (58. მუმლაძე), დეკანოიძე, კორიფაძე, ჭეჭელაშვილი (88. კაკაშვილი), სარდალიშვილი (73. ჭანკოტაძე), ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, კაშია.
სათადარიგოები: მწყერაშვილი, კაკაშვილი, იაკობაშვილი, ივანიშვილი, ჯოხაძე
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
შუქურა: დუთოევი, კომახიძე, ჩალაძე (81. ბრაჭული), ცხოვრებოვი, ბაგაევი, გეგეჭკორი, თარხნიშვილი, შარიქაძე (59. დოლიძე), წიქარიძე, ჩელებაძე, ლობჯანიძე (46. ურიდია).
სათადარიგოები: კაკალაძე, ინგოროყვა, ანანიძე, კოპალიანი.
მწვრთნელი: თეიმურაზ შალამბერიძე
გაფრთხილება: ჩალაძე (53), განუგრავა (61), ჩელებაძე (90)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი
სხვა მატჩები
ზუგდიდი-ვიტ ჯორჯია 1:0
1:0 ლაშხია (32)
სამტრედია-სიონი 0:0
გაძევება: ტატანაშვილი (73. სიონი), ცნობილაძე (90. სამტრედია)
საპასუხო მატჩები 16 მარტს გაიმართება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული