ვნახოთ, თასისთვის ბრძოლას შემორჩენილი 8 გუნდიდან რომელს გაუმართლებს, უფრო ზუსტად, რომელი ოთხი გუნდი გააგრძელებს ბრძოლას ფინალში მოსახვედრად.
დამატებით ინტერესს იწვევს ის ფაქტიც, რომ თითქმის ოთხივე მატჩში შემორჩენილია ინტრიგა და დღევანდელი დაპირისპირებებიდან რომელიმეში მოვლენების დრამატულად განვითარებასაც ნუ გამოვრიცხავთ.
ზოგან, შესაძლოა, დამატებითი დრო დაინიშნოს, ზოგან - პენალტების სერია...
16.12. მცხეთა. "მცხეთა
პარკი". 13:30
ვიტ ჯორჯია-ზუგდიდი
(პირველი მატჩი 0:1)
დისკვალიფიკაცია: ლევან წურწუმია (ზუგდიდი)
ურთიერთშეხვედრები თასზე
1: +0 =0 -1, 0:1
ისე, როგორც ამ გუნდებს შორის გასამართი პირველი მეოთხედფინალური მატჩის წინ, ამჯერადაც ძალიან ძნელია, რომელიმე გუნდს ფავორიტის სტატუსი რომ მივანიჭოთ, თანაც, ამ შემთხვევაში საერთოდაც უადგილოდ გვეჩვენება იმ ფაქტის ხსენება, რომ მეტოქეები დღესდღეობით სხვადასხვა ლიგაში გამოდიან: "ზუგდიდი" - უმაღლესში, "ვიტ ჯორჯია" - პირველში. ვიტ ჯორჯია-ზუგდიდი
(პირველი მატჩი 0:1)
დისკვალიფიკაცია: ლევან წურწუმია (ზუგდიდი)
ურთიერთშეხვედრები თასზე
1: +0 =0 -1, 0:1
დავანებოთ თავი ტრადიციასა თუ სტატისტიკას ("ვიტ ჯორჯია" ცამეტჯერ არის გასული მეოთხედფინალში, 2010 წელს კი სულაც თასი მოიგო): "ვეტერინარებმა" ამ გათამაშებაში უკვე არაერთი სიურპრიზი შემოგვთავაზეს და მეოთხედფინალამდე ჯერ "საბურთალოს" ბარიერი გადალახეს, მერე კი - ბათუმის "დინამოსი"!
არანაკლები სიურპრიზი იყო "ზუგდიდის" გამოსვლა მერვედფინალში, როცა ორი მატჩის ჯამში "დილას" აჯობა. თანაც, "ზუგდიდის" მწვრთნელ-ფეხბურთელებს დამატებითი მოტივაციაც ექნებათ: 1997 წლის შემდეგ ამ ქალაქის გუნდებს ხომ ნახევარფინალამდე არ მიუღწევიათ.
თუმცა არანაკლები მოტივაცია უნდა ჰქონდეს "ვიტ ჯორჯიას", რომლის მართლაც მარადიული პრეზიდენტის, გურამ რუხაძის აბსოლუტურ რეკორდს საქართველოში, ალბათ, ძალიან დიდი ხანი ვერავინ გააუმჯობესებს: მალე 20 წელიწადი გახდება, რაც ეს კაცი ამ კლუბს პატრონობს!
ეგ კი არა, მართლაც საინტერესოა, ევროპული "მასშტაბით" რამდენ პრეზიდენტს ექნება მსგავსი ან უკეთესი მაჩვენებელი? ალბათ, ძალიან ცოტას...
16.12. ქობულეთი. "ჩელე არენა". 13:30
შუქურა-ჩიხურა
(პირველი მატჩი 0:2)
დისკვალიფიკაცია: გიორგი განუგრავა (ჩიხურა)
ურთიერთშეხვედრები თასზე
5: +0 =0 -5, 2:18
მასპინძლები ძალიან რთული ამოცანის წინაშე დგანან: ნახევარფინალში გასასვლელად, სულ მცირე, ორბურთიანი სხვაობით უნდა მოიგონ და, შესაძლოა, ესეც არ აღმოჩნდეს საკმარისი. შუქურა-ჩიხურა
(პირველი მატჩი 0:2)
დისკვალიფიკაცია: გიორგი განუგრავა (ჩიხურა)
ურთიერთშეხვედრები თასზე
5: +0 =0 -5, 2:18
თანაც, ბევრისთვის მოულოდნელად, არცთუ ურიგო კონტინგენტის მქონე "შუქურა" ამ ბოლო დროს ერთობ წარუმატებლად თამაშობს: თეიმურაზ შალამბერიძის დამოძღვრილ გუნდს ჩემპიონატსა და თასზე უკვე ექვსი მატჩია, არ მოუგია!
საპირისპირო სიტუაცია (გნებავთ, განწყობა) უნდა იყოს მეტოქის ბანაკში: გამოცდილი სპეციალისტის, სოსო ფრუიძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ჩიხურამ" ბოლო ექვსი მატჩიდან ხუთი მოიგო და მხოლოდ ერთი წააგო.
აღსანიშნავია, რომ ამ ორი კვირის განმავლობაში "შუქურა" და "ჩიხურა" მესამედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს: პირველი სათასო მეოთხედფინალური მატჩის მსგავსად, ჩემპიონატის შეხვედრაშიც იმარჯვეს; ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ორი მატჩი სულაც ოთხდღიან ინტერვალში ჩატარდა...
16.12. ბოლნისი. "თ. სტეფანია". 13:30
სამტრედია-სიონი
(პირველი მატჩი 0:0)
დისკვალიფიკაცია: ოთარ კობახიძე, დიმიტრი ტატანაშვილი (ორივე სიონი) - გაბრიელ თებიძე (სამტრედია)
ურთიერთშეხვედრები თასზე
1: +0 =1 -0, 0:0
ამ წყვილში ფავორიტის სტატუსს ვერც პირველ მატჩამდე მივანიჭებდით რომელიმე გუნდს და ვერც საპასუხო მეოთხედფინალური დაპირისპირების წინ. ანუ იმის თქმა გვსურს, რომ ორივე გუნდს აბსოლუტურად თანაბარი შანსი აქვს, ნახევარფინალში გავიდეს. მით უფრო, რომ პირველი მატჩის შედეგი ისეთია, უპირატესობას ვერც ერთ გუნდს ვერ მიანიჭებს ვერავინ. სამტრედია-სიონი
(პირველი მატჩი 0:0)
დისკვალიფიკაცია: ოთარ კობახიძე, დიმიტრი ტატანაშვილი (ორივე სიონი) - გაბრიელ თებიძე (სამტრედია)
ურთიერთშეხვედრები თასზე
1: +0 =1 -0, 0:0
უბრალოდ, მეტოქეებმა ბოლო მატჩებში სხვადასხვა შედეგი აჩვენეს: "სამტრედიამ" ჩემპიონატში ზედიზედ სამი მოგებით პირველი წრე მეხუთე ადგილზე დაასრულა, "სიონი" კი ზედიზედ ორი წაგების შემდეგ მეოთხე ადგილამდე ჩამოქვეითდა.
არადა, ძნელი სათქმელია, როგორი იქნებოდა ქვემოქართლელთა შედეგები, ვარლამ კილასონიას საკადრო პრობლემები რომ არ შექმნოდა პირველი წრის მიწურულს: დისკვალიფიცირებული და ტრავმირებული ფეხბურთელების სიმრავლის გამო "სიონი" პირველ სამეულსაც დაშორდა (ოღონდ, მცირედით) და დღესაც ურთულესი თამაში ელოდება გუნდთან, რომელთანაც... 4 დღის წინათ დამარცხდა ასევე საშინაო შეხვედრაში!
ჰო, "შუქურა"-"ჩიხურას" წყვილის მსგავსად, ამ შემთხვევაშიც იგივე სიტუაციაა: "სიონმა" და "სამტრედიამ" ორი კვირის განმავლობაში ერთმანეთში მესამე ოფიციალური მატჩი უნდა ჩაატარონ. ისე, საკადრო პრობლემა დღეს "სამტრედიის" მთავარ მწვრთნელს, გია ცეცაძესაც ექნება, თანაც, სერიოზული: ძირითადი მეკარე გაბრიელ თებიძე დისკვალიფიცირებულია.
..."სიონი" მეათედ არის გასული საქართველოს თასის მეოთხედფინალში, "სამტრედია" კი - მეხუთედ, საუკეთესო შედეგი კი ორივესათვის ფინალისტობაა (თითო-თითოჯერ).
16.12. თბილისი. "დინამო არენა". 16:00
დინამო (თბ)-ტორპედო
(პირველი მატჩი 1:0)
დისკვალიფიკაცია: ლაშა შინდაგორიძე (ტორპედო)
ურთიერთშეხვედრები თასზე
6: +4 =2 -0, 10:3
სამი ნახევარფინალისტი უკვე გამოვლენილი იქნება, როცა ძველი მეტოქეების დაპირისპირება დაიწყება, სადაც, ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი გარკვეული უნდა იყოს: 23 ოქტომბრიდან მოყოლებული, თბილისის "დინამომ" ზედიზედ ცხრა მატჩი მოიგო და მათ შორის, პირველი სათასო დაპირისპირებაც. დინამო (თბ)-ტორპედო
(პირველი მატჩი 1:0)
დისკვალიფიკაცია: ლაშა შინდაგორიძე (ტორპედო)
ურთიერთშეხვედრები თასზე
6: +4 =2 -0, 10:3
იმ შეხვედრაში თავი გამოიჩინა დინამოელთა ცენტრფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ, რომელიც მოედანზე 75-ე წუთზე გამოჩნდა და სამიოდ წუთში გამარჯვების მომტანი გოლიც გაიტანა.
..."დინამოსა" და "ტორპედოს" თითქმის ყველა დაპირისპირება მუდამ დიდ ინტერესს იწვევდა და გამონაკლისი არც სათასო მატჩები იყო. თუმცა, საქართველოს თასის გათამაშების 25-წლიან ისტორიაში ქუთაისელებს ჯერჯერობით არც ერთი შეხვედრა არ მოუგიათ თავიანთი პრინციპული მეტოქისთვის: ორჯერ მათი გზები ნახევარფინალში გადაიკვეთა, ერთხელ კი - ფინალში.
ეს ბოლო მატჩი (2004 წელს რომ გაიმართა) იმითაც იყო საინტერესო, რომ "დინამოს" მთავარი მწვრთნელი მაშინაც გია გეგუჩაძე გახლდათ (რომლისთვისაც პირველი სამწვრთნელო ტიტული იყო), ხოლო ქუთაისელთა იმდროინდელი გუნდის ორი ნახევარმცველი, შოთა ბაბუნაშვილი და გიორგი ნერგაძე დღესდღეობითაც "ტორპედოში" თამაშობენ.
ძალიან საინტერესო ფინალი გამოდგა, რომლის პირველი ტაიმიც ოთარ გაბელიას დამოძღვრილმა "ტორპედომ" მოიგო (გოლი მართლაც მოუხელთებელმა ფორვარდმა სულიკო დავითაშვილმა გაიტანა), შესვენების შემდეგ კი დინამოელთა მცველების, შოთა კაშიასა და ლევან სილაგაძის ზუსტი დარტყმების შემდეგ თბილისურმა გუნდმა თავისი მორიგი ტიტული მოიპოვა.
არანაკლებ საინტერესო იყო ამ გუნდების პირველი სათასო დაპირისპირებაც, როცა 1992/93 წლების თასის გათამაშების ნახევარფინალში გივი ნოდიას ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დინამომ" ორივე მატჩი (3:0, 3:1) მოუგო კიდევ ერთი გამორჩეული მწვრთნელისა და პიროვნების, გიგა ნორაკიძის დამოძღვრილ "ტორპედოს".
აღსანიშნავია, რომ პირველ მატჩში ჰეთ თრიკი შეასრულა შოთა არველაძემ, საპასუხოში კი 2 გოლი არჩილ არველაძემ გაიტანა, ერთიც - შოთამ! საერთოდაც, იმ გათამაშებაში "დინამომ" მეტოქეთა კარში 31 გოლი გაიტანა და აქედან ნახევარზე მეტი ძმები არველაძეების ანგარიშზე იყო: აჩიკომ 8 გოლი გაიტანა, შოთამ - 7, რეზომ - 6! ბარემ, იმასაც ვიტყვით, რომ ძმები არველაძეების "გოლაობა" იმ გათამაშების ფინალშიც გაგრძელდა, როცა თბილისის "დინამომ" ბათუმის "დინამოს" 4:2 მოუგო: რეზომ დუბლი შეასრულა, შოთა და აჩიკო კი თითო გოლს დასჯერდნენ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"