11:35 17-12-2015
დინამო (თბ)-ტორპედო 2:1 - შთამბეჭდავი სერიის გაგრძელება [VIDEO]
AutoSharing Option
ამ ბოლო დროს აშკარად სახეშეცვლილი "ტორპედო" კი მთელ რიგ ეპიზოდებში ისე გამოიყურებოდა, ამ გუნდისგან მეორე წრეში ბევრს რომ უნდა ველოდოთ. გუშინდელ მატჩში ქუთათურთა გუნდი შეცვლილი შემადგენლობით გამოვიდა: 18 წლის ანრი ჭიჭინაძისა და 20 წლის თენგიზ ბრეგვაძის ძირითადში გამოჩენას უკვე მივეჩვიეთ.
სამაგიეროდ, ოფიციალურ შეხვედრაში (თანაც, ასეთი მეტოქის წინააღმდეგ) პირველი მატჩი ჩაატარა 17 წლის ცენტრფორვარდმა გაბრიელ საღრიშვილმა და მართლაც მშვენიერი დებიუტი ჰქონდა!
თუმცა ამაზე ქვემოთ, მანამდე კი 2015 წლის უკანასკნელი ქართული ოფიციალური მატჩის პერიპეტიებზე ვისაუბროთ, რომლის დასაწყისშივე ნათელი გახდა, რომ საინტერესო 90 წუთი (შესაძლოა, მეტიც) გველოდა.
...პირველი სახიფათო მომენტი სტუმრებმა შექმნეს, როცა თენგიზ ბრეგვაძის პასის შემდეგ ირაკლი კლიმიაშვილი შეუჩერებლად ურტყამდა, მაგრამ ლიბორ ჰრდლიჩკამ რთული ბურთი მოიგერია. სლოვაკ კოლეგას არც რევაზ თევდორაძე ჩამორჩა: "ტორპედოს" მეკარემ ოთარ კაკაბაძეს არ დაანება გოლის გატანა.
რამდენიმე წუთში ისევ შედგა ამ ორი ფეხბურთელის "დუელი" და თევდორაძემ ამჯერადაც იყოჩაღა; ერთ ეპიზოდში კი მასპინძელთა საუკეთესო ბომბარდირის, გიორგი ქვილითაიას თავური დარტყმა მიზანს ოდნავ ასცდა, - პასი (თანაც, მართლაც დიდებული) კი თანაგუნდელს დინამოელთა კაპიტანმა ალექსანდრე იაშვილმა მისცა. "იაშკამ" გუშინ (ისე, როგორც, საერთოდ, ამ სეზონში) კიდევ ერთი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა და მორიგი საგოლე პასიც მიითვალა - მის შორეულ და უზუსტეს გადაცემას გიორგი ქვილითაიას მიერ სწორად შერჩეული პოზიცია და, რაც მთავარია, ზუსტი დარტყმა მოჰყვა - 1:0.
სტუმრებს ძალიან მალე შეეძლოთ ანგარიშის გათანაბრება: "ტორპედოს" ერთიმეორეზე გამორჩეულმა ორმა ვეტერანმა მშვენიერი კომბინაცია გაითამაშა, მაგრამ შოთა ბაბუნაშვილის პასის მერე გიორგი ნერგაძის თავური დარტყმა მიზანს ოდნავ ასცდა.
პირველი ტაიმის ბოლომდე ტემპი არ დაგდებულა და თამაშიც ორმხრივ იერიშებში მიმდინარეობდა: ვაჟა ტაბატაძისა და დათა სიჭინავას საშუალო მანძილიდან დარტყმული ბურთების მოგერიება ჰრდლიჩკას არ გასჭირვებია, ალექსანდრე იაშვილმა კი მახვილი კუთხიდან ბურთი მეტოქის კარის ბადეს გარედან მოარტყა.
სტუმრებს დასაკარგავი არაფერი ჰქონდათ და მეორე ტაიმი ენერგიულად დაიწყეს; ხშირად ერთვებოდა შეტევებში "ტორპედოს" მარცხენა მცველი ვაჟა ტაბატაძე, რომელმაც კიდევ ერთხელ მოსინჯა ლიბორ ჰრდლიჩკას საიმედოობა.
აი, მომდევნო ეპიზოდში კი სტუმრებს აქტიურობა დაუფასდათ: ირაკლი კლიმიაშვილის შორეული და ძლიერი დარტყმა "დინამოს" მეკარემ ჩინებულ ნახტომში მოიგერია, მაგრამ ბრეგვაძემ ბურთს, ფაქტობრივად, ხაზზე მიუსწრო, საჯარიმოში ჩააბრუნა და იქ კი ყველას დებიუტანტმა გაბრიელ საღრიშვილმა დაასწრო, რომლის ზუსტმა თავურმა დარტყმამაც მატჩს ინტრიგა კიდევ უფრო შემატა!
ანუ ნახევარფინალში გასასვლელად სტუმრებს ხომ ერთი გოლიღა სჭირდებოდათ, თუმცა, მატჩის ბოლომდე სახიფათო მომენტ(ებ)ი რასაც ჰქვია, მხოლოდ "დინამოს" ჰქონდა და თამაშის სათავისოდ "შემობრუნებაში" დიდი როლი შეასრულა მასპინძელთა თავკაცის, გია გეგუჩაძის მიერ განხორციელებულმა ეფექტიანმა ცვლილებამ - საბა ლობჟანიძე ენერგიულად ჩაერთო თამაშში და სწორედ მის აქტიურობას მოჰყვა კიდეც მასპინძელთა არჩათვლილი გოლი. იაშვილმა მორიგი ჩინებული პასით ლობჟანიძე მოძებნა, რომლის "მოჭრილად" დარტყმული ბურთი ჯერ ძელს მოხვდა, მერე - თევდორაძეს, ყველაფერი კი ქვილითაიას გოლით დასრულდა, თუმცა... ლაინსმენმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.
ამ ეპიზოდს თუ დინამოელები აპროტესტებდნენ, მოგვიანებით უკვე "ტორპედოს" ფეხბურთელები არ ეთანხმებოდნენ არბიტრის გადაწყვეტილებას, როცა სტუმართა საჯარიმოში ანრი ჭიჭინაძისა და რენე ფერეირას ორთაბრძოლას პენალტი და ქუთაისელთა ახალგაზრდა მცველის გაძევება მოჰყვა. პენალტი კი ზუსტად შეასრულა მათე ცინცაძემ და ამ გოლით, ფაქტობრივად, ნახევარფინალისტის ვინაობაც გაირკვა.
მატჩის ბოლომდე "დინამოს" კიდევ შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ საბა ლობჟანიძის, გიორგი გურულის, ოთარ კაკაბაძისა და ჯაბა ჯიღაურის მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია. დაბოლოს, კიდევ ერთ და მართლაც სასიამოვნო ფაქტზე: გუშინდელი მატჩის მიწურულს მოედანზე გამოჩნდა 20 წლის ნიკა ჭანტურია, რომელსაც უმძიმესი ტრავმის გამო ცხრა თვე გაუცდა.
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩი
16.12. თბილისი. "დინამო არენა"
დინამო (თბ)-ტორპედო 2:1
(პირველი მატჩი 1:0)
გოლები: 1:0 ქვილითაია (19. იაშვილის პასით), 1:1 საღრიშვილი (49. ბრეგვაძის პასით), 2:1 ცინცაძე (74-პენ)
დინამო (4-4-2): ჰრდლიჩკა - კაკაბაძე, გველესიანი, რენე ფერეირა, გურული - ჯიღაური, მ. ცინცაძე, პარუნაშვილი, ჯანელიძე (58. ლობჟანიძე) - ა. იაშვილი (87. ჭანტურია), გ. ქვილითაია (84. არაბული).
სათადარიგოები: გ. თევზაძე, ზ. ჭელიძე, ვოლკოვი, ბეგაშვილი
მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
ტორპედო (4-1-4-1): რ. თევდორაძე - ტაბატაძე, ჭიჭინაძე, ნერგაძე, ქიმაძე - კლიმიაშვილი - დ. სიჭინავა, კუხიანიძე, ბაბუნაშვილი, ბრეგვაძე - საღრიშვილი.
სათადარიგოები: კირკიტაძე, ფანცხავა, ნიკონოვი, ნაცვლიშვილი, ბურჯანაძე, ფურცხვანიძე, ხაინდრავა
მწვრთნელი: ალექსანდრ შტელინი
გაძევება: ჭიჭინაძე (73)
არბიტრი: ლ. სილაგავა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ასეთი უინტერესო ჩემპიონატი სადმე არის კიდევ ? :D
0
0
ძალიან მაგრად ითამაშა ტორპედომ,ასე უნდა გაგრძელება!
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული