15:00 19-12-2015
როგორ მოვიგერიოთ პენალტი - "რეცეპტი" მირზა მერლანისგან [VIDEO]
AutoSharing Option
ბოლნისური დრამის გმირს გუშინ დავუკავშირდით და ინტერვიუ ვთხოვეთ...
- პირველ ყოვლისა, გილოცავთ ნახევარფინალში გასვლას! მირზა, რამ განაპირობა "სიონის" გამარჯვება ორრაუნდიან სათასო დუელში?
- მადლობა მოლოცვისთვის! ყველამ თავი დავდეთ და შესაბამისი შედეგიც მივიღეთ. სულ ცოტა ხნის წინათ "სამტრედიას" ჩემპიონატის მატჩში ვეთამაშეთ და წავაგეთ. ის მარცხი ჩვენმა შეცდომებმა განაპირობა. ორი გოლი არაფრიდან გავუშვით და მერე ძალიან გაჭირდა თამაშის შემოტრიალება.
- თამაშის წინ სპეციალურად ვარჯიშობდით პენალტების მოგერიებაზე?
- როცა თასზე თამაშობ და პირველი მატჩი ასეთი ანგარიშითაა დასრულებული, მაშინ უნდა ელოდო პენალტების სერიას. მაგრამ, სიმართლე გითხრათ, წინასწარ ამისთვის არასოდეს მივარჯიშია. საამისოდ, ახლა ძალიან ბებერი ვარ, ჯობია, ახალგაზრდებმა ივარჯიშონ (იცინის).
საერთოდ, პენალტების სერია ნაღდი ლატარიაა. მოხდა ისე, რომ გაგვიმართლა.
- მაშინ, ის მაინც უთხარით ახალგაზრდებს, როგორია პენალტის მოგერიების მერლანისეული რეცეპტი?
- კუთხე არასოდეს ამირჩევია, სულ ბურთს ვუყურებ. მიმაჩნია, რომ მეკარემ პენალტის დროს ბურთს უნდა უყუროს.
- საქართველოს ჩემპიონატზე რას იტყვით? საით მივდივართ? ან თუ მივდივართ, საერთოდ?
- მივდივართ, მაგრამ... სამწუხაროდ - უკან. ახალგაზრდა რომ ვიყავი, მაშინ უკეთესი ჩემპიონატი გვქონდა. მახსოვს, "ვიტ ჯორჯიაში" რომ ვთამაშობდი, მაშინ 20 წლის ვიყავი, კარგი პირველობა იყო.
- თქვენ ყველაზე გამოცდილი ხართ "სიონში" დავით სვანიძესთან ერთად. ამ გამოცდილებას ახალგაზრდა პარტნიორებს თუ უზიარებთ?
- მხოლოდ თამაშამდე ან თამაშის დასრულების შემდეგ. შანსი არაა, მატჩის მიმდინარეობის დროს რამე ზედმეტი ვთქვა. მხოლოდ სათამაშო ნიუანსები - იმას გაყევი, ამას გამოყევი!..
- გუნდში რამდენიმე ახალგაზრდა, ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. რას იტყვით მათზე?
- ამ ბიჭებთან ერთად ყოფნა ერთი სიამოვნებაა. მიმაჩნია, რომ არა მხოლოდ ბოლნისის "სიონს", არამედ ზოგადად ქართულ ფეხბურთს, საქართველოს ნაკრებსაც კი გამოადგებიან. რაც მთავარია, მათ ვარლამ კილასონიასთან უწევთ მუშაობა. არ არსებობს, კილასონიამ ფეხბურთელი შეზღუდოს. ის შემტევ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას და ახალგაზრდებიც თავიდანვე ასეთ ფეხბურთს ეჩვევიან.
საერთოდ, კილასონიას დიდი დამსახურებაა, "სიონს" ასეთი შედეგები რომ აქვს. მწვრთნელსა და გუნდს ბოლომდე ესმით ერთმანეთის.
- "სიონისთვის" სეზონის პირველ ნაწილს როგორ შეაფასებდით?
- ხუთიანს დავუწერდი გუნდს! ჩვენ ძალიან კარგი შედეგი ვაჩვენეთ. თან, ისიც გაითვალისწინეთ, რომ შეკრებაც არ გაგვივლია.
- ფეხბურთელი და რეჟიმი თანამედროვე საქართველოში - როგორ უყურებთ ამ თემას?
- რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი თემაა. თუნდაც ჩემს მაგალითზე გეტყვით - რეჟიმი რომ ბოლომდე დამეცვა, უფრო მაღალ დონეზე ვითამაშებდი. თუმცა ახლა ისიც ვთქვათ, რა ვითარებასა და პირობებში უწევთ თამაში ჩვენს ახალგაზრდა ფეხბურთელებს. გუნდების უმრავლესობას ელემენტარული პირობები რომ ჰქონდეს, თუნდაც - ფინანსები და ბაზები, ასეთი მდგომარეობა არ გვექნებოდა.
დამიჯერეთ, ფეხბურთელს საქართველოში აღებული 2 000 ლარი ურჩევნია სხვაგან აღებულ 3 000 ლარს. მთავარია, ელემენტარული პირობები იყოს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ბოლო თამაში 6 მცველით ითამაშეთ და ეგ არის შეტევითი ფეხბურთი?
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული