10:37 06-05-2016
ჩიხურა-დინამო (თბ) 1:2 - გასვლა სჯობდა თუ გაუსვლელობა? [VIDEO]
AutoSharing Option
"ჩიხურა" კი მართლაც უცნაურ მდგომარეობაში იმყოფებოდა: "დინამოსთან" პირველ ნახევარფინალურ მატჩში 3 "მშრალი" გოლით წაგების "ამოქაჩვის" იმედი აშკარად არარეალური ჩანდა; მე-4 ადგილის დაბევებისთვის მომდევნო საჩემპიონატო მატჩში აუცილებლად უნდა დაამარცხონ ბოლნისის "სიონი", მაგრამ ევროპალიგის საგზურის მოსაპოვებლად ესეც არ კმარა - თბილისელებმა ჩემპიონობას თასიც უნდა დაუმატონ. ეს კი, ვაღიაროთ, ფინალისტ "დინამოს" მეტი ალბათობით ხელეწიფება, ვიდრე "ჩიხურას".
ამიტომაც ვერავინ გაამტყუნებს სოსო ფრუიძეს, ძირითადი შემადგენლობის 6 მოთამაშე რომ დაასვენა. "დინამოც" რამდენადმე გადახალისებული სასტარტოთი გავიდა მოედანზე...
სათადარიგოების გამოყვანას სხვანაირი სარგებელიც აქვს: ისინი თავდაუზოგავად იბრძვიან ძირითადში ადგილის მოპოვებისთვის. ასეც მოხდა - ორივე გუნდმა დაიცვა "სამართლიანი თამაშის" პრინციპი.
უფრო აქტიური (ვფიქრობთ - ზეაქტიურიც) "ჩიხურა" იყო. მან მთელი პირველი ტაიმის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ გააკარა მეტოქე თავისი საჯარიმო მოედნის სიახლოვეს, თვითონ კი გამუდმებით უტევდა, მაგრამ კაკაშვილის, ენუქიძის, ჯოხაძის (სამჯერ), მუმლაძის, მეგრელიშვილისა და სხვათა თავგამოდება დიდხანს არ აღმოჩნდა საკმარისი გოლის გასატანად.
ვერც დინამოელი მცველების რამდენიმე ბავშვური შეცდომა იქნა გამოყენებული, თორემ საჩხერელები პირველივე ტაიმში იმსახურებდნენ ერთის ნაცვლად მინიმუმ სამ გოლს. პირიქით, 21-ე წუთზე კინაღამ გაიტანა ჭანტურიშვილმა, მერე კი კუპატაძემ ივაჟკაცა ქვილითაიას დარტყმულზე, რომელიც აუღებელი ჩანდა.
მასპინძლებმა გოლი 31-ე წუთზე იზეიმეს - ლოვრეჩიჩის ზუსტ პასს დროულად გამოეხმაურა დეკანოიძე და 1:0.
მეორე ტაიმში "ჩიხურა" მეტოქეზე ზეწოლას კი განაგრძობდა, მაგრამ იმდენი აღარ გააბედვინეს. "დინამო" მეთოდურად ანეიტრალებდა შეტევებს და 68-ე წუთზე, იაშვილის დიდებული პასის შემდეგ, ქვილითაიამ ანგარიშიც გაათანაბრა - დაუცველ კარში შეაგორა ბურთი.
ამით საჩხერელთათვის ყველაფერი დამთავრდა. ბოლოსკენ, ისარგებლეს რა მასპინძელთა გადაღლილობითა და გატეხილი ფსიქოლოგიით, მეორეც (გურული) შეაგორეს კუპატაძის კარში.
და მაინც, შეეძლოთ საჩხერელებს პრესტიჟული ფრის მიღწევა, მაგრამ 71-ე წუთზე ერთი პატარა სასწაულიც მოხდა: კიდევ უფრო უკეთეს მდგომარეობაში მყოფმა კაკაშვილმა, ნაცვლად იმისა, რომ ფეხის წვერის უბრალო შეხებით ბურთისთვის კარში მიეჩინა ადგილი, ძლიერად დაარტყა, აეჭრა და... მეტოქის საჯარიმო მოედნიდან აქეთ გამოიტანა...
საქართველოს თასი. 1/2-ფინალი. საპასუხო მატჩი
05.05. ივანწმინდა
ჩიხურა-დინამო (თბ) 1:2
გოლები: 1:0 დეკანოიძე (31. ლოვრეჩიჩის პასით), 1:1 ქვილითაია (68. იაშვილის პასით), 1:2 გურული (90)
ჩიხურა: კუპატაძე, კუსიანი, მეგრელიშვილი, კაკაშვილი, მუმლაძე, დეკანოიძე, ენუქიძე, ჭეჭელაშვილი (46. დობროვოლსკი), ლოვრეჩიჩი, კაშია (71. განუგრავა), ჯოხაძე (62. რეხვიაშვილი).
სათადარიგოები: მწყერაშვილი, გაბაძე, ვუკასოვიჩი, ჩიკვაიძე
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
დინამო: ბეგაშვილი, უ. ლობჟანიძე, ამისულაშვილი, ქვილითაია, იაშვილი (74. არაბული), კიტეიშვილი (62. ალვარო), პარუნაშვილი, თევზაძე (46. გურული), ფერეირა, ჯიღაური, ჭანტურიშვილი.
სათადარიგოები: ჰრდლიჩკა, ს. ლობჟანიძე, გველესიანი, ჭელიძე
მწვრთნელი: იურაი იარაბეკი
გაფრთხილება: მეგრელიშვილი (38), ჭანტურიშვილი (38), ენუქიძე (46)
არბიტრი: ლაშა სილაგავა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული