საქართველოს თასი. 1/4 ფინალის წინ: ოთხი სათასო დერბი

AutoSharing Option
ამ უქმეებზე, უმაღლესი ლიგის მატჩების უმეტესობა არცთუ სახარბიელო კლიმატურ პირობებში ჩატარდა (ჩვენი მოედნების მდგომარეობაც არ უნდა დაგვავიწყდეს). თუ სინოპტიკოსებს ვენდობით, დღესაც უამინდობას უნდა ველოდოთ საქართველოში, მაგრამ ოქტომბრისთვის უჩვეულო სუსხის მიუხედავად, ოთხი "ცხელი წერტილი" მაინც გვეგულება: დღეს საქართველოს დავით ყიფიანის თასის მეოთხედფინალური მატჩებია!

ეს ერთმატჩიანი თამაშებია და გამარჯვებულის ვინაობას დღესვე შევიტყობთ. ბარე აქვე იმასაც გეტყვით, რომ ნახევარფინალური შეხვედრები 2 ნოემბერს გაიმართება, ფინალი კი 22 ნოემბერს...

19.10. ივანწმინდა. 15:00
ჩიხურა-სამტრედია

როცა თასის მეოთხედფინალების წილისყრა ჩატარდა, ყველაზე საინტრიგო წყვილად, რაღა თქმა უნდა, ეს
"იმერული დერბი" შეფასდა; ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, სწორედ "ჩიხურა" და "სამტრედია" არიან ის გუნდები, ჩემპიონატში დამაჯერებლად რომ ლიდერობენ თავიანთ ჯგუფებში.

ეგ კი არა, დღესდღეობით ისეთი სიტუაციაა, რომ სწორედ ამ ორ იმერულ გუნდს შორის უნდა გაიმართოს საჩემპიონო პლეი ოფის მატჩი.

თუმცა, სჯობს, მოვლებს არ გავუსწროთ და ის ვთქვათ, რომ ორივე გუნდისათვის სათასო ბატალიები დამატებითი სტიმულიც უნდა იყოს და ამავდროულად, დამატებითი თავსატეხიც.

სტიმული იმიტომ, რომ არც "ჩიხურას" და არც "სამტრედიას" არასდროს მოუგიათ საქართველოს თასი; არადა, საჩხერელთა გუნდის "მარადიული" თავკაცის, სოსო ფრუიძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ჩიხურამ" ორჯერ ითამაშა ფინალში, "სამტრედია" კი ერთადერთხელ გავიდა ფინალში...

აი, რაც შეეხება დამატებით თავსატეხს, ამ შემთხვევაში, რაღა თქმა უნდა, "ორ ფრონტზე" ბრძოლას ვგულისხმობთ: როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორივე გუნდს საჩემპიონო ამბიციაც გააჩნია (საფუძვლიანადაც) და როგორი საქმეა, ჩემპიონატში ისედაც გადატვირთული კალენდარს სათასო მატჩებიც რომ დაემატება.

აქვე, იმასაც შეგახსენებთ, რომ ეს გუნდები შარშან დაუპირისპირდნენ ერთმანეთს თასის ნახევარფინალში და ორივე მატჩი "სამტრედიამ" მოიგო. თუმცა, ეს მხოლოდ სტატისტიკაა და დღეს მართლაც ვერავინ იტყვის, თუ რომელი გუნდია ამ წყვილში ფავორიტი.

ეს, იმის მიუხედავად, რომ "ჩიხურამ" ბოლო ოფიციალური მატჩი საკუთარ მოედანზე 20 აგვისტოს მოიგო, ხოლო გია ცეცაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "სამტრედიას" კი, მიმდინარე სეზონში (თასზეც და ჩემპიონატშიც) არც ერთი შეხვედრა არ წაუგია...

19.10. ვანი. გრ. ნიკოლეიშვილი. 15:00
სულორი-ტორპედო

საქართველოს თასის გათამაშების 27-წლიან ისტორიაში, რამდენიც გნებავთ, იმდენი შემთხვევა ყოფილა, როცა პირველი ლიგის წარმომადგენელს მეოთხედფინალში კი არა, ნახევარფინალშიც უთამაშია.

თუმცა, ამის მიუხედავად, პირველლიგელი "სულორის" ასპარეზობა თასის მიმდინარე გათამაშებაში მხოლოდ და მხოლოდ სენსაციურად და წარმატებულად უნდა შეფასდეს! თავად განსაჯეთ: პირველ ლიგაში წლეულს დაბრუნებულმა "სულორმა" თასის წლევანდელი გათამაშების წინასწარ ეტაპზე ამბიციურ "რუსთავს" მოუგო, შემდეგ კი (შესაბამისად, 1/16 და 1/8 ფინალში) უმაღლესი ლიგის გუნდებს - "ზუგდიდსა" და "გურიას".

ვანელთა გუნდს ახალგაზრდა სპეციალისტი გიგა ნიკოლეიშვილი წვრთნის, შემადგენლობაში რამდენიმე ფეხბურთელია, სხვადასხვა დროს უმაღლეს ლიგაში რომ უთამაშია და მათგან შემტევები უნდა გამოვყოთ: 25 წლის გიგა ამბროლაძე, 28 წლის ნიკა კვასხვაძე და 33 წლის გაგა ჩხეტიანი.

მოკლედ, "ჩიხურა"-"სამტრედიას" დაპირისპირების მსგავსად, კიდევ ერთი "იმერული დერბიც" დიდ ინტერესს გვპირდება, მით უფრო, რომ ვანელი გულშემატკივრები ნამდვილად არ არიან განებივრებულნი ისეთი გუნდის სტუმრობით, როგორიც "ტორპედოა".

თბილისის "დინამოს" შემდეგ ხომ სწორედ "ტორპედოა" ტიტულების რაოდენობით მეორე ადგილზე საქართველოში და აი, ასეთი გუნდი უნდა დაუპირისპირდეს პირველლიგელ მეტოქეს; სხვათა შორის, "ტორპედო" საქართველოს თასის ფინალში ექვსჯერ არის გასული (ბოლოს - 5 წლის წინათ), მაგრამ მხოლოდ ორჯერ მოუგია ეს პრიზი.

19.10. მარტვილი. მ. ხურცილავა. 15:00
მერანი-კოლხეთი
დისკვალიფიკაცია: ანდრო გიორგაძე (მერანი) - თამაზ ჟიშკარიანი (კოლხეთი)

კიდევ ერთი მეოთხედფინალი, სადაც ასევე ერთი რეგიონის გუნდები უნდა დაუპირისპირდნენ ერთმანეთს: "მეგრული დერბიც" არანაკლებ ინტერესს იწვევს და ამ შემთხვევაში ნამდვილად აღარ აქვს მნიშვნელობა, "მერანი" და "კოლხეთი" დღესდღეობით სხვადასხვა ლიგაში რომ გამოდიან.

"სულორის" მსგავსად, "მერანმაც" უმაღლესი ლიგის გუნდები ჩამოიცილა მეოთხედფინალამდე და ისიც სათქმელია, რომ ორივე მეტოქე ერთმანეთზე ამბიციური იყო (ბათუმის "დინამო" და "დილა").

ამას გარდა, "მერანი" პირველ ლიგაში თავის ჯგუფშიც ერთ-ერთ გამოკვეთილ ფავორიტად მიიჩნევა და თუ გიორგი მიქაძის დამოძღვრილი გუნდის შემადგენლობას გადავხედავთ, ეს ფაქტი არავის უნდა გაუკვირდეს: ზურაბ მამალაძეს, სერგი ორბელაძეს, ვაჟა ლომაშვილს, შოთა ჯიქიას, რევაზ გეწაძეს, ლაშა ჩალაძეს, ნიკა საბანაძეს, გიორგი ციმაკურიძეს, კიჭი მელიავასა და აკაკი შულაიას წარდგენა არ სჭირდებათ ქართველი გულშემატკივრის წინაშე.

ისიც აღსანიშნავია, რომ "მერანი" უკვე მეხუთედ არის გასული თასის მეოთხედფინალში და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ წინა ოთხ შემთხვევაში მარტვილელთა გუნდის ამ წარმატებების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი მალხაზ ჟვანია გახლდათ, რომელიც იმ დროს მოძღვრავდა "მერანს".

რაც შეხება "კოლხეთს", ის მეთერთმეტედ გავიდა თასის ნახევარფინალში (უკანასკნელად - 2010 წელს), თუმცა ნახევარფინალის საგზური ერთადერთხელ (ისიც, 1994 წელს) მოიპოვა.

19.10. თბილისი. დინამო არენა. 17:00
დინამო (თბ)-ლოკომოტივი
დისკვალიფიკაცია: გიორგი პაპუნაშვილი, რენე ფერეირა (ორივე - დინამო)

სათასო დღეს დედაქალაქური დერბი დააგვირგვინებს: საქართველოს თასის 13-გზის მფლობელი "დინამო" ზედიზედ მეხუთედ შეეცდება ამ საპატიო პრიზის მოგებას, ხოლო "ლოკომოტივი" კი შვიდწლიანი პაუზის მერე არ ყოფილა ნახევარფინალში და ამ ხანგრძლივი ნავსის გატეხას დღეს შეეცდება.

თანაც, "ლოკომოტივისათვის" ნამდვილად არ არის "უცხო" თასის ფინალში გასვლა: 2000, 2002 და 2005 წლებში კი სულაც თასის მფლობელი გახდა. აქედან ერთხელ კი "ლოკომოტივისა" და "დინამოს" გზები თასის ნახევარფინალში გადაიყარა და ორრაუნდიან დაპირისპირებაში "ლოკომოტივმა" იმარჯვა (1:0, 0:0).

მერე, "ლოკომოტივმა" ფინალშიც გაიმარჯვა და იმასაც ვიტყვით, რომ გუნდს მწვრთნელთა "ტანდემი", ცხონებული სერგო კოტრიკაძე და გია ჯიშკარიანი მოძღვრავდნენ, კარში კი გიორგი ლომაია იდგა (დღესდღეობით, "დინამოს" მეკარე).

აი, "დინამოს" იმდროინდელ შემადგენლობაში კი ალექსანდრე ამისულაშვილი გამოდიოდა. ეს იყო მხოლოდ მეორე და უკანასკნელი შემთხვევა, სათასო დაპირისპირებებში "ლოკომოტივმა" რომ შეძლო ჩვენი ყველაზე ტიტულიანი მეტოქის გზიდან ჩამოცილება.

სულ პირველი შემთხვევა კი მართლაც სენსაციური იყო: 1998/99 წლების გათამაშების მერვედფინალში თემურ მახარაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ლოკომოტივმა" ორივე მატჩი ფრედ (0:0) ითამაშა იმ დროისათვის თასის ექვსგზის მფლობელ "დინამოსთან" და მერე, პენალტების სერიაშიაც აჯობა.

იმ პენალტების სერიის გმირი კი "ლოკომოტივის" მეკარე ლევან დოლაბერიძე გახლდათ, რომელიც თემურ მახარაძეს შეცვლაზე სწორედ პენალტებიის სერიის დაწყების წინ შემოჰყავდა...

აი, დანარჩენ შემთხვევებში კი "დინამო" უპრობლემოდ ამარცხებდა თასზე "ლოკომოტივს" და ორჯერ ეს ნახევარფინალურ სტადიაზეც მოახერხა: ივო შუშაკისა (2003 წელს) და კახა კაჭარავას (2009 წელს) ხელმძღვანელობით.

თუმცა ეს ყველაფერი ისტორიაა და დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ნამდვილად ვერავინ იტყვის, თუ რომელი გუნდია ფავორიტი ამ "დედაქალაქურ დერბიში"...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ჭკვიანი კი არა , ჭკვიანთა და ჭარბად განათლებულთა ტანდემია და ეწოდება კობიაშვილ-მუჯირი. ქართული ფეხბურთის კიდევ ერთი დამანგრეველი წყვილი.
Jango
13:21 19-10-2016
0
სამტრედია და საჩხერე ამ ეტაპზე არ უნდა ხვდებოდეს ერთმანეთს. Oრივე გუნდი საუკეტესოა ამ ეტაპზე... აქედან ერტ ერტი გავარდება და ფინალსჰი დაგრცჰებათ ვანი და ფოთი.. რომელ ჩკვიანს მოუვიდა აზრად ასეტი კენჩისყრა.. ან ერთ მატჩიანი შეხვედრა სად გაგიგიათ..
dato
12:39 19-10-2016
0

სიახლეები პოპულარული