ტურმა ლეო მესის გარეშე ჩაიარა; კრიშტიანო რონალდო მოედანზე კი იყო, მაგრამ თავი პორტუგალიელს არ გამოუჩენია.
28 აგვისტოს უკვე საპასუხო სუპერთასის ჯერია - "ბარსელონა" "ატლეტიკოს" მასპინძლობს. შეგახსენებთ, რომ პირველი თამაში 1:1 მორჩა.
პოლუსებზე
ლა ლიგის სასტარტო ორი ტური მიილია - მონაწილე გუნდების მეოთხედი უდანაკარგოდ მიიწევს წინ. "ბარსელონას", "რეალისა" და "ატლეტიკოს" ყოფნა 6-ქულიანთა შორის არავის გაუკვირდება, თუმცა ლიდერებში "ბილბაოს"(გასული სეზონი ჩააგდო) და "ვილიარეალის" (ახლახან დაუბრუნდა ლა ლიგას) გამოჩენა
ორი ტურით ვერ გამოვიტანთ შორსმიმავალ დასკვნებს, მაგრამ ფაქტია - ერნესტო ვალვერდემ ("ბილბაოს" თავკაცი) და მარსელინო გარსია ტორალმა (ვილიარეალი) თავიანთ გუნდებს შესანიშნავი სასტარტო განწყობა შეუქმნეს.
აი, ოთხ გუნდს კი ჯერ ქულაც არ მოუპოვებია: "ბეტისს", "ვალიადოლიდს", "მალაგას" და "ოსასუნას".
შესაძლოა, ბერნდ შუსტერის "მალაგას" აუტსაიდერთა შორის გამოჩენა, ერთი შეხედვით, საკვირველიც იყოს, მაგრამ გასათვალისწინებელია, როგორ დასუსტდა ანდალუსიური კლუბი მას მერე, რაც უეფამ დისკვალიფიკაცია ძალაში დატოვა, თანაც "მალაგას" ძლიერ მეტოქეებთან მოუწია ჭიდილმა (ვალენსია, ბარსელონა).
დაძაბული, მაგრამ იოლი
ტური გრანადაში დასრულდა, სადაც კარლო ანჩელოტიმ პირველი საგარეო მოგება ჩაიწერა აქტივში და კვლავ არ ათამაშა იკერ კასილიასი.
მეკარის თემას ცალკე თავს მივუძღვნით, მანამდე კი ვიტყვით, რომ მართალია, "რეალმა" მინიმალური სხვაობით (1:0) იმარჯვა, მაგრამ "სამეფო კლუბს" ურიგოდ არ უთამაშია. ქარიმ ბენზემას გოლის გარდა, "რეალს" მესუთ იოზილის ლამაზი გოლი არ ჩაუთვალეს (საჯარიმო მეტისმეტად სწრაფად გაათამაშეს), ლუკა მოდრიჩზე აშკარა წესების დარღვევა ვერ დაინახეს და სტუმართა სასარგებლოდ პენალტი არ დანიშნეს. თუმცა მანამდე პენალტის დანიშვნა დიეგო ბუონანოტესთან უხეშობისთვისაც შეიძლებოდა.
სხვათა შორის, ფრანგმა ფორვარდმა ორივე ტურში გაიტანა. გამარჯვების გოლი ასე გავიდა - ანხელ დი მარიას ჩაწოდებული საჯარიმოში ცოტა უხერხულად გააჩერა კრიშტიანო რონალდომ, პორტუგალიელს უნებურად საგოლე პასი გამოუვიდა.
ეს მატჩი "რეალის" ახალწვეულ ისკოსთვის 75-ე ლალიგური იყო კარიერაში. მეორე ტაიმში ისკოს გატანაც შეეძლო, მაგრამ რობერტო ფერნანდესმა მისი დარტყმული სასწაულებრივ მოიგერია.
კარლო ანჩელოტი ("რეალის" მწვრთნელი):
"კარგად, შეკრულად ვითამაშეთ. განსაკუთრებით, პირველი ტაიმი მომეწონა, რომელშიც მეორე გოლიც რომ გაგვეტანა, სულ სხვა თამაში წავიდოდა. 1:0-ზე კი ყოველთვის სხვა სიტუაციაა, ამ ანგარიშზე თამაშის კონტროლი ჭირს და ეს ნორმალური მოვლენაა.
ვმუშაობთ პრობლემების აღმოფხვრაზე. ამ მომენტში მთავარი ქულების მოპოვებაა და მეც კმაყოფილი ვარ მიღწეულით. ნახევარდაცვაში გუნდი დაბალანსებული იყო, რადგან ისკო და მოდრიჩი კარგად თამაშობდნენ. ისკო შემტევი ტიპის ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენ იძულებულნი ვიყავით, "რეალის" შემტევი პოტენციალისთვის მოგვეკლო და ის უკან დაგვეხია.
კარგი სამუშაო გასწია დი მარიამაც. მოხარული ვარ, რომ ლა ლიგა შედეგიანად დაიწყო ბენზემამ".
ვინ მოიძულა პირველად კასილიასი? პასუხი - დელ ბოსკემ!
არ უშველა კაპიტანს ფანების აქციამ - ანჩელოტიმ კარში ისევ დიეგო ლოპესი დააყენა და ვფიქრობთ, ფანების ნაწილი სამუდამოდ გადაიკიდა.
ლოპესმა კარგად ითამაშა, თუმცა მას ბევრი საქმე არც ჰქონია. ეს ფეხბურთელი ორი წელიწადი იკერ კასილიასის ჩრდილში იყო, შემდეგ კი წავიდა "სამეფო კლუბიდან", "ვილიარეალი" და "სევილია" მოილია და მხსნელად ისევ კასილიასის ტრავმა მოევლინა.
ზამთარში "რეალმა" ლოპესი შეიძინა და ჟოზე მოურინიო მას სეზონის ბოლომდე ენდო.
თუკი ვინმეს ეს ჟოზეს ახირება ეგონა, დამტკიცდა, რომ სხვა რამეშია საქმე - იტალიელი სპეციალისტიც არ სწყალობს კაპიტანს. მატჩის შემდეგ ანჩელოტი ირწმუნებოდა, რომ კაცმა პირველი ტური კარგად ითამაშა და ახლაც კარგად გაისარჯა და არ მესმის, სად არის პრობლემაო. ანჩელოტის არც მედიის და ფანების ზეწოლა აშინებს, უმისოდ მწვრთნელი ენერგიულად ვერც კი იმუშავებსო.
კასილიასის ყველაზე ხმამაღალ დამცველთა შორის ესპანეთის ნაკრების თავკაცი ვისენტე დელ ბოსკე გვევლინება - ის მოურინიოსაც აკრიტიკებდა და ახლა ანჩელოტისაც "კბენს", მაგრამ "კასილიასოფობიას" საფუძველი სწორედ მან ჩაუყარა! "რეალში" მუშაობის დროს დელ ბოსკემ ერთი პერიოდი იკერს სესარი არჩია და ასე გაგრძელდა მანამ, სანამ სესარმა ტრავმა არ მიიღო. მის ნაცვლად იკერი გამოვიდა და ბრწყინვალედაც ითამაშა.
მოურინიომდე კასილიასს ძირითადში მოხვედრის პრობლემა აღარ შეჰქმნია.
მბიაც მოსულა
უშუალოდ ტურს არ ეხება, თუმცა ლა ლიგის ერთ შენაძენზე აუცილებლად უნდა ვთქვათ - "სევილია" ინგლისური "ქუინზ პარკიდან" სტეფან მბიათი გაძლიერდა. პრემიერლიგიდან გავარდნილმა "ქუინზ პარკმა" ამას წინათ "რეალ სოსიედადს" დაუთმო იჯარით ესტებან გრანერო. ახლა 27 წლის კამერუნელი ფეხბურთელის იბერიის ნახევარკუნძულზე გადაბარგების დრო მოვიდა.
მბიამ გაიარა სამედიცინო შემოწმება და სეზონის ბოლომდე იჯარით ანდალუსიურ კლუბში დარჩება. "სევილიას" მისი ექსკლუზიური შეძენის უფლება აქვს, სეზონის ბოლოს 4 მილიონ ევროდ. მბიამ ის სიცარიელე უნდა შეავსოს დაცვაში, რაც პარეხასა და კარიშოს ტრავმებით შეიქმნა, თანაც აფრიკელს შუახაზშიც შეუძლია თამაში.
ერთი რამ ცხადია, მბია "სევილიას" უკანასკნელი შენაძენია ამ სატრანსფერო სეზონში.
ბომბარდირები:
3 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო), როდრი რიოსი (ალმერია).
2 - ქარიმ ბენზემა (რეალი), კარლოს ველა (რეალ სოსიედადი), პედრო როდრიგესი (ბარსელონა), ალბერტო ბუენო (რაიო ვალეკანო), ჯოვანი დოს სანტოსი (ვილიარეალი), ლიონელ მესი (ბარსელონა), რაულ გარსია (ატლეტიკო).
ასისტენტები:
3 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)
2 - სუსო (ალმერია), მიქაელ კრონ-დელი (სელტა), კოკე (ატლეტიკო), არდა თურანი (ატლეტიკო).
მომდევნო ტური
30 აგვისტო:
ალმერია-ელჩე; რაიო ვალეკანო-ლევანტე.
31 აგვისტო:
სელტა-გრანადა; ვალიადოლიდი-ხეტაფე; ოსასუნა-ვილიარეალი.
1 სექტემბერი:
რეალი-ბილბაო; ესპანიოლი-ბეტისი; რეალ სოსიედადი-ატლეტიკო; სევილია-მალაგა; ვალენსია-ბარსელონა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
კარლო ანჩელოტი: დიეგო ლოპესი ამ დროისთვის უკეთეს ფორმაშია, ვიდრე კასილიასი [VIDEO]
მალაგა-ბარსელონა. გამოხმაურება: მოგება ლიონელ მესის გარეშე [VIDEO]
ესპანეთი. ლა ლიგა. II ტური: "ატლეტიკოსთან" ხუმრობა არ შეიძლება [VIDEO]