ესპანეთი. ლა ლიგა. XIII ტურის შეჯამება და სიმბოლური: ერთი დაეცა, მეორე დაფრინავს

AutoSharing Option
მესი ორ თვეს გამოტოვებს
"ბარსელონამ" "ბეტისს" 4:1 მოუგო, მაგრამ ლიონელ მესიმ მორიგი ტრავმა მიიღო, რის გამოც კატალონიურ კლუბში საზეიმო განწყობა გაუფერულდა. ხერარდო მარტინოს შეგირდებმა 37 ქულა მოაგროვეს და მადრიდის "ატლეტიკოს", რომელმაც "ელ მადრიგალზე" ვერ იმარჯვა, სამი ქულით გაასწრეს.

მესიმ კი დაზიანება 22-ე წუთზე მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე ანდრეს ინიესტა გამოვიდა. არგენტინელმა მარცხენა ფეხის კუნთი დაიშავა და სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ დადგინდა, რომ ის 2013 წელს ვეღარ ითამაშებს. წინასწარი პროგნოზით, "პულგა" ლა ლიგის ოთხ ("გრანადასთან", "ბილბაოსთან", "ვილიარეალთან" და "ხეტაფესთან"), ჩემპიონთა ლიგის
ორ ("სელტიკთან" და "აიაქსთან") და კოპა დელ რეის ერთ ("კარტახენასთან") შეხვედრას გამოტოვებს. მისი დაბრუნების სავარაუდო თარიღი 12 იანვარია, როდესაც "ბარსა" "ატლეტიკოს" დაუპირისპირდება.

კუნთის ტრავმა 26 წლის არგენტინელმა ამ სეზონში უკვე მეოთხედ მიიღო. პირველად მესიმ კუნთი სეზონისწინა მოსამზადებელ ეტაპზე დაიზიანა, მეორედ "ატლეტიკოსთან" გამართული სუპერთასის შემდეგ, რის გამოც მან "მალაგასთან" ვერ ითამაშა. 28 სექტემბერს, "ალმერიასთან" "ბარსელონას" 10-იანმა შეცვლა მოითხოვა და სამი კვირა გამოტოვა.

სარეაბილიტაციო პერიოდის პირველ ნახევარს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ბარსელონაში გაივლის, შემდეგ კი მკურნალობას სამშობლოში გააგრძელებს.

რონალდო უგო სანჩესს გაასწრებს
მესის ტრავმა აქვს, კრიშტიანო რონალდო კი შესანიშნავ ფორმაშია. პორტუგალიელმა მორიგი ჰეთ თრიქი შეასრულა და ამ სეზონში ლა ლიგაში გატანილი გოლების რაოდენობა 16-მდე გაზარდა. ახლა CR7-ის ანგარიშზე 163 ბურთია, რომელიც რონალდომ პრიმერას 148 შეხვედრაში გაიტანა.

"რეალის" ყველა დროის ბომბარდირთა დავაში პორტუგალიელი მეხუთე ადგილზეა და მეოთხე პოზიციაზე მყოფ უგო სანჩესს მხოლოდ ერთი ბურთით ჩამორჩება. ამ დუეტზე წინ კი სანტილიანა (186 გოლი), ალფრედო დი სტეფანო (216 გოლი) და რაული (228 გოლი) არიან.

რამდენიმე დღეში რონალდო პორტუგალიის ნაკრების რიგებში მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში (შვედეთთან) ითამაშებს და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის წოდების მოპოვებას იქაც ეცდება. ამჟამად 28 წლის ფეხბურთელს ნაკრებში 43 გოლი აქვს გატანილი - იმდენი, რამდენიც ლეგენდარულ ეუსებიოს; წინ კი მხოლოდ პედრო პაულეტაა, რომელმაც ეროვნულ გუნდში 47 ბურთი შეაგდო.

"ბეტისი" გასაჭირშია
"ბარსელონასთან" განადგურებული "ბეტისი" ბოლო პოზიციაზე დარჩა და ამ გადასახედიდან, გავარდნის ერთ-ერთი კანდიდატია. პეპე მელი პოსტზე რჩება და მას სიტუაციის გამოსასწორებლად ორი კვირა აქვს. ისტორიას თუ გადავხედავთ, ბოლო ორი შემთხვევა, როდესაც "ბეტისი" ბოლო პოზიციაზე იყო, სევილიური გუნდის გავარდნით დასრულდა.

2008/09 წლების სეზონში სევილიელები უკანასკნელ ადგილზე მე-6 ტურის შემდეგ აღმოჩნდნენ და საბოლოოდ, სეგუნდაშიც დაქვეითდნენ. მანამდე კი იყო 1990/91 წლების სეზონი, როდესაც "ბეტისი" სატურნირო ცხრილის ბოლო საფეხურზე მე-13 ტურის შემდეგ დაეშვა და გასავარდნი ზონიდან სეზონის ბოლომდე ვერ ამოვიდა. სხვათა შორის, მაშინ ანდალუსიელთა ერთ-ერთი ფეხბურთელი პეპე მელი იყო.

სანაკრებო პაუზამ გუნდს დროულად მოუსწრო, მაგრამ მელს ძალიან ბევრი საქმე აქვს. მომდევნო შეხვედრას "ბეტისი" კვირას, 24 ნოემბერს, "სანჩეს პისხუანზე" გამართავს. დიახ, "ბეტისს" სევილიური დერბი ელის და თუ იქაც დამარცხდა, 50 წლის სპეციალისტს უკვე ვერაფერი უშველის.

"სელტას" შინ უჭირს
ვიგოს "სელტამ" მორიგი მატჩი წააგო. გალისიელთა მეტოქე ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში მათი ერთ-ერთი კონკურენტი "რაიო ვალეკანო" იყო, რომელმაც ხონათან ვიერას და ხოაკინ ლარივეის გოლების წყალობით იმარჯვა.
ლუის ენრიკეს შეგირდებმა მადრიდელებს ბურთის ფლობაში კი აჯობეს, რაც წელს "ბარსასაც" კი არ გამოუვიდა, მაგრამ გოლი ვერაფრით გაიტანეს.

შესაძლოა, ამის ერთ-ერთი მიზეზი მოედნის საშინელი მდგომარეობა იყო. ძნელი გასახსენებელია, ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მატჩი ასეთ უხარისხო მინდორზე ბოლოს როდის გაიმართა. ტალახმა, ოღროჩოღრო, ორმოებით და გორაკებით სავსე მოედანმა "სელტას" თავისი თამაშის ჩვენების საშუალება არ მისცა.

ლუის ენრიკეს გუნდი ერთადერთია ლა ლიგის 20 გუნდს შორის, რომელსაც ჯერ შინ არ მოუგია - 7 მატჩიდან ვიგოელებმა 3 ფრედ დაასრულეს, 4 კი წააგეს.

ტურის გმირი
ტურის გმირზე გუშინაც ვისაუბრეთ - იუსეფ ელ-არაბიმ "მალაგას" სამი გოლი გაუტანა და ანდალუსიურ დერბიში საკუთარ გუნდს მოაგებინა. მაროკოელის გარდა, ამ ტურში ჰეთ თრიქი კრიშტიანო რონალდომაც შეასრულა, მაგრამ პორტუგალიელისგან ამას უკვე მივეჩვიეთ და აღარც გვიკვირს; აი, ელ-არაბის ჰეთ თრიქი კი მართლაც განსაკუთრებული შემთხვევაა.

მორიგი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა სესკ ფაბრეგასმა, ვინც დუბლი შეასრულა და "ბარსელონას" გამარჯვებაში კვლავ დიდი წვლილი შეიტანა. კარგი იყო კეილორ ნავასიც, მაგრამ "ლევანტეს" მეკარემ ბოლომდე ვერ გაძლო და "ბილბაოს" ფეხბურთელებისგან ორი გოლი მაინც გაუშვა. ასევე, აღსანიშნავია ესტებანის გარჯა - "ალმერიას" გოლკიპერმა "ოსასუნას" შემტევებს გოლი არ გაატანინა და სიმბოლურ ნაკრებშიც დამსახურებულად მოხვდა.

გრიზმანი კოვაჩევიჩს გაუთანაბრდა
"სოსიედადი" "სანტიაგო ბერნაბეუზე" განადგურდა - 1:5. ბასკების მხრიდან ერთადერთი გოლი ანტუან გრიზმანმა გაიტანა, რომელმაც თავის გამოჩენა ლა ლიგის ზედიზედ 5 შეხვედრაში შეძლო. ფრანგმა ფეხბურთელმა "სოსიედადის" ყოფილი ფორვარდის, დარკო კოვაჩევიჩის მიღწევა გაიმეორა. კოვაჩევიჩმა ზედიზედ 5 მატჩში 2001 წელს გაიტანა, "ლა რეალის" აბსოლუტური რეკორდი კი ჯონ ოლდრიჯს ეკუთვნის, ვინც 1989 წელს მეტოქეთა კარის ბადე მიჯრით 6 თამაშში შეარხია.

მომდევნო ტურში ბასკები "სელტას" მასპინძლობენ და 22 წლის ფეხბურთელსაც საკლუბო რეკორდის გამეორების შანსი ექნება.

XIII ტურის სიმბოლური ნაკრები

მეკარე: ესტებანი (ალმერია)
მცველები: ტიტო (რაიო), ფასიო (სევილია), არბილია (რაიო), ნაჩო (რაიო)
ნახევარმცველები: პაბონი (ვალენსია), ფაბრეგასი (ბარსელონა), ა. სონგი (ბარსელონა), კ. რონალდო (რეალი)
თავდამსხმელები: ბენზემა (რეალი), ელ-არაბი (გრანადა)

საუკეთესო ბომბარდირები:
16 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)
13 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო)
8 - ლიონელ მესი (ბარსელონა), ანტუან გრიზმანი (სოსიედადი)
6- ხავი გერა (ვალიადოლიდი), ალექსის სანჩესი (ბარსელონა), ივან რაკიტიჩი (სევილია), როდრი (ალმერია)

საუკეთესო ასისტენტები:
7 - კოკე (ატლეტიკო), სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა), ნეიმარი (ბარსელონა)
5 - გარეთ ბეილი (რეალი), ქარიმ ბენზემა (რეალი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. XIII ტური: "რეალის" მორიგი შოუ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული