ესპანეთი. ლა ლიგა. XX ტურის შეჯამება და სიმბოლური: იტალიელი არგენტინელებს წამოეწია

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის მეორე წრე ძალიან საინტერესოდ დაიწყო. "ბარსელონამ" და "ატლეტიკომ" მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს, რითაც "რეალმა" ისარგებლა და დუეტთან სხვაობა ერთ ქულამდე შეამცირა.
კვლავ მეოთხე პოზიციაზე დაბრუნდა ბილბაოს "ატლეტიკი", რომელმაც ორშაბათს მძიმე ბრძოლაში "ვალიადოლიდი" დაამარცხა...

აუღებელი ციხესიმაგრე
"ატლეტიკი" საკუთარ მოედანზე, ტრადიციულად, კარგად თამაშობს. ასე იყო "სან მამესზე" და ასეა ახალ "სან მამეს ბარიაზეც". ბასკებმა საკუთარ მოედანზე მე-11 თამაში ჩაატარეს და მე-9 გამარჯვება მოიპოვეს, კიდევ ორი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

მორიგ ტურში ერნესტო ვალვერდეს გუნდი ერთ-ერთ აუტსაიდერ "ვალიადოლიდს" მასპინძლობდა და პირველი ტაიმის
შემდეგ მარცხდებოდა კიდეც, მაგრამ მეორე ნახევარში, იბაი გომესის და არიც ადურისის კარგი თამაშის წყალობით, "ბილბაომ" თამაში შემოატრიალა. ადურისმა ორი საგოლე პასი მიითვალა, იბაიმ კი დუბლის შესრულება ზედიზედ მეორე ტურში შეძლო და ახლა 24 წლის ფეხბურთელი 6 გოლით გუნდის საუკეთესო ბომბარდირია.

ბასკებმა ყველა ტურნირზე შინ ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება მოიპოვეს და როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეოთხე ადგილი დაიბრუნეს. აი, "ვალიადოლიდი" კი შავ დღეშია - სატურნირო მდგომარეობის გარდა, სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ გუნდს უკვე 9 მატჩია, არ მოუგია.

დაკარგული შანსები
"ბარსელონამ" და "ატლეტიკომ" პირველი წრე ერთმანეთში ნათამაშები საყაიმო შედეგით დახურეს და მეორე წრეც ქულების დაკარგვით გახსნეს. კატალონიელებმა მეზობლად, ვალენსიის რეგიონში ვერ იმარჯვეს, "ატლეტიკოს" კი ფეხი სულაც საკუთარ მოედანზე დაუცდა.

მატჩების შემდეგ ორივე გუნდის ბანაკში იმედგაცრუებულნი იყვნენ, მაგრამ თუ კატალონიელები უიღბლობას უჩიოდნენ, "ატლეტიკოს" ფეხბურთელები პრეტენზიას მსაჯის მიმართ გამოთქვამდნენ, თუმცა აღსანიშნავია, რომ დიეგო სიმეონემ არბიტრი გაამართლა.

ჯერ "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს მოვუსმინოთ:

ხერარდო მარტინო: "ვერავის დავადანაშაულებთ, რადგან შედეგი აბსოლუტურად ლოგიკურია, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ გარკვეულ ეპიზოდებში აშკარად არ გაგვიმართლა. პირველ ტაიმში ბურთის კონტროლი და მეტოქის საჯარიმოსთან მიახლოება გვიჭირდა - "ლევანტეს" ფეხბურთელებმა ძალიან ბევრი იშრომეს და მათ შექება ეკუთვნით. მეორე ნახევარში ჩვენი თამაში კი ვაჩვენეთ, მაგრამ ის მომენტები, რომლებიც შევქმენით, ვერ გამოვიყენეთ".

"როხიბლანკოს" დამრიგებელმა კი "ატლეტიკო"-"სევილიას" მთავარი არბიტრი ალეხანდრო ხოსე ერნანდეს ერნანდესი დაიცვა და განაცხადა, რომ მსაჯმა პენალტი მართებულად დანიშნა.

დიეგო სიმეონე: "შეხვედრა ზუსტად ისეთი რთული გამოდგა, როგორიც წარმოგვედგინა - ჩაკეტილი, დაცვითი ფეხბურთი, როდესაც გუნდები მეტოქის შეცდომას ელიან. ზოგადად, თუ სამ ქულას ვერ აიღებ, წაგებას ისევ ფრე სჯობს. მეტოქეები ჩვენთან განსხვავებულ სტილში იწყებენ თამაშს. დღეს "სევილიამ" ტაქტიკა შეცვალა - კარლოს ბაკა და ივან რაკიტიჩი ჩვენს ნახევარმცველებს შეტევის წამოწყებაში ხელს უშლიდნენ. ემერის გუნდმა ჩვენ წინააღმდეგ ისე ითამაშა, როგორც ჩვენ "ბარსელონასთან". რაც შეეხება პენალტს, ვფიქრობ, არბიტრი სწორად მოიქცა - როდესაც მსაჯი ნახევარ მოედანს გაირბენს იმისთვის, რომ პენალტი დანიშნოს, ესე იგი, ის მართალია. ეპიზოდის ჩანაწერი ვნახე და კმაყოფილი დავრჩი, რადგან წესების დარღვევა იყო".

კმაყოფილი კარლო
თავისი არგენტინელი კოლეგებისგან განსხვავებით, კმაყოფილი იყო კარლო ანჩელოტი, რომლის გუნდმაც ბოლო ადგილზე მყოფ "ბეტისს" 5:0 მოუგო.

"ამჟამად ჩვენთვის ყველაფერი იდეალურად მიმდინარეობს - ბევრი გოლი გაგვაქვს და ცოტას ვუშვებთ. შეტევაში გუნდი ძალიან კარგად გამოიყურება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს დაცვაც დამაჯერებელი იყოს. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ბალანსზე ვსაუბრობდი და ვფიქრობ, დასახულ მიზანს მივაღწიეთ - "რეალი" ახლა გაცილებით დაბალანსებულ ფეხბურთს თამაშობს,
" - განაცხადა ანჩელოტიმ.

"სამეფო კლუბის" ბოსმა ლუკა მოდრიჩიც შეაქო, რომელიც ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა: "დღეს მთელმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ განსაკუთრებით მინდა ლუკა მოდრიჩი გამოვყო, რომელიც მოედანზე შეუდარებელი იყო. ხორვატი ნელ-ნელა "რეალის" ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად ყალიბდება".

საინტერესო ფაქტები:
- "ვალენსიამ" "ლა როსალედაზე" ზედიზედ მესამე შეხვედრაში ვერ გაიტანა.

- "მალაგა" არის ერთადერთი გუნდი პრიმერაში, რომელსაც ცვლილებაზე გამოსული ფეხბურთელისგან გოლი არ გაუშვია.

- "რეალმა" წინა სეზონში ანდალუსიაში ოთხივე მატჩი წააგო, ამ სეზონში კი სამიდან სამი მოიგო.

- ხუან კარლოს გარიდომ "რეალთან" მწვრთნელის რანგში ხუთივე მატჩი წააგო.

- პრიმერას ისტორიაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ გუნდს 20 ტურის შემდეგ 11 ქულა ჰქონოდა და ლიგაში ადგილი შეენარჩუნებინა.

- "ელჩემ" "რაიო ვალეკანოს" ბოლო 12 მატჩიდან 9 მოუგო და მხოლოდ ერთი წააგო.

- "ესპანიოლმა" "სელტას" შინ ზედიზედ მეოთხედ მოუგო.

- "სევილიას" "ატლეტიკო" 9 მატჩია არ დაუმარცხებია (5 ფრე და 4 მარცხი).

- ამ გუნდების ბოლო 6 შეხვედრაში არბიტრებმა ფეხბურთელებს 9 წითელი ბარათი აჩვენეს, აქედან 8 (!) "სევილიას" ფეხბურთელებმა მიიღეს.

- "ბილბაომ" ზედიზედ მეხუთედ მოუგო შინ "ვალიადოლიდს", თანაც ყველა შემთხვევაში ბასკებმა ორბურთიანი სხვაობით იმარჯვეს.

- 20 ტურის შემდეგ ამდენი ქულა (39) "ატლეტიკს" ბოლოს 1983/84 წლების სეზონში ჰქონდა (თუ 3-ქულიანი სისტემით დავითვლით) და მაშინ ბასკური გუნდი ჩემპიონი გახდა.

ბომბარდირები:
21 - კრიშტიანო რონალდო (რეალი)
19 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო)
12 - ანტუან გრიზმანი (სოსიედადი), იკეჩუკვუ უჩე (ვილიარეალი)
11 - ხავი გერა (ვალიადოლიდი), ალექსის სანჩესი (ბარსელონა), პედრო (ბარსელონა)
10 - ქარიმ ბენზემა (რეალი)

ასისტენტები:
10 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა)
8 - ნეიმარი (ბარსელონა), კოკე (ატლეტიკო), კარლოს ველა (სოსიედადი)
7 - გარეთ ბეილი (რეალი)
6 - ჯოვანი დოს სანტოსი (ვილიარეალი), კანი (ვილიარეალი), ივან რაკიტიჩი (სევილია), მარკელ სუსაეტა (ბილბაო)

სიმბოლური ნაკრები:
მეკარე: დიეგო ალვეში (ვალენსია)
მცველები: დ. სუარესი (ელჩე), კოლოტო (ესპანიოლი), მუსაჩიო (ვილიარეალი), მარსელო (რეალი)
ნახევარმცველები: ბეილი (რეალი), მოდრიჩი (რეალი), ანდერ ერერა (ბილბაო), რონალდო (რეალი)
თავდამსხმელები: სერხიო გარსია (ესპანიოლი), ადურისი (ბილბაო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ესპანეთი. ლა ლიგა. XX ტური: იდეალური ტური "რეალისთვის" [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული