ესპანეთი. ლა ლიგა. XXI ტურის წინ: ანდალუსიელთა მძიმე მატჩები

AutoSharing Option
პრიმერა დივიზიონის 21-ე ტურში გამორჩეული თამაშის პოვნა რთულია. ჯერ კიდევ შარშანდელ სეზონში "ბარსელონა"-"მალაგა" უთუოდ ყველაზე საინტერესო დაპირისპირება იქნებოდა, მაგრამ ამჟამინდელი "მალაგა" შარშანდელზე გაცილებით სუსტია.

მიუხედავად ამისა, სხვა მატჩებიდან გამომდინარე, ყველაზე საინტერესო შეხვედრა მაინც "კამპ ნოუზე" გასამართი თამაში უნდა იყოს...

ტური 24 იანვარს, "სელტასა" და "ბეტისის" დაპირისპირებით დაიწყო. ვიგოში "ბეტისის" მთავარი მწვრთნელის რანგში დებიუტი წარმატებული ვერ გამოუვიდა გაბრიელ კალდერონს - უხვგოლიან მატჩში გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ - 4:2.

შუსტერი ბარსელონაში ბრუნდება
გუნდები ამ შეხვედრას ახალი დანაკლისის გარეშე ხვდებიან, თუ არ ჩავთვლით კარლეს
პუიოლს, რომელმაც სათასო მატჩში მორიგი დაზიანება მიიღო და კვირას მისი ასპარეზობა საეჭვოა. კატალონიელებს კვლავ არ ეყოლებათ ნეიმარი, რომელიც ასევე თასზე ("ხეტაფესთან") მიღებულ ტრავმას მკურნალობს. სტუმართა რიგებში კი კვლავ ვერ ვიხილავთ ველიგტონს.

"ბარსელონამ" ჩემპიონატში ზედიზედ ორი მატჩი ვერ მოიგო, რაც კატალონიელებისთვის კატასტროფასთან მიახლოებული შედეგია და ქულების ზედიზედ მესამედ დაკარგვას ხერარდო მარტინოს შეგირდები ვერ დაუშვებენ. ძნელი წარმოსადგენია, "მალაგამ" მეტოქეს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიოს, ვინაიდან "ნოუ კამპზე" გაცილებით კარგად დაკომპლექტებულ ანდალუსიელებსაც უჭირდათ. შარშანდელ სეზონში მანუელ პელეგრინის ხელმძღვანელობით მოთამაშე "მალაგამ" ამ სტადიონზე 1:4 წააგო.

და საერთოდ, 1999 წლიდან მოყოლებული, კლუბმა "ბარსასთან" სტუმრად 13-ჯერ ითამაშა, საიდანაც 11 შეხვედრა წააგო, 1 ფრედ დაასრულა (თასზე) და მხოლოდ ერთხელ იმარჯვა, ისიც სულ პირველ მატჩში. უკეთესი შედეგი ანდალუსიელებს არც საკუთარ მოედანზე აქვთ, სადაც ასევე მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვეს, მაგრამ ის გამარჯვება ისტორიული იყო - 2003 წელს, სალვა ბალესტას ჰეთ თრიქის წყალობით, "მალაგამ" "ბარსას" 5:1 მოუგო.

მიუხედავად იმისა, რომ ბერნდ შუსტერის გუნდი მე-14 ადგილზეა, გერმანელ სპეციალისტზე აუგის თქმა მაინც რთულია - "ბარსელონას" და "რეალის" ყოფილი ფეხბურთელის განკარგულებაში ხომ გაცილებით დაბალი დონის მოთამაშეები არიან, ვიდრე პელეგრინის ჰყავდა.

გერმანელის გუნდს შეტევაში უჭირს - ბოლო სამ შეხვედრაში "მალაგას" გოლი არ გაუტანია, ხოლო 20 ტურის ჯამში, გოლების მიხედვით, ანდალუსიელები პრიმერას ოც გუნდს შორის მე-14-მე-18 პოზიციებს იყოფენ. სამაგიეროდ, გაშვებული ბურთების მიხედვით, "მალაგა" მეხუთე ადგილზეა, რაც, პირველ რიგში, ვილი კაბალიეროს შესანიშნავი თამაშის შედეგია.

ადრეც გვითქვამს და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ: საოცარია, რომ მიუხედავად ბრწყინვალე თამაშისა, კაბალიეროს მიწვევა არგენტინის ნაკრების მწვრთნელ ალეხანდრო საბელიას თავში ერთხელაც არ მოსვლია; თანაც, ეს იმ დროს, როცა სერხიო რომერო უკვე ნახევარი წელია, "მონაკოში" სკამს "ხეხავს".

"ბარსელონამ" ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო 24 საშინაო მატჩი მოიგო და ამ სერიას, დიდი ალბათობით, კვირასაც გააგრძელებს. მიუხედავად იმისა, რომ თასზე ჰეთ თრიქი შეასრულა, კრისტიან ტელიო კვლავ სათადარიგოთა სკამზე მოიაზრება, ძირითადში კი ალექსის სანჩესი უნდა დაბრუნდეს.

მშრალი სერიის დასრულებას ეცდება ლიონელ მესი, რომელმაც "ხეტაფესთან" სათასო შეხვედრებში კი გაიტანა, მაგრამ ჩემპიონატში დაბრუნების შემდეგ ჯერ თავი არ გამოუჩენია.

გასაოცარია, მაგრამ პრიმერაში უკანასკნელი გოლი არგენტინელმა 28 სექტემბერს, "ალმერიას" გაუტანა.

მორიგი ანდალუსიური ლუკმა
კიდევ ერთი ანდალუსიური გუნდი კი მადრიდში ჩადის, სადაც ბრწყინვალე ფორმაში მყოფ "რეალს" შეხვდება. "სამეფო კლუბმა" "ოსასუნასთან" დაკარგული ქულების შემდეგ, ყველა ტურნირზე ზედიზედ რვა მატჩი მოიგო, თანაც უკანასკნელ ექვს შეხვედრაში საკუთარ კარში გოლიც კი არ გაუშვია.

ამ სეზონში კარლო ანჩელოტის შეგირდები ანდალუსიელ მეტოქეებთან განსაკუთრებით კარგად თამაშობენ - "რეალმა" ექვსივე მატჩი (2 "ბეტისთან", თითო "სევილიასთან", "მალაგასთან", "ალმერიასთან" და "გრანადასთან") მოიგო, თანაც, მეტოქეთა კარში 22 გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტად მადრიდელებს სწორედ "გრანადასთან" გაუჭირდათ, რომელსაც სტუმრად მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოუგეს.

ზოგადად, ამ გუნდებს შორის "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართული 16 მატჩიდან 15 "რეალის" გამარჯვებით დასრულდა და ამ შეხვედრებში "სამეფო კლუბმა" საშუალოდ 3,2 გოლი გაიტანა. ამ ლეგენდარულ სტადიონზე "გრანადამ" ისტორიაში ერთხელ, შორეულ 1973/74 წლების სეზონში იმარჯვა და ჩემპიონატიც არსებობის განმავლობაში საუკეთესო, მეექვსე პოზიციაზე დაასრულა.

ახლანდელი "გრანადა" არც მადრიდში მომგებს ჰგავს და არც ჩემპიონატში მეექვსე ადგილზე გამსვლელს. სტუმართა პროგრამა-მაქსიმუმი ქულის აღება იქნება, მინიმუმი კი შარშანწინდელი სირცხვილის (1:5) თავიდან აცილება უნდა იყოს.

გამარჯვების შემთხვევაში, "რეალი" დროებით პირველ პოზიციაზე გადავა, რაც უკვე დიდი ხანია არ მომხდარა. მადრიდელებს ყველა წამყვანი ფეხბურთელი მწყობრში ჰყავთ (ვარანის და ხედირას ტრავმები დიდი ხნის ამბავია). რაც შეეხება "გრანადას": სტუმრებს მხოლოდ ოდიონ იგალო აკლიათ.

ესპანეთი. ლა ლიგა. XXI ტური
24 იანვარი
სელტა-ბეტისი 4:2
გოლები: 0:1 კასტრო (17), 1:1 ორელიანა (22), 2:1 შარლესი (31), 3:1 ორელიანა (39), 4:1 ნოლიტო (73), 4:2 კასტრო (78).

25 იანვარი
რეალი-გრანადა 19:00
დისკვალიფიკაცია: ფრან რიკო (გრანადა)
ტრავმა: ვარანი, ხედირა - იგალო
ბოლო 6 მატჩი
+5 =1 -0 (18-4) +2 =1 -3 (8-8)
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 თამაში: +4 =0 -1 (11:3)

ვალიადოლიდი-ვილიარეალი 21:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გ. გარსია - პანტიჩი, პაბლო ინიგესი, კანი, ფარინოსი
ბოლო 6 მატჩი
+1 =1 -4 (7-16) +3 =1 -2 (15-8)
ურთიერთშეხვედრები
სულ 20 თამაში: +9 =3 -8 (22:20)

ვალენსია-ესპანიოლი 23:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: დავიდ ლოპესი (ესპანიოლი)
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 (8-8) +2 =1 -3 (6-6)
ურთიერთშეხვედრები
სულ 39 თამაში: +15 =8 -16 (55:60)

სევილია-ლევანტე 01:00
დისკვალიფიკაცია: ალბერტო მორენო (სევილია) - სერხიო (ლევანტე)
ტრავმა: მბია, ჩერიშევი, სისინიო (სევილია)
ბოლო 6 მატჩი
+3 =3 -0 (10-5) +2 =1 -3 (6-8)
ურთიერთშეხვედრები
სულ 17 თამაში: +9 =4 -4 (30:16)

26 იანვარი
ბარსელონა. "კამპ ნოუ". 00:00
ბარსელონა-მალაგა
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პუიოლი, ნეიმარი, ოიერი, ჯონათან დოს სანტოსი - ველიგტონი
ბოლო 6 მატჩი
+3 =2 -1 (12-5) +2 =2 -2 (3-3)
ურთიერთშეხვედრები
სულ 27 თამაში: +20 =5 -2 (70:24)
სავარაუდო შემადგენლობები:
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ალბა - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - ა. სანჩესი, მესი, პედრო
მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო - ხესუს გამესი, ს. სანჩესი, ფლავიო, ანტუნეში - ი. კამაჩო, ტისონე - სამუ, დუდა, ელიზეუ - სანტა კრუსი

ალმერია-ხეტაფე 15:00
დისკვალიფიკაცია: ბორხა (ხეტაფე)
ტრავმა: ჰანს მარტინესი, როდრი, ნელსონი - ლაფიტა, ალექსისი, გავილანი, ვალერა
ბოლო 6 მატჩი
+2 =1 -3 (6-11) +1 =1 -4 (5-12)
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 თამაში: +2 =6 -5 (16:22)

ოსასუნა-ბილბაო 20:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სისი, ნინო - ტოკერო, მუნიაინი, ალბისუა
ბოლო 6 მატჩი
+2 =3 -1 (6-7) +4 =1 -1 (14-7)
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 თამაში: +8 =9 -14 (31:41)

ვალეკანო-ატლეტიკო 22:00
დისკვალიფიკაცია: ადრიანი, რაულ ბაენა (რაიო ვალეკანო) - ხუანფრანი (ატლეტიკო)
ტრავმა: არბილია, ა. პერეა, სება ფერნანდესი, ხოსე კარლოსი - მარიო სუარესი
ბოლო 6 მატჩი
+1 =1 -4 (6-13) +4 =2 -0 (10-3)
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +4 =3 -8 (15:26)

27 იანვარი
სოსიედადი-ელჩე 01:00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბერგარა, დე ლა ბელია, გრანერო - მანუ ერერა, ა. ხიმენესი
ბოლო 6 მატჩი
+4 =1 -1 (15-10) +1 =1 -4 (4-10)
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 თამაში: +2 =3 -2 (6:8)

შენიშვნა: ურთიერთშეხვედრები ყველა ტურნირზე 1994 წლიდან

ბომბარდირები:
21 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 19 - დიეგო კოშტა (ატლეტიკო); 12 - იკეჩუკვუ უჩე (ვილიარეალი), ანტუან გრიზმანი (სოსიედადი); 11 - ხავი გერა (ვალიადოლიდი), პედრო (ბარსელონა), ალექსის სანჩესი (ბარსელონა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული