"შალკეს" თავდასხმა აღარ ჰყავს!

AutoSharing Option
შარშან "შალკეს" ყველაზე მეტად წინა ხაზზე უჭირდა, რადგან გელზენკირხენული კლუბის მთავარი გოლეადორი კლაას-იან ჰუნტელაარი ფორმაში არ იყო და ხშირად ტრავმიანობდა.

სწორედ ამიტომ შეიძინეს "ხუმარებმა" უნგრელი ცენტრფორვარდი ადამ სალაი, მაგრამ როგორც ჩანს, "შალკეს" მენეჯერ ჰორსტ ჰელდტს მშვიდად ყოფნა არ უწერია.

პაოკ-თან საპასუხო მატჩში, რომელიც გელზენკირხენელებმა 3:2 მოიგეს და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვეს, 25 წლის სალაიც დაშავდა.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ჰუნტელაარი უფრო ადრე დაშავდა და კიდევ ერთი თავდამსხმელი, ჩინედუ ობასიც (27 წლის) ტრავმირებულია. პაოკ-თან სალაიმ დუბლი შეასრულა, მერე კი
ტრავმა მიიღო და დიდი შანსია, რომ ლაზარეთში ყოფნა დიდხანს მოუხდეს.

გამოდის, რომ "შალკეს" მთავარი მწვრთნელის, იენს კელერის განკარგულებაში ახლა მხოლოდ ერთი ნომინალური ცენტრფორვარდია - 23 წლის ფინელი ტეემუ პუკი, რომელიც გუნდიდან წასვლას აპირებს (მისი გადაბირება გლაზგოს "სელტიკს" უნდა).

"ჯერ სალაის შესახებ საბოლოო დიაგნოზს დაველოდებით და მერე მოვიფიქრებთ, უნდა გავაქტიურდეთ თუ არა სატრანსფერო ბაზარზე,"
- აცხადებს გელზენკირხენელთა მენეჯერი ჰელდტი.

სატრანსფერო ფანჯარა 2 სექტემბრამდეა ღია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰელდტს ბევრი დრო აღარ აქვს.

ფაქტია ისიც, რომ ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაში ჯეფერსონ ფარფანსაც შეუძლია და ესეც რომ არ იყოს, "შალკეს" განაცხადში 17 წლის ნიჭიერი ფორვარდი დონის ავდიჯაიც ჰყავს, რომელმაც წინა სეზონში, ბუნდესლიგის B-იუნიორებში 25 თამაშში 44 გოლი გაიტანა. ავდიჯაი 16 წლის იყო, როცა უკვე "შალკეს" 19-წლამდელთა გუნდში თამაშობდა.

აოგო გელზენკირხენისკენ
ამასობაში "შალკე" სულ სხვა პოზიციაზე, კერძოდ, მარცხენა ფლანგზე ძლიერდება: ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, გადაწყვეტილია, რომ გელზენკირხენული კლუბი "ჰამბურგიდან" 26 წლის დენის აოგოს გადაიბირებს.

ეს უკანასკნელი "შალკეში" არენდის წესით ითამაშებს. თუმცა მარცხენა მცველი, რომელსაც მარცხენა გარემარბის პოზიციაზეც შეუძლია თამაში, კელერს და ჰელდტს თავდასხმაში შექმნილ პრობლემას ვერ გადაუწყვეტს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული