ჯერმეინ დეფო: ჩემი გარანტია გოლებია

AutoSharing Option
ჯერმეინ დეფოს ისევ პრემიერლიგაში ვიხილავთ. როგორც მოსალოდნელი იყო, ვეტერანი გოლეადორი "ბორნმუთში" ჩაირიცხა. ეს ტრანსფერი დიდხანს იხილებოდა ბრიტანულ მედიაში და ახლა მხარეებმა საქმე ბოლომდე მიიყვანეს.

34 წლის ფორვარდმა "სანდერლენდი" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და "ალუბლებთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. შეგახსენებთ, რომ 2000/01 წლების სეზონში დეფო "ვესტ ჰემიდან" ერთი სეზონით სწორედ "ბორნმუთში" გახლდათ განათხოვრებული და იქ ზედიზედ 10 მატჩში შეძლო გოლების გატანა. მაშინ ჯერმეინი ნორჩი ფორვარდი გახლდათ, ახლა კი უკვე ღვაწლმოსილის სტატუსით უბრუნდება "ბორნმუთს".

"შესანიშნავია, რომ დავბრუნდი. ერთი, რისი გარანტიის მოცემაც შემიძლია, ის
არის, რომ გოლებს გავიტან. ასეთ კარგ გუნდში გადმოსვლა, რომელსაც ბრწყინვალე მწვრთნელი ჰყავს, ადვილი გადასაწყვეტი იყო" - განაცხადა დეფომ, რომელმაც წინა სეზონში 15 გოლის გატანა მოახერხა.

როგორც იცით, დეფო წლების განმავლობაში აღარ გახლდათ ინგლისის ნაკრების წევრი, მაგრამ გარეთ საუთგეიტმა იგი ეროვნულ გუნდში დააბრუნა. "ჩარლტონის", "ვესტ ჰემის", "პორტსმუთის", "ტოტენჰემის", "ტორონტოსა" და "სანდერლენდის" ყოფილი ფეხბურთელი პრემიერლიგის ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მე-7 ადგილზეა, 468 შეხვედრაში გატანილი 158 გოლით.

"ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი მომენტია ჩვენი გუნდის ისტორიაში. გოლების გატანისთვის დაბადებული ფეხბურთელი შევიძინეთ, რომელიც ზუსტად ესადაგება ჩვენი კლუბის მიზანსა და ხედვას" - განაცხადა "ალუბლების" მწვრთნელმა ედი ჰაუმ, რომელიც მხოლოდ 5 წლითაა დეფოზე უფროსი.

ჯერმეინის ექსკლუბი "სანდერლენდი" კი მოლაპარაკებებს ინგლისის პირველი ჩემპიონის, "პრესტონის" მწვრთნელთან, საიმონ გრეისონთან აწარმოებს და "შავი კატები", რომლებიც დევიდ მოიესის წასვლის მერე უთავკაცოდ არიან, შესაძლოა, სწორედ ამ სპეციალისტმა ჩაიბაროს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული