პრემიერლიგის VI ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ინგლისური ფეხბურთის გულშემატკივარმა კარგი ფეხბურთი იხილა. ერთმანეთის წინააღმდეგ ის პორტუგალიელი მწვრთნელები წარდგნენ, რომელთაც გვერდიგვერდ 7 წელი აქვთ ნამუშევარი.
ჟოზე მოურინიომ ანდრე ვილაშ ბოაშს ბევრი რამ გადასცა საკუთარი გამოცდილებიდან, თუმცა ცნობილი იგავისა არ იყოს, ხეზე ასვლა ჯერ არ უსწავლებია. თამაში ფრედ, 1:1 დასრულდა.
უშუალოდ საფეხბურთო სანახაობის გარდა, ტრიბუნებზე თუ ტელევიზორებთან მოკალათებულმა გულშემატკივარმა არასპორტული გამოხდომაც იხილა: ფერნანდო ტორესს ცოტა დააკლდა, რომ იან ვერტონგენისთვის თვალები არ ამოეთხარა.
6-წლიან ინგლისურ კარიერაში თავდამსხმელისთვის ეს უკვე მე-3 წითელი ბარათია.
ანდრე ვილაშ ბოაში (ტოტენჰემი):
"პირველი ტაიმის მიწურულს ძალიან არ გაგვიმართლა, როცა პაულინიომ ბურთი ძელს გაარტყა. გოლი რომ გასულიყო, ნამდვილად სამართლიანი იქნებოდა, რადგან იმ ფეხბურთით, რასაც ვაჩვენებდით, მეტი გვეკუთვნოდა. მეორე ნახევარში კი "ჩელსიმ" თამაში კონტრშეტევებზე ააწყო და ანგარიშის გათანაბრება დაიმსახურა.
მართალია, ეს შედეგი უფრო ჩვენს მეტოქეს აწყობდა, თუმცა ჩვენ მაინც მოვახერხეთ და ლიდერთა შორის შევინარჩუნეთ ადგილი.
საერთო ჯამში, "ჩელსისთან" ფრეს ცუდი შედეგი არ ჰქვია. 1:1 ყველაზე ლოგიკური იყო".
ჟოზე მოურინიო (ჩელსი):
"პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ, დიახ, ვაღიარებ, რადგან იმაზე, რაც მოედანზე ხდება, პასუხისმგებლობას არასოდეს გავურბივარ. შესვენებაზე ბიჭებს ელემენტარულ შეცდომებზე მივუთითე, რის შემდეგაც თამაში აშკარად უკეთ წაგვივიდა.
მხოლოდ ერთი ქულა დავიმსახურეთ, თუმცა ნამდვილად შეგვეძლო სამისთვის გვებრძოლა, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რაც შეხვედრის მეორე ტაიმში ხდებოდა".
ტურის ფაქტები
"ტოტენჰემმა" ზედიზედ მეოთხედ ვერ მოახერხა შინ "ჩელსისთან" გამარჯვება. მოუგებელი სერია 2009/10-ის სეზონიდან გრძელდება. წინა სეზონში "უაით ჰართ ლეინზე" სტუმარმა 4:2 იმარჯვა, დანარჩენი სამი სტუმრობა კი ერთნაირი ანგარიშით, 1:1 დასრულდა.
გასაკვირია ჩემპიონატის ფავორიტთა დაბალი შედეგიანობა. მე-6 ტურის შემდეგ პრემიერლიგაში ორივე გუნდმა ერთად 13 გოლი გაიტანა, იმდენივე, რამდენიც "არსენალმა" და უფრო ნაკლები, ვიდრე მარტო "მანჩესტერ სიტიმ".
* * *
აქამდე "ვილა პარკზე" ზედიზედ სამი თამაში დასრულდა ერთნაირი ანგარიშით - 1:0. მათ შორის ორჯერ - სტუმრის სასარგებლოდ.
ბირმინგემელებს მეტოქესთან ბოლო ორ სეზონში ზედიზედ ოთხი თამაში ჰქონდათ წაგებული შინ და გარეთ.
* * *
"ფულჰემი" "კარდიფს" უკანასკნელად 1998 წელს შეხვდა ლიგის თასის გათამაშების პირველ ეტაპზე. თამაში მაშინაც 2:1 დასრულდა, თუმცა ლონდონელთა სასარგებლოდ.
პროფესიული ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში უელსელებმა ზედიზედ მეორედ დაამარცხეს მეტოქე. უკანასკნელად ეს 1997 წელს მოხდა. მაშინ ეს კლუბები ქვედა ლიგაში თამაშობდნენ.
"ქრევეინ კოტეჯზე" მეტოქეებს უგოლო ფრე ჯერ არასოდეს უთამაშიათ.
* * *
2011/12 წლების სეზონში ეს გუნდები ჩემპიონშიპში შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ "ვესტ ჰემმა" ორივე შეხვედრაში იმარჯვა.
უკანასკნელ ხუთ დაპირისპირებაში "ჩაქუჩებს" სამი მოგება აქვთ, შაბათს კი მეორედ დამარცხდნენ.
6-6 შეხვედრაში გუნდებმა ერთად სულ 11 გოლი გაიტანეს.
* * *
"ვესტ ბრომვიჩმა" "მანჩესტერ იუნაიტედთან" პრემიერლიგაში მე-15 შეხვედრა ჩაატარა და პირველად იმარჯვა. წინა 14-დან "ეშმაკებს" 11 მოგება და 3 ფრე ჰქონდათ.
"იუნაიტედმა" "ვესტ ბრომვიჩთან" 1984 წელს დაწყებული 18-თამაშიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.
2003 წლის შემდეგ "იუნაიტედმა" პირველად წააგო თამაში ამ გუნდთან. მაშინ "ეშმაკები" ლიგის თასზე დამარცხდნენ და თანაც, "ოლდ ტრეფორდზევე".
* * *
"საუთჰემპტონმა" "სენტ მერიზე" უკანასკნელი 11-დან "პალასი" მე-7 შეხვედრაში დაამარცხა; ამას გარდა, გუნდებმა 3-ჯერ ფრედ ითამაშეს.
საერთო ჯამში, "წმინდანებმა" მეტოქე ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხედ დაამარცხეს.
სამხრეთლონდონელთა მოუგებელი სერია ზღვისპირელებთან უკვე 9 თამაშს აღწევს - 4 ფრე, 5 წაგება.
* * *
"სუონსი" "არსენალს" ისტორიაში სულ 16-ჯერ დაუპირისპირდა და აქედან 6-ჯერ ეს გუნდები ერთმანეთს უკანასკნელ ორ სეზონში გადაეყარნენ.
მეტოქეთა ზედიზედ მე-3 დაპირისპირება დასრულდა სტუმართა გამარჯვებით. შარშან "გედებმა" და "მეთოფეებმა" ერთმანეთს სამი ქულა ერთმანეთს საშინაო შეხვედრებში დაუთმეს.
"სუონსიმ" შეინარჩუნა შარშანდელი ტრადიცია და გოლი მატჩის მე-80 წუთის შემდეგ გაიტანა (81-ე წთ-ზე). 2012/13 წლებში გუნდებმა სამ თამაშში ერთმანეთს 9 გოლი გაუტანეს და აქედან 7 სწორედ დასკვნით 10 წუთში.
* * *
"სტოკისა" და "ნორვიჩის" ბოლო ოთხი შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით, 1:0 დასრულდა. მეტოქეებმა 2-2-ჯერ იმარჯვეს. მათი დაპირისპირებების ისტორია უკვე დიდი ხანია, უხვგოლიან თამაშებს აღარ ცნობს. ბოლო 8 თამაშში მხოლოდ 2-ჯერ მოხდა, რომ 1-ზე მეტი გოლი გავიდა.
* * *
"ლივერპულმა" "სტედიუმ ოფ ლაითსზე" მე-13 სტუმრობიდან მე-8 თამაში მოიგო. ის ამ არენაზე მხოლოდ 3-ჯერ დამარცხებულა.
"შავ კატებს" სწორედ ეს 3 გამარჯვება აქვთ საამაყო "ლივერპულთან" უკანასკნელი 25 შეხვედრიდან.
ზედიზედ მეორედ ხდება, რომ მერსისაიდელები პირველ ტაიმს 2:0-ს იგებენ და საერთო ჯამში სამი ბურთი გააქვთ მეტოქის კარში.
* * *
"ნიუკასლმა" "გუდისონ პარკზე" ბოლო 11 სტუმრობიდან მხოლოდ 1 გამარჯვება მოიპოვა.
"კაჭკაჭებმა" უკანასკნელი 6-დან 4 თამაში წააგეს და მხოლოდ ერთხელ დარჩნენ გამარჯვებულები. ტაინსაიდელთა მოუგებელი სერია მეტოქესთან უკვე 4 თამაშს აღწევს.
კლუბები ერთმანეთს პირველად 115 წლის წინ შეხვდნენ ლივერპულში და "ევერტონმა" მაშინაც სამი ბურთი გაიტანა, ოღონდ ერთიც არ გაუშვია.
ორშაბათს გუნდებმა 165-ე თამაში ჩაატარეს ისტორიაში.
სტატისტიკა VI ტურის შემდეგ
საუკეთესო ბომბარდირები:
5 - დენიელ სტარიჯი (ლივერპული);
4 - კრისტიან ბენტეკე (ასტონ ვილა), ოლივიე ჟირუ (არსენალი), იაია ტურე (მანჩესტერ სიტი), აარონ რემსი (არსენალი);
საუკეთესო მეპასეები:
3 - მესუთ იოზილი (არსენალი)
ყველაზე უდისციპლინო ფეხბურთელები:
ფერნანდო ტორესი (ჩელსი), მარკ ნოუბლი (ვესტ ჰემი), ლუკას ლეივა (ლივერპული), ლორან კოშელნი (არსენალი)
მომდევნო ტური
5 ოქტომბერი:
მანჩესტერ სიტი-ევერტონი, კარდიფი-ნიუკასლი, ფულჰემი-სტოკი, ჰალი-ასტონ ვილა, ლივერპული-კრისტალ პალასი, სანდერლენდი-მანჩესტერ იუნაიტედი
6 ოქტომბერი:
ნორვიჩი-ჩელსი, საუთჰემპტონი-სუონსი, ტოტენჰემი-ვესტ ჰემი, ვესტ ბრომვიჩი-არსენალი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ინგლისი. პრემიერლიგა. VI ტური: მანჩესტერი წყვილად აგებს [VIDEO]