"მეთოფეებს" ჩემპიონატში 14 თამაში დარჩათ ჩასატარებელი. ამას გარდა, ასოციაციის თასისა და ჩემპიონთა ლიგის ბატალიები ელოდებათ. არსენ ვენგერის შეგირდებს 11 დღის ინტერვალით ოთხი უმძიმესი თამაში ელოდებათ:
8 თებერვალი - "ლივერპული" (პრემ), 12 თებერვალი - "მანჩესტერ იუნაიტედი" (პრემ), 16 თებერვალი - "ლივერპული" (ასოც. თასი) და 19 თებერვალი - "ბაიერნი" (ჩემპ. ლიგა). ეყოფა თუ არა გუნდს ამ ყველაფრისთვის ენერგია, ამას უახლოეს მომავალში ვნახავთ. პირველი გამოცდა "ენფილდზეა" დანიშნული.
"ლივერპულის" სლოვაკი ცენტრალური მცველის, მარტინ შკრტელის თქმით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ მეტოქეს ცხოვრება გაურთულონ, მით უფრო, რომ ბოლოდროინდელი არასტაბილური ასპარეზობის შემდეგ ისინი განსაკუთრებულად არიან მონდომებულნი.
"ვესტ ბრომვიჩთან" თამაშის შემდეგ იმედგაცრუებულები ვართ. მიუხედავად ამისა, დარწმუნებულები ვართ, რომ "არსენალთან" გასამკლავებლად ძალები გვეყოფა. ისინი ჩემპიონატის ლიდერები არიან, ასე რომ, იოლი მატჩი ვერ იქნება. საკუთარი გულშემატკივრების თვალში რეაბილიტაციისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ," - აცხადებს ფეხბურთელი საკუთარ ვებ-გვერდზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"