ჯორჯო კიელინი: ვინც კალჩოპოლი გაიარა, მისთვის "ინტერი" მხოლოდ მტერია

AutoSharing Option
დიდი იტალიური დერბის შემდეგ "კორიერე დელო სპორტი" ჯორჯო კიელინის ესაუბრა და საინტერესო ინტერვიუ ჩამოართვა. "იუვენტუსის" ცენტრალურმა მცველმა აქტუალურ თემებზე ისაუბრა და დროა, სიტყვა მას გადავცეთ...

- "ინტერთან" მატჩები განსაკუთრებულია თუ თქვენთვის ყველა მატჩი თანაბრად მნიშვნელოვანია?
- მოდუნება არც ერთ შეხვედრაში არ შეიძლება, მაგრამ ბუნებრივია, რომ არის განსაკუთრებული მატჩები, რომლებიც მილიონობით გულშემატკივარს იზიდავს. ასეთია დიდი იტალიური დერბი და "ინტერთან" დაპირისპირება. როდესაც ეგზალტირებულ გულშემატკივარს ხედავ, შენც უფრო მოტივირებული ხდები და ძალა გემატება. რა თქმა უნდა, "ინტერთან" მატჩი ყოველთვის განსაკუთრებულია.

- "ინტერი" თქვენთვის
მტერია?
- ვფიქრობ, "ინტერი" მტერია ყველასთვის, ვინც კალჩოპოლი გაიარა. დღემდე ვერ გავიგე, რატომ დაისაჯა ასე მკაცრად "იუვენტუსი" და რატომ არ შეეხო არაფერი "ინტერს". შედეგად, ჩვენ სერია B-ში აღმოვჩნდით, "ინტერმა" კი ზედიზედ რამდენიმე სკუდეტო მოიგო. ძლიერი მოედანზე უნდა გამოვლინდეს და არა კულისებში. არაფერს ვერჩი დღეს "ინტერში" მოთამაშე ფეხბურთელებს და მათი ნაწილი ჩემი მეგობარია, მაგრამ ამ გუნდის მიმართ მტრულად ვარ განწყობილი.

- რატომ ჩამოყალიბდა შედარებით მეგობრული ურთიერთობა "იუვენტუსსა" და "მილანს" შორის?
- ამ გუნდების გულშემატკივრებს შედარებით კარგი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან და ეს ფეხბურთელებზეც შესაბამისად აისახება. შესაძლოა იმიტომ, რომ წლების განმავლობაში, "იუვენტუსი" შიდა ასპარეზზე იყო პორველი, "მილანი" კი ევროპაში, ეს კი ურთიერთპატივისცემას იწვევდა. რთულია დღეს ამის ანალიზი და გარჩევა.

- რაჯა ნაინგოლანმა პირდაპირ განაცხადა, რომ მას "იუვენტუსი" სძულს...
- არ მიკვირს, რადგან "რომა" უკვე წლებია, რაც "იუვენტუსს" მისდევს და ვერაფრით ეწევა. 5 წელია, რაც ჩემპიონი ჩვენ ვხდებით და ეს ბევრის გაღიზიანებას იწვევს. ნაინგოლანმა გულახდილად თქვა ის, რასაც განიცდის, რაც დასაფასებელია. როდესაც ერთმანეთს ვხვდებით, ყოველთვის სასიამოვნო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს და არა მგონია, "იუვეს" ფეხბურთელების მიმართ ცუდად იყოს განწყობილი.

- როდემდე იქნება "იუვენტუსი" პირველი იტალიაში?
- იქამდე, სანამ კონკურენტებზე ძლიერი იქნება. ფაქტია, რომ ამ დროისთვის, ჩვენ საუკეთესო შემადგენლობა გვყავს და საუკეთესო ფეხბურთს ვაჩვენებთ. "ინტერის" მესვეურები გაბრაზდნენ ჩვენთან მარცხის შემდეგ და მსაჯი გააკრიტიკეს, მაგრამ მათ ყველაზე კარგად იციან, რომ ჩვენ უკეთ ვითამაშეთ და სამი ქულა დავიმსახურეთ. რეალურად, დღეს საუკეთესო გუნდი გვყავს და იმედია, მომავალშიც ასე იქნება.

- დადგა დრო, როდესაც "იუვენტუსი" ევროპაშიც საუკეთესო უნდა გახდეს?
- ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დღეს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გვყავს ევროპაში და "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის მოგების რეალური პრეტენდენტია. ამისთვის ევროპის უძლიერესი გუნდების დამარცხება გვმართებს, რისთვისაც მზად ვართ. ეს ისეთი ტურნირია, სადაც ერთმა შეცდომამ შესაძლოა, მთელი შრომა წყალში ჩაგიყაროს და ამიტომ მაქსიმალური მობილიზება და კონცენტრაცია გვმართებს. როდესაც ლიონელ მესის ან კრიშტიანო რონალდოს წინააღმდეგ თამაშობ, ერთი წამითაც არ შეიძლება მოდუნება.

- თუმცა, სანამ მესიმდე და რონალდომდე მიხვალთ, "პორტუს" ბარიერი გაქვთ გადასალახი...
- ჩემპიონთა ლიგაზე სუსტი გუნდები არ არსებობენ და მით უმეტეს, ჩვენ "პორტუზე" ვლაპარაკობთ - მდიდარი ტრადიციების გუნდზე, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის დიდი გამოცდილება აქვს. პორტუგალიელები შემტევ ფეხბურთს თამაშობენ და ყურადღებით გვმართებს ყოფნა. ფავორიტად "იუვენტუსია" შერაცხილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტოქე ფსიქოლოგიური წნეხისგან გათავისუფლებული იქნება და თავისუფლად ითამაშებს. ვნახოთ, წინ საინტერესო მატჩები გველის.

- მოგწონთ მასიმილიანო ალეგრის ახალი ტაქტიკური მონახაზი?
- ალეგრის არსენალში ყოველთვის რამდენიმე ტაქტიკური მონახაზია. სეზონი დაწყებული არ იყო, როდესაც ვარჯიშებზე 4-2-3-1 ტაქტიკით გვათამაშებდა. შემდეგ, როდესაც სეზონი დაიწყო, ამ ტაქტიკაზე, თითქოს, უარი თქვა, რაც ძალიან გამიკვირდა, თუმცა ყველამ ვნახეთ, რომ მეორე წრეში, როდესაც გადამწყვეტი მატჩები წამოვიდა, მაშინ გადააწყო გუნდი ამ სქემაზე. ალეგრი დიდი ტაქტიკოსია და მას სრულად ვენდობი. რამდენიმე ფეხბურთელი ახალ პოზიციაზე ვიხილეთ და მათ თავი შესანიშნავად წარმოაჩინეს.

- როდესაც "იუვენტუსი" 4-2-3-1 ტაქტიკით თამაშობს, კუადრადოს, დიბალას, მანჯუკიჩის და იგუაინის სახით მოედანზე ერთბაშად ოთხი გამოკვეთილი შემტევია. რამდენად რეალურია, რომ ასეთი თამამი სქემით "იუვემ" ევროპულ გრანდებთან წარმატებას მიაღწიოს?
- ეს მწვრთნელის საფიქრალია და მის კომპეტენციაში ნამდვილად ვერ ჩავერევი. მართალია, მოედანზე ოთხი შემტევი ფეხბურთელია, მაგრამ თუ დააკვირდებით, ხუან კუადრადო და მარიო მანჯუკიჩი აქტიურად იწევენ უკან და მცველებს ეხმარებიან. ასევე, პაულო დიბალა ხშირად იხევს სიღრმეში და ნახევარმცველებს უწევს დახმარებას. ტოტალური ფეხბურთის ეპოქაში, შეუძლებელია, რომ მოედანზე ოთხი ფეხბურთელი მხოლოდ შეტევაზე იყოს ორიენტირებული. ასეთი თამაშით არათუ ევროპული გრანდი, სერია A-ს აუტსაიდერიც მწარედ დაგსჯის.

- სულ უფრო ხშირად ხვდება "იუვენტუსის" ძირითად შემადგენლობაში დანიელე რუგანი. როგორ დაახასიათებთ მას?
- ის უკვე ჩამოყალიბებული პროფესიონალია, ვარსკვლავი, რომელიც უმაღლეს დონეზე თამაშობს. დარწმუნებული ვარ, ბევრი წლის განმავლობაში, რუგანი "იუვენტუსის" და იტალიის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის მცველი იქნება. როდესაც რუგანის და დიბალას ვუყურებ, ვრწმუნდები, რომ "იუვეს" დიდი მომავალი აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული