ჯან პიერო ვენტურა: ჩვენ შეგვიძლია, გავაოცოთ მსოფლიო

AutoSharing Option
იტალიის ნაკრებმა ოთხი დღის ინტერვალით ორი მატჩი გამართა და ორივეში გაიმარჯვა. 24 მარტს "სკუადრა აძურამ" მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ეგიდით ალბანეთს უმასპინძლა და ორი უპასუხო გოლი გაუტანა, 28 მარტს კი ამხანაგურად ჰოლანდიას ესტუმრა და ამსტერდამში დაამარცხა მეტოქე - 2:1.

ჯან პიერო ვენტურამ ალბანეთთან მატჩში 4-2-4 ტაქტიკა გამოიყენა, ხოლო ჰოლანდიასთან 3-5-2 სქემაზე შეაჩერა არჩევანი. ორივე მატჩში იტალია უპირატრესობას ფლობდა მეტოქეზე და დამსახურებულად გაიმარჯვა.

ამსტერდამში ვენტურამ გადაახალისა შემადგენლობა და ისეთ ფეხბურთელებს მისცა თამაშის საშუალება, რომლებსაც შესარჩევის შეხვედრებში ნაკლებად უწევთ ასპარეზობას, ორ ფეხბურთელს:
სიმონე ვერდის და ლეონარდო სპინაცოლას კი სულაც დებიუტი ჰქონდათ.

მიუხედავად ნახევრად ექსპერიმენტული შემადგენლობისა, იტალიამ აშკარად აჯობა ჰოლანდიას და შეეძლო უფრო დიდი ანგარიშითაც მოეგო. მატჩის შემდეგ, ვენტურამ ჟურნალისტებისთვის მოიცალა, განვლილი მატჩები შეაფასა და საინტერესო კომენტარები გააკეთა...

- როგორ შეაფასებთ ჰოლანდიასთან მატჩს?
- მთლიანობაში, ძალიან დადებითად, რადგან რაც გვქონდა მიზნად დასახული, ყველაფერი შევასრულეთ. მსურდა, 3-5-2 ტაქტიკის ნახვა და მოედნის ცენტრში უპირატესობის მოპოვება, რაც გამოგვივიდა. ამასთან, ორი გოლი შევაგდეთ და სასურველ შედეგს მივაღწიეთ. მიუხედავად იმისა, რომ მატჩი ამხანაგური იყო, შედეგს მაინც აქვს მნიშვნელობა.

- დარჩა შთაბეჭდილება, რომ იტალიის ნაკრებს ალბანეთთან უფრო გაუჭირდა, ვიდრე ჰოლანდიასთან...
- ალბანეთთან შესარჩევი ეტაპის მატჩი გვქონდა, რომელიც განსხვავებული ხასიათის იყო. მეტოქე თავგამოდებით იბრძოდა, დაცვაში დიდი ძალებით იდგა და ამან გაგვირთულა საქმე. საბედნიეროდ, პალერმოში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ. რაც შეეხება ამსტერდამში გამართულ მატჩს, უფრო აკადემიურად წარიმართა და სანახაობრივი თამაში გამოვიდა.

- რა შთაბეჭდილება დატოვეს თქვენზე ახალწვეულებმა?
- ფეხბურთელების გამორჩევის მომხრე არ ვარ, გუნდის თამაშით კი კმაყოფილი დავრჩი. არ იყო არც ერთი ფეხბურთელი, რომელმაც გამაწბილა და ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული ამოცანა როგორც ალბანეთთან, ისე ჰოლანდიასთან შეხვედრებში.

- რას უნდა ველოდოთ ამ ფორმაციის იტალიის ნაკრებისგან?
- ჩვენ შეგვიძლია, რომ გავაოცოთ მთელი მსოფლიო, მაგრამ იქამდე მუნდიალზე გასვლაა საჭირო. მე მჯერა ამ ფეხბურთელების და ამ გუნდის...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული