სტეფანო პიოლი: პოსტის დატოვების არ მეშინია

AutoSharing Option
სტეფანო პიოლის "ინტერი" უცნაური გუნდია - შეუძლია ზედიზედ მოიგოს რთული შეხვედრები და შემდეგ მოულოდნელი მარცხი იწვნიოს.

თუ ფეხბურთში რაიმე ლოგიკა არსებობს, ჩემპიონთა ლიგის საგზურზე დაგეშილ "ნერაძურის" უმოტივაციოდ დარჩენილი "სამპდორიასთვის" უნდა მოეგო, მაგრამ დამარცხდა და მესამე ადგილზე მყოფ "ნაპოლის" მთელი 9 ქულით ჩამორჩა.

შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ მილანური გრანდი ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბი ტურნირზე მოხვედრას ვეღარ შეძლებს და ჩემპიონატის დასრულებამდე 8 ტურით ადრე გუნდის პროგრამა-მაქსიმუმი ევროპალიგის ზონაში მოხვედრაა.

ეს პიოლისთვის განაჩენია?
მას შემდეგ, რაც "ინტერი" სტეფანო პიოლიმ ჩაიბარა, მუდმივად ლაპარაკობენ იმაზე, რომ თუ
გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა, მწვრთნელს ზაფხულში პოსტის დატოვება მოუწევს. "სამპდორიასთან" მარცხის შემდეგ სამეულში მოხვედრა უტოპიაა და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სტეფანო პიოლის განაჩენი უკვე ცნობილია და მომდევნო სეზონიდან ის აღარ იქნება "ნერაძურის" მესაჭე? - ამაზე თავად პიოლიმ შემდეგი განაცხადა:

"მწვრთნელები მუდმივად ჩემოდნებზე ვსხედვართ და შესაბამისად, პოსტის დატოვების არ მეშინია. როდესაც ამ პროფესიას ხელს ჰკიდებ, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. ჩემი სურვილია, რომ დავრჩე გუნდში, რადგან დარწმუნებული ვარ, სწორი გზით მივდივართ. არის სირთულეები, მაგრამ მთლიანობაში, წინ მივდივართ და სწორი მუშაობით გუნდი აუცილებლად დაუბრუნდება ევროპული ფეხბურთის ელიტას. დანარჩენი კლუბის მესვეურების გადასაწყვეტია და უმჯობესია, რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. წინ კიდევ 8 ტურია და ჩვენ გვექნება შანსი, რომ გამოვასწოროთ მდგომარეობა".

განრისხებული გაბიგოლი
"სამპდორიასთან" თამაშის საშუალება არ მიეცა "ინტერის" ბრაზილიელ თავდამსხმელ გაბრიელ ბარბოსას. გაბიგოლი დიდხანს ხურდებოდა, მაგრამ მწვრთნელმა მისი თამაშში ჩართვა არ ისურვა. როდესაც სტეფანო პიოლიმ მესამე ცვლილება განახორციელა, გაბრიელი სათადარიგოთა სკამისკენ განრისხებული გაემართა და რაც კი ხელში მოხვდა, ყველაფერი ისროლა...

გაბოგოლს მცირე სათამაშო დრო ეძლევა, რითაც ძალიან უკმაყოფილოა და შედეგად, კიდევ ერთხელ დაირხა ხმები მისი სხვა გუნდში შესაძლო გადაბარგების შესახებ. იტალიურ სპორტულ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, გაბიგოლის გადაბირება რამდენიმე იტალიურ და ინგლისურ კლუბს სურს, მათ შორის: "ფიორენტინას", "ტორინოს", "ევერტონსა" და "საუთჰემპტონს". თავად ფეხბურთელს სათამაშო დრო სჭირდება და თუ ასე გაგრძელდა, ზაფხულში აუცილებლად იფიქრებს კარიერის სხვა გუნდში გაგრძელებაზე.

13 იტალიური გოლი
სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში, "ინტერის" მიერ გატანილი გოლებიდან 13 იტალიელ ფეხბურთელებზე მოდის: 5 გოლი ანტონიო კანდრევას ანგარიშზეა, 4 - მარტინს ედერის, ხოლო 2-2 რობერტო გალიარდინის და დანილო დამბროზიოს ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ სეზონში "ინტერის" იტალიური გოლების რაოდენობა ჯამში მხოლოდ 12 იყო.

ზოგადად, "ნერაძური" არასდროს გამოირჩეოდა იტალიელი ფეხბურთელების სიმრავლით და ამ სეზონში შედარებით შეცვლილია ვითარება - ძირითად შემადგენლობაში მუდმივად თამაშობენ დანილო დამბროზიო, რობერტო გალიარდინი და ანტონიო კანდრევა, მარტინს ედერი კი უფრო როტაციაშია, თუმცა სათამაშო დროის დეფიციტს არც ის განიცდის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული