გუნდის წარმატების მთავარ შემოქმედად მწვრთნელ ჯან პიერო გასპერინის მიიჩნევენ, მაგრამ ბუნებრივია, რომ მხოლოდ მწვრთნელი ვერაფერს გახდება, თუ ფეხბურთელებმა არ შეუწყვეს ხელი - "ატალანტაში" არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომლებსაც უკვე უმიზნებენ იტალიური და ევროპული გრანდები - თუ "ატალანტას" მესვეურებს წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნება სურთ, ზაფხულში მაცდურ წინადადებებზე მოუწევთ უარის თქმა. და მაინც, რომელ ფეხბურთელებზეა განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა?
ფრენკ კესი
20 წლის ნახევარმცველი,
ლეონარდო სპინაცოლა
24 წლის მარცხენა ნახევარმცველი, რომელსაც დაცვაშიც შეუძლია თამაში. ლეონარდო სპინაცოლა საიმედოა დაცვით ფაზაში და აქტიური შეტევაში. სპინაცოლა "იუვენტუსს" ეკუთვნის და ბოლო ინფორმაციით, ტურინელები მის დაბრუნებას აპირებენ - "ატალანტა" შეეცდება, რომ ლეონარდო კიდევ ერთი სეზონით ინათხოვროს.
მატია კალდარა
23 წლის მატია კალდარას "იუვენტუსთან" აქვს კონტრაქტი გაფორმებული, "ატალანტას" მესვეურები კი შეეცდებიან, რომ ტურინულ გრანდთან შეთანხმებას მიაღწიონ და უნიჭიერესი ცენტრალური მცველი კიდევ ერთი წლით დაიტოვონ. "ატალანტა" ევროპალიგაზე ითამაშებს და ბერგამოული კლუბის მესვეურებისთვის წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნება პრიორიტეტული მიზანია.
ანდრეა კონტი
"ატალანტას" მარჯვენა მცველი, რომლის გადაბირება ერთბაშად რამდენიმე იტალიურ კლუბს სურს, მათ შორის, "ნაპოლის", "რომას" და "ინტერს". მიმდინარე სეზონში, ანდრეა კონტი ბრწყინვალედ ასპარეზობს და გუნდის წარმატებებში ლომის წილი შეაქვს. 23 წლის უკანახაზელმა მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ბერგამოში ბედნიერია და კიდევ ერთი წლით სიამოვნებით დარჩება "ატალანტაში", თუმცა ეს მხოლოდ მასზე არაა დამოკიდებული.
ანდრეა პეტანია
21 წლის ფორვარდს 33 შეხვედრაში მხოლოდ 5 გოლი აქვს გატანილი, მაგრამ მოედანზე კოლოსალურ შრომას ასრულებს, 9 საგოლე პასი აქვს გაკეთებული და ეს შეუმჩნეველი არც იტალიის ნაკრების მწვრთნელ ჯან პიერო ვენტურას დარჩენია - ანდრეა პეტანია ბოლო სანაკრებო შეკრებაზე იყო გამოძახებული.
პეტანია "მილანის" აღზრდილია და მისი დაბრუნება "როსონერის" ახალ მესვეურებს სურთ - ანდრეას მიმართ ინტერესს მეორე მილანური კლუბი, "ინტერიც" იჩენს და მზადაა, რომ ახალგაზრდა ფორვარდის სანაცვლოდ, 20 მილიონი ევრო გადაიხადოს. თავად პეტანიამ მოკლე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მისთვის "ინტერში" თამაში არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"