"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, მასიმომ უკვე შეათანხმა კონტრაქტის დეტალები ფლორენციულ კლუბთან და რადგან "მილანთან" მას უკვე აღარაფერი აკავშირებს, ხელშეკრულების გაფორმებას წინ აღარაფერი უდგას. ორიოდე დღის წინ ამბროზინიმ მოკლე კომენტარი გააკეთა და მაშინვე გაცხადდა, რომ ყველაზე სავარაუდო მისი "ვიოლაში" გადაბარგება იყო:
"ფლორენცია მსოფლიოს ულამაზესი ქალაქია, სადაც დიდი სიამოვნებით ვიცხოვრებდი. მომწონს "ფიორენტინაც" და ის გეგმებიც,
ერთი სიტყვით, ამბროზინიმ ყველანაირად მიგვანიშნა, რომ "ფიორენტინაში" აპირებდა გადასვლას და 18 ივნისს ეს ცნობა პრაქტიკულად დადასტურდა. ამრიგად, ვეტერანი ფეხბურთელისთვის "ვიოლა" კარიერაში მეოთხე გუნდი იქნება - "მილანის" გარდა, მან ცოტა ხანი იასპარეზა "ჩეზენასა" და "ვიჩენცაში".
კუადრადო რჩება
გასულ ზაფხულს "უდინეზედან" "ფიორენტინაში" იჯარის წესით ხუან კუადრადო გადავიდა და ბოლო დრომდე გაურკვეველი იყო, გამოისყიდიდა თუ არა ფლორენციული კლუბი 25 წლის შემტევს... კუადრადომ ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა და ამ მხრივ, კითხვის ნიშნები არ ყოფილა, მაგრამ ფრიულელები ითხოვენ საკმაოდ დიდ თანხას, რასაც შეეძლო კიდეც ტოსკანელთა დაფრთხობა.
თუმცა, ასე არ მოხდა და "გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, ფლორენციელები მზად არიან, კოლუმბიელის სანაცვლოდ უდინელთა ბიუჯეტში 8 მილიონი ევრო გადარიცხონ. აქვე ვთქვათ, რომ გასულ სეზონში კუადრადომ 36 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი მიითვალა აქტივში. "ვიოლას" პრეზიდენტმა ანდრეა დელა ვალემ უკვე დაადასტურა, რომ ხუანი აუცილებლად დარჩება მის გუნდში.
ნახევარდაცვა კარგია, თავდასხმა?
გასულ სეზონში "ფიორენტინას" ძლიერი რგოლი ნახევარდაცვა იყო, სადაც ხუან კუადრადო, ბორხა ვალერო, დავიდ პისარო, ალბერტო აკვილანი და მანუელ პასკუალი ბრწყინვალედ მოქმედებდნენ. სატრასფერო კამპანია ხეირიანად დაწყებული არაა, რომ ფლორენციელებმა შუა ხაზი კიდევ უფრო გააძლიერეს - ჩამოთვლილ მოთამაშეებს ხოაკინ სანჩესი და მასიმო ამბროზინი ემატებათ, რაც სახუმარო ამბავი ნამდვილად არაა.
გავიგეთ ისიც, რომ "ვიოლაში" რჩება ხუან კუადრადოც და მოკლედ, ნახევარდაცვაში ფლორენციელებს ყველაფერი რიგზე აქვთ. მაგრამ რა იქნება თავდასხმაში?
სტევან იოვეტიჩმა ღიად განაცხადა, რომ ფლორენციის დატოვება სურს და ასეც მოიქცევა, ჯუზეპე როსიმ კი წელიწადნახევრიანი ტრავმა გადაიტანა და მის იმედზე მაღალი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდი ვერ იქნება. ლუკა ტონი "ვიოლას" ტოვებს... გამოდის, რომ თავდასხმაში ფლორენციელთა იმედი ადემ ლიაიჩია...
ეს არაა საკმარისი და ამიტომაც ანდრეა დელა ვალე მაღალი კლასის ფორვარდის ძიებაშია. ყველაზე ხშირად მარიო გომესზე საუბრობენ და კლუბის პრეზიდენტიც ყველაფერს აკეთებს, რომ გერმანელი თავისთან წაიყვანოს:
"მარიო ჩვენი უპირველესი სამიზნეა და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ტრანსფერი შედგეს. გერმანელები ფორვარდში დიდძალ თანხას ითხოვენ და არც ამაზე ვიხევთ უკან. მთავარია, თვითონ გომესს მოსწონს ფლორენციული ვარიანტი, რაც იმედს მაძლევს. ჩვენს ინტერესებში კიდევ რამდენიმე თავდამსხმელია და ყველაფერს მალე მოეფინება ნათელი".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"მილანი" და "ინტერი": ორი კაპიტნის ამბავი