იტალიის ნაკრები: ბრაზილიიდან ბრაზილიამდე

AutoSharing Option
ბრაზილიაში გამართულმა კონფედერაციათა თასის გათამაშებამ იტალიაში უდიდესი ინტერესი გამოიწვია. თავად განსაჯეთ, სტატისტიკის თანახმად, "სკუადრა აძურას" შეხვედრების სატელევიზიო რეპორტაჟებს ყოველმა მეოთხე იტალიელმა მიადევნა თვალი, რაც ამ ტურნირისთვის უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია.

ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ აპენინურ სპორტულ პრესაში განვლილ ბატალიებს დღემდე იხსენებენ, აანალიზებენ და მომდევნო ზაფხულს დაგეგმილი მუნდიალის ჭრილში განიხილავენ. "გაძეტა დელო სპორტმა" დეტალური სტატისტიკაც გამოაქვეყნა, რომელმაც ბევრ კითხვას გასცა პასუხი...

ტაქტიკა: პრანდელის 5 სქემა
კონფედერაციათა თასზე ჩეზარე პრანდელიმ 5 ტაქტიკური მოდელი გამოსცადა, რამაც მრავლისმნახველი იტალიელი ჟურნალისტებიც კი გააკვირვა...
5 შეხვედრაში 5 სქემა ბევრმა მეტისმეტად ჩათვალა და "აძურას" მწვრთნელიც გააკრიტიკა. მუნდიალამდე არც ისე ბევრი დროა დარჩენილი და ექსპერტთა ნაწილი პრანდელის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებს.

სენიორ ჩეზარემ ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრაში 4-მცველიანი სქემა აირჩია, რაც როგორც შემდეგ პრანდელიმ აღიარა, შეცდომა იყო. როდესაც კარში ჯანლუიჯი ბუფონი გყავს, დაცვაში კი ანდრეა ბარცალი, ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი - ანუ ფეხბურთელები, რომლებიც 2 სეზონია 3-5-2 სქემით ასპარეზობენ, მათი ახალ ტაქტიკაზე გადაწყობა უდავოდ სარისკო იყო და ეს შიში გამართლდა კიდეც.

იტალიის ნაკრებმა ჯგუფის 3 შეხვედრაში 8 გოლი გაუშვა (!), რაც მეტისმეტი გახლდათ. სენიორ ჩეზარემ 3 მცველზე გუნდი ესპანეთთან ნახევარფინალურ პაექრობაში გადააწყო და დარწმუნდა, რომ ამ ფორმაციის "აძურამ" სწორედ ასე უნდა ითამაშოს. პირინეელებთან სრულიად სხვა გუნდი ვიხილეთ, რომელიც ორგანიზებულად იცავდა თავს და რომელმაც პლანეტის საუკეთესო შეტევას 120 წუთის განმავლობაში გოლი არ გაატანინა.

ურუგვაისთან მატჩში პრანდელიმ შემადგენლობა გადაახალისა, სასწორზეც ბევრი არაფერი იდო და ამ თამაშისთვის გვერდის ავლა თავისუფლად შეიძლება.

როდესაც ტაქტიკაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ჩეზარე პრანდელიმ პირველად გამოიყენა გამოკვეთილი ცენტრფორვარდის პოზიცია, რომელზეც ჯგუფში მარიო ბალოტელი ირჯებოდა, პლეი ოფში კი ალბერტო ჯილარდინო. ყველანაირი ტაქტიკის პირობებში, შეტევის ხაზი თითქმის უცვლელი იყო: გამოკვეთილ ცენტრფორვარდს უკნიდან ორი ფეხბურთელი ეხმარებოდა - ხშირად კლაუდიო მარკიზო და ემანუელე ჯაკერინი, უფრო ნაკლებად ალესანდრო დიამანტი და ალესიო ჩერჩი.

მოკლედ, კონფედერაციათა თასზე ორი საინტერესო ტენდენცია გამოიკვეთა - სამომავლოდ, ჩეზარე პრანდელი აქცენტს 3 მცველზე გააკეთებს, შეტევაში კი ტრიო იმოქმედებს და არა ტანდემი.

დაცვა
თავიდანვე აღვნიშნოთ, რომ ანდრეა ბარცალიმ ყველაზე ცუდი ტურნირი ჩაატარა კარიერაში. პირველ ორ შეხვედრაში შეცდომათა კასკადი დააყენა და არც შემდეგ დაუკლია, რის გამოც ალბერტო ჯილარდინოს შემდეგ ყველაზე დაბალი შეფასება მიიღო.

ჯორჯო კიელინი მთლიანობაში კარგი იყო, ლეონარდო ბონუჩი კი საშუალო. ნათლად გამოჩნდა, რომ კრისტიან მაჯო კლასიკური მცველი არაა და მას უფრო 3-მცველიან ტაქტიკაში, ნახევარდაცვაში ეხერხება თამაში.

ესპანელებსა და ურუგვაელებთან მაჯომ უმაღლეს დონეზე ითამაშა და ძირითად შემადგენლობაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა. აქვე ვთქვათ, რომ მისი უშუალო კონკურენტი ინაციო აბატეა, რომელზეც აქცენტი ალბათ მაშინ გაკეთდება, როდესაც პრანდელი 4-მცველიან ტაქტიკას შეარჩევს.

პრანდელიმ აღიარა, რომ დაცვის მარცხენა ფრთაზე მეტი არჩევანი უნდა ჰქონოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნაკრებს შესაძლოა ფედერიკო ბალცარეტი ან დომენიკო კრიშიტო დაუბრუნდეს. კონფედერაციათა თასზე მარცხნივ მუდმივად მატია დე შილიო თამაშობდა. რომ არა ტრავმა, ბრაზილიაში უნდა ყოფილიყო ლუკა ანტონელი და შესაძლოა, მასზე გაკეთდეს აქცენტი.

ნახევარდაცვა
ნახევარმცველთა შორის ყველაზე მაღალი შეფასება დანიელე დე როსიმ მიიღო, რომელიც მეტწილად შუა ხაზში ირჯებოდა, თუმცა ერთხელ ცენტრალური მცველის როლი იტვირთა, კერძოდ, ესპანეთთან შეხვედრის ბოლო 3 ტაიმში. რიკარდო მონტოლივოს და კლაუდიო მარკიზიოს გამონათებები ჰქონდათ, თუმცა მეტი რომ შეუძლიათ, ესეც ფაქტია. ცოტა დრო მიეცათ ალესიო ჩერჩის და ალესანდრო დიამანტის, რომელთა მუნდიალზე გამგზავრება ისეთივე სათუოა, როგორიც კონფედერაციათა თასამდე იყო.

სამაგიეროდ, დიდი განაცხადი გააკეთა ანტონიო კანდრევამ, რომელიც მეტილად მარჯვენა გარემარბად ირჯებოდა და ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა. ანტონიო განსაკუთრებით კარგად ესპანეთთან გაისარჯა, როდესაც ჟორდი ალბას უამრავი თავსატეხი გაუჩინა. იმ შეხვედრაში მაჯომ და კანდრევამ ფლანგი მთლიანად გააკონტროლეს და აშკარად აჯობეს ალბა-სილვას ტანდემს.

მოკლედ, კანდრევა კონფედერაციათა თასზე სხვა დონეზე ათამაშდა და მუნდიალისკენ უდიდესი ნაბიჯი გადადგა.

თავდასხმა
ცოტა უცნაური კია, მაგრამ ჩეზარე პრანდელიმ შეცდომა თავდასხმის შერჩევის დროსაც დაუშვა და ეს თვითონვე აღიარა - ორად-ორი გამოკვეთილი ფორვარდი მარიო ბალოტელის და ალბერტო ჯილარდინოს სახით, რაც აშკარად არ იყო საკმარისი. სუპერმარიომ ტრავმა მიიღო და "სკუადრა აძურა" ჯილარდინოს იმედზე დარჩა. ჯილას იმედზე მტერი იყოსო, როგორ ვთქვათ, მაგრამ რეალობა სწორედაც რომ ასეთია - ალბერტოს ესპანეთსა და ურუგვაისთან, პრაქტიკულად, არაფერი გაუკეთებია და ამიტომაც მიიღო "გაძეტა დელო სპორტისგან" ყველაზე დაბალი შეფასება.

ბალოტელი ხელშეუხებელია და ის უდავოდ საუკეთესოა იტალიელ შემტევთა შორის. რაც შეეხება სტეფან ელ შაარავის და სებასტიან ჯოვინკოს - პირველისგან მეტს ველოდით, მეორისგან ნაკლებს. სებას "იუვენტუსში" იშვიათად ათამაშებდნენ და ბევრმა მისი ბრაზილიაში გამგზავრებაც კი გაიკვირვა - ამ ფონზე, მისი თამაში უდავოდ დადებითად უნდა შევაფასოთ, განსაკუთრებით კარგად კი იაპონიასთან შეხვედრისას წარმოჩინდა.

კონფედერაციათა თასმა "სკუადრა აძურას" თავდასხმას შემდეგი კონტურები მისცა: ბალოტელი უკონკურენციოა; ელ შაარავის პოზიციები არც ისეთი მყარია, როგორც ეს ბრაზილიურ ტურნირამდე ჩანდა; თავისუფლად შეიძლება სება ჯოვინკოს მეტი დრო მიეცეს; ალბერტო ჯილარდინოს ნაკრებში ყოფნას სერიოზული კითხვის ნიშანი დაესვა; პრანდელიმ შემტევთა ძიება უნდა გააგრძელოს და მეტი შანსი მისცეს იმ ფორვარდებს, რომლებსაც აქამდე პრაქტიკულად არ ენდობოდა.

ვნახოთ, როგორ განვითარდება "აძურა" კონფედერაციათა თასის შემდეგ.

ფეხბურთელები
საშუალო შეფასება "გაძეტა დელო სპორტისგან"
ანტონიო კანდრევა 6.83
ემანუელე ჯაკერინი 6.70
მარიო ბალოტელი 6.67
დანიელე დე როსი 6.50
ანდრეა პირლო 6.33
ჯორჯო კიელინი 6.30
სებასტიან ჯოვინკო 6.25
ჯანლუიჯი ბუფონი 6.10
ალესანდრო დიამანტი 6.00
დავიდე ასტორი 6.00
ალესიო ჩერჩი 6.00
მატია დე შილიო 6.00
რიკარდო მონტოლივო 5.90
კლაუდიო მარკიზიო 5.75
კრისტიან მაჯო 5.75
ინაციო აბატე 5.67
ლეონარდო ბონუჩი 5.50
სტეფან ელ შაარავი 5.50
ალბერტო აკვილანი 5.38
ანდრეა ბარცალი 5.33
ალბერტო ჯილარდინო 5.30

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იტალიაში დაბრუნებულმა ჩეზარე პრანდელიმ შეცდომები აღიარა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული