ანტონიო კასანო: "ინტერის" ქომაგად ვრჩები

AutoSharing Option
ანტონიო კასანო მხოლოდ 31 წლისაა, მაგრამ ევროპული ფეხბურთის გრანდში მისი ადგილი არ მოიძებნა - შედეგად, ის მოკრძალებული ამბიციების მქონე "პარმაში" გადაბარგდა და ემილიურ გუნდში კარვალიო ამაურის მხარდამხარ ასპარეზობს. ბოლო ხანს კასანო იშვიათად ჩნდება პრესის ფურცლებზე და მისი ინტერვიუს გაცნობა საინტერესო უნდა იყოს...

- როგორ გრძნობთ თავს ახალ გუნდში?
- "პარმაში" თბილად მიმიღეს, თანაც, ახალი თანაგუნდელების უმეტესობას ახლოს ვიცნობდი და შესაბამისად, ადაპტაციისთვის დრო არ დამჭირვებია. ემილიაში თავს შესანიშნავად ვგრძნობ და არ ვნანობ, რომ "პარმაში" თამაშზე უარი არ ვთქვი. არადა, ერთი ხანობა
უცხოეთში წასვლაც კი მქონდა გადაწყვეტილი.

- რა მიზნებს ისახავს "პარმა" მიმდინარე სეზონში?
- ჩვენი მიზანი ცხრილის ზედა ნაწილში ყოფნაა, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. "პარმაში" საკმაოდ ძლიერი შემადგენლობაა თავმოყრილი და ვფიქრობ, ამ გუნდს გაცილებით უკეთ შეუძლია თამაში. შეთამაშების მხრივ, გარკვეული პრობლემები გვაქვს და მთავარია, სწორედ ეს ხარვეზები აღმოვფხვრათ მოკლე დროში.

- მხოლოდ 31 წლის ხართ და არ გაქვთ ამბიცია, რომ უფრო მაღალ დონეზე თამაშობდეთ?
- კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ "პარმაში" გადმოსვლა ერთი წუთითაც არ მინანია. ტიტულებისთვის ბრძოლა ნებისმიერი სპორტსმენისთვის უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც საყვარელი საქმით სიამოვნების მიღებაა. ახალ გუნდში თავს კარგად ვგრძნობ და დანარჩენზე არ ვფიქრობ.

- რთული დასაჯერებელი იქნება, თუ იტყვით, რომ "ინტერის" გულშემატკივრად რჩებით...
- უნდა დაიჯეროთ, რადგან ეს მართლაც ასეა. "ინტერის" მიმართ სიმპათია არასდროს დამიმალავს და ამ გუნდს დღემდე ვქომაგობ. თუმცა, პირადად ვალტერ მაცარის ნამდვილად ვერ ვუგულშემატკივრებ, რადგან მასთან კარგი ურთიერთობა არასდროს მქონია.

დაინიშნა თუ არა "ინტერის" მესაჭედ, მყისვე ჩემი გაშვება მოითხოვა. მაცარი ბრწყინვალე მწვრთნელია და მის ხელში "ნერაძურის" წარმატების დიდი შანსი აქვს, მაგრამ როგორც პიროვნება, ჩემს პატივისცემას არ იმსახურებს.

- ბოლო პერიოდში აღარც იტალიის ნაკრებში გიწვევენ და ალბათ, ჩეზარე პრანდელიზეც ნაწყენი ხართ...
- არა, პრანდელიზე ნაწყენი ნამდვილად არ ვარ. ჩეზარეს ვესაუბრე და მან მითხრა, რომ შესარჩევ ციკლში ჩემი გამოყენების აუცილებლობას ვერ ხედავს. თუ მუნდიალის წინ კარგ სათამაშო ფორმაში ვიქნები, ბრაზილიაში გამგზავრების შანსი მექნება, ეს კი უდიდესი სტიმულია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მუნდიალზე ვიასპარეზო.

- ანუ არის შანსი, მუნდიალზეც ვიხილოთ ანტონიო კასანოსა და მარიო ბალოტელის ტანდემი...
- დიახ, რატომაც არა. მარიო ჩემი ახლო მეგობარია და მის მხარდამხარ თამაში უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს. თანაც, ბალოტელი ჩემს თავს მაგონებს, როდესაც 20 წლის ვიყავი და მისთვის ბევრი სასარგებლო რჩევის მიცემა შემიძლია. დიდი იმედი მაქვს, რომ ბრაზილიაში მართლაც იხილავთ ანტონიო კასანოს და მარიო ბალოტელის ტანდემს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ანტონიო კასანო "პარმაში" მიდის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული