იტალია. სერია A. IX ტურის შეჯამება და სიმბოლური: VENI RUDI VICI

AutoSharing Option
"რომას" მიჯრით მეცხრე გამარჯვება, "მილანის" მორიგი ფიასკო, "ფიორენტინას" ზედიზედ მეორე "ქამბექი", "იუვენტუსის" და "ინტერის" დამაჯერებელი გამარჯვება და გონსალო იგუაინის პირველი დუბლი "ნაპოლის" მაისურით - ეს ყველაფერი სერია A-ს მიმდინარე გათამაშების მეცხრე ტურში მოხდა.

"რომამ" "იუვეს" რეკორდი გაიმეორა
მოსახდენი მოხდა - "რომამ" ჩემპიონატის სასტარტო 9 შეხვედრა მოიგო და ამით "იუვენტუსის" რეკორდი გაიმეორა. ტურინულმა გრანდმა ანალოგიურ შედეგს 2005/06 წლების სეზონში მიაღწია, მეათე მატჩი კი უკვე ვეღარ მოიგო. ცნობისთვის, მომდევნო ტურში "ჯალოროსი" "კიევოს" უმასპინძლებს.

გასულ უქმეებზე "რომამ" მებრძოლი ხასიათი გამოავლინა და ურთულეს შეხვედრაში
გაიმარჯვა. თამაში ახალი დაწყებული იყო, როდესაც "უდინეზემ" მეტოქეს მწვავედ შეუტია და მე-3 წუთზე მორგან დე სანკტისმა კინაღამ მეორე გოლი გაუშვა სეზონში. დიახ, მეორე - გასაოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ "რომას" ცხრა თამაშში მხოლოდ ერთი გოლი აქვს გაშვებული.

უდინეში თითქოს ყველაფერი ისე აეწყო, რომ "ჯალოროსის" ბრწყინვალე სერია უნდა დასრულებულიყო - რომაელებს ტრავმის გამო ფრანჩესკო ტოტი და ჟერვინიო აკლდათ, მეორე ტაიმის შუაწელს კი მოედნიდან დუგლას მაიკონი გააძევეს და სტუმრები კაცნაკლულნი დარჩნენ... მოკლედ, "რომა" ურთულეს ვითარებაში აღმოჩნდა, მაგრამ ამ ვითარებიდანაც გამარჯვებული გამოვიდა - ერთადერთი და გამარჯვების გოლი მაიკლ ბრედლიმ გაიტანა.

ნამატჩევს, კომენტარი "ჯალოროსის" ტრავმირებულმა კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ გააკეთა და შემდეგი განაცხადა: "ვულოცავ ჩემს თანაგუნდელებს, რომლებმაც გვაჩვენეს, რომ "რომას" აქვს მოგების განსაკუთრებული ჟინი, ძალა და კვერცხები".

და ერთიც, "ჯალოროსის" ტიფოზებმა ტრიბუნაზე საინტერესო ბანერი გამოკიდეს წარწერით: VENI RUDI VICI (შუა სიტყვა რუდი გარსიას საპატივცემულოდ).

იგუაინის პირველი ნეაპოლური დუბლი
"ნაპოლიმ" "ტორინოს" უმასპინძლა და გონსალო იგუაინის ორი ზუსტი თერთმეტმეტრიანის წყალობით მოუგო. ეს იყო არგენტინელი ფორვარდის პირველი დუბლი ნეაპოლურ გუნდში. მატჩის შემდეგ გონსალომ მადლობა გულშემატკივრებს გადაუხადა:

"ამ სტადიონზე თამაში ყოველთვის მიადვილდება, რადგან ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრები გვყავს. მაღალ დონეზე ვითამაშეთ და მეტოქე ყველა კომპონენტში დავჯაბნეთ. ჯერ ძალიან ადრეა საიმისოდ, რომ კონკურენტების შედეგებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებდეთ - მთავარია, ჩვენი თამაში ვაჩვენოთ და ყველაფერი კარგად იქნება".


"ნაპოლის" სასარგებლოდ დანიშნულმა ორივე თერთმეტმეტრიანმა ტურინელთა დიდი უკმაყოფილება და ხმაურიანი პროტესტი გამოიწვია. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მეორე პენალტი მართლაც არ იყო დასანიშნი და მსაჯი იმ ეპიზოდში ცალსახად შეცდა.

თამაშის მსვლელობისას განსაკუთრებით ემოციური სტუმართა თავკაცი ჯამპიერო ვენტურა იყო, თუმცა ნამატჩევს დამშვიდდა და განაცხადა, რომ მისმა გუნდმა წაგება დაიმსახურა. მართლაც, "ნაპოლი" თითქოს ბოლომდე არც დახარჯულა და დარჩა შთაბეჭდილება, რომ საჭიროების შემთხვევაში, კიდევ არაერთხელ შეეძლო "გრანატას" კარის დალაშქვრა.

მხიარული "ინტერი"

"ინტერი" "ვერონას" კარს თავიდანვე დააცხრა და მე-13 წუთზე ანგარიში უკვე 2:0 იყო. ასე მძლავრად "ნერაძურიმ" ბოლოს "ჩეზენასთან" დაიწყო. ის მატჩი კი 2011 წლის იანვარში გაიმართა, "ვერონასთან" პაექრობაში "ინტერმა" რვაჯერ დაარტყა კარის ჩარჩოში, ამაზე უკეთესო შედეგი კი გუნდს მხოლოდ "სასუოლოსთან" შვიდი უპასუხო ბურთით მოგებულ შეხვედრაში ჰქონდა.

მოკლედ, "ნერაძურიმ" მოინდომა, მთელი ძალებით შეუტია და სასურველი შედეგიც მოიმკა.

ერთი ეგაა, რომ "ინტერმა" ჯერ კიდევ არ იცის თავის კარგად დაცვა გამალებული შეტევების ფონზე და ამ კომპონენტზე ვალტერ მაცარის სერიოზული სამუშაო აქვს. "ვერონამ" ორი გოლი აგემა მეტოქეს და ცოტა მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ სტუმრებს დამაგვირგვინებელ ფაზაში, მატჩი კიდევ უფრო უხვგოლიანი გამოდგებოდა.

და მაინც, "ინტერმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და წესით, კლუბის ახალი მმართველი ერიკ ტოჰირი კმაყოფილი უნდა იყოს...

კოკა ყოველთვის ვერ მოიტანს წყალს
მიმდინარე სეზონში "მილანმა" არაერთი ისეთი მატჩი იხსნა, რომელშიც თითქოს განწირული იყო წასაგებად. მასიმილიანო ალეგრის შეგირდებს ბოლო წუთებზე გადაურჩენიათ მატჩები, ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოუფხვრიათ, მაგრამ კოკა ყოველთვის ვერ მოიტანს წყალს...

"მილანი" ამჯერადაც ახლოს იყო "ქამბექთან" - "პარმას" ორბურთიანი ჩამორჩენა ამოუქაჩა, მაგრამ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ მესამე გაუშვა და კიდევ ერთი მარცხი იწვნია. ნამატჩევს, ადრიანო გალიანი არბიტრს შემოსწყრა, ჩვენს სასარგებლოდ ორი თერთმეტმეტრიანი არ დანიშნაო და იმაზეც დაიჩივლა, მესამე გაშვებული ბურთის წინ მასპინძლებმა ჯარიმის შესრულებისას 5-6 მეტრი მოიპარესო.

მოკლედ, გალიანის და ალეგრის მიზეზები არ ელევათ - ამ უკანასკნელმა ყველაფერი ჩემპიონთა ლიგას და გადატვირთულ კალენდარს დააბრალა.

ალეგრის ცალკე ჰკითხეს მარიო ბალოტელის შესახებ, რომელმაც ცუდად ითამაშა და მეორე ტაიმის სტარტზევე შეცვალეს: "მარიოს არ წაუვიდა თამაში და ამიტომაც შევცვალე. ბალოტელიც ადამიანია და ხანდახან მასაც სჭირდება დასვენება. კარგი იქნება, თუ ამ ამბისგან სკანდალს არ ავაგორებთ, რადგან განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. მძიმე პერიოდი გვიდგას, მაგრამ სირთულეებს აუცილებლად დავძლევთ".

"მილანს" მართლაც ცუდად მისდის საქმეები, გულშემატკივრებს კი ის თუ დაამშვიდებთ, რომ ზამთარში "როსონერი" გვარიანად გაძლიერდება - აქედანვე ცნობილია, რომ ლომბარდიულ გრანდს ადილ რამი და კეისუკე ჰონდა შეუერთდებიან.

მონტელა: კუადრადოს ყველაფერი შეუძლია
ის, რაც "მილანმა" ვერ შეძლო, "ფიორენტინას" გამოუვიდა - ფლორენციელები აგებდნენ "კიევოსთან", მაგრამ საბოლოოდ, გამარჯვება მოიპოვეს - 2:1. ორივე გოლი ხუან კუადრადოს ანგარიშზეა, რომელმაც ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. ამად იყო, რომ პრესკონფერენციაზე ვინჩენცო მონტელამ ხუანი საგანგებოდ შეაქო:

"კუადრადო იმ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომლებსაც ყველაფერი შეუძლიათ. ხუანს დიდებული ტექნიკა აქვს, ძალიან სწრაფია და კარშიც ბრწყინვალედ ურტყამს. კოლუმბიელს არც სხვები ჩამორჩნენ და შედეგად, დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ".

მონტელას ჯუზეპე როსის შექებაც შეეძლო, რადგან კუადრადომ ორივე გოლი სწორედ მისი პასებით გაიტანა. აქამდე როსის საგოლე გადაცემა არ გაეკეთებინა და ერთბაშად ორი მიითვალა აქტივში. მოკლედ, ჯუზეპემ განსხვავებულ როლში გამოავლინა თავი და კიდევ ერთხელ დაგვანახვა, რომ "ფიორენტინასთვის" უდიდესი ძალაა.

ციფრები და ფაქტები
* "რომამ" "იუვენტუსის" რეკორდი გაიმეორა, მოიგო რა ჩემპიონატის 9 სასტარტო შეხვედრა.

* "რომამ" 9 თამაშში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა. ასეთი შედეგი მხოლოდ "კალიარის" და "ინტერს" ჰქონდათ 1965/66 წლების სეზონში.

* "რომასთან" მარცხით, "უდინეზემ" 22-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა სერია A-ში.

* "პარმამ" ზედიზედ მე-3 მატჩი მოიგო საკუთარ მოედანზე.

* მატიას სილვესტრი "მილანის" მეორე ფეხბურთელია, რომელმაც 2013 წელს გოლი თავური დარტყმით გაიტანა. იქამდე, თავურით ბოიან კრკიჩმა გაიტანა იანვარში.

* მიმდინარე სეზონში "მილანს" არც ერთი გასვლითი მატჩი არ მოუგია.

* როლანდომ "ინტერიდან" და ხოსე ანხელ კრესპომ "ბოლონიადან" პირველი გოლები გაიტანეს სერია A-ში.

* "ვერონას" არასდროს მოუგია "ინტერისთვის" გასვლითი მატჩი.

* მიმდინარე სეზონში "იუვენტუსმა" პირველად შეინახა კარი მშრალად საკუთარ მოედანზე.

* "ნაპოლის" საკუთარ მოედანზე 15-მატჩიანი წაუგებელია სერია აქვს.

* "კიევომ" ზედიზედ 3 საშინაო მატჩი წააგო. ასეთი შედეგი გუნდს ბოლოს 2008 წლის დეკემბერში ჰქონდა.

* "კალიარიმ" რომის ოლიმპიურ სტადიონზე მიჯრით მე-4 მატჩი წააგო.

* მიმდინარე სეზონში "სამპდორიამ" პირველი მატჩი მოიგო და პირველად შეინახა კარი მშრალად.

* მიმდინარე სეზონში "ბოლონიამ" პირველი მატჩი მოიგო.

ტურის სიმბოლური ნაკრები
Sportall.Ge
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. IX ტური: უსასრულო რომაული ზღაპარი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული