პეტკოვიჩი ამბობს, რომ "ბიანკოჩელესტესთვის" არასდროს უღალატია და მხოლოდ მას შემდეგ მიიღო შვეიცარიელთა წინადადება, რაც გაიგო, რომ კლაუდიო ლოტიტო მასთან ხელშეკრულების გაწყვეტას აპირებდა. ამ თემას შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციაც გამოეხმაურა და ბუნებრივია, მხარი მწვრთნელს დაუჭირა - თუმცა ეს არაა მთავარი და ყველაზე საინტერესო - ლოტიტო, პეტკოვიჩი და შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაცია როგორმე მორიგდებიან, ჩვენ კი იმაზე ვთქვათ, რა ბედი ელის "ლაციოს".
რეიას
როგორც იტალიელი სპორტული ჟურნალისტები იუწყებიან, გადაწყვეტილია, რომ "ლაციოს" სათავეში ედუარდო რეია ჩაუდგება. 58 წლის სპეციალისტი კლუბთან 6-თვიან ხელშეკრულებას გააფორმებს, გახანგრძლივების პერსპექტივით. თუ რომაული კლუბის მესვეურებმა 1-ელ ივლისს კონტრაქტი არ შეაჩერეს, ის ავტომატურად 1 წლით გაგრძელდება.
მოკლედ, ედიმ მეორედ შეცურა მდინარეში - დიახ, ის ერთხელ უკვე იყო "არწივთა" თავკაცი და გუნდს 2010-12 წლებში წვრთნიდა. მთლიანობაში, რეიას რომაული მუშაობა დადებითად უნდა შევაფასოთ, რადგან მისი "ლაციო" მუდმივად მაღალი ადგილებისთვის იბრძოდა. თავის დროზე, ედიმ წარმატებით იმუშავა "ნაპოლიშიც" - გუნდი სერია C1-ში ჩაიბარა და 4 წელიწადში ელიტაში აღაზევა.
რა იქნება შემდეგ?
თუ იტალიელ სპორტულ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, კლაუდიო ლოტიტოს ნაკლებად სჯერა, რომ ედი რეია სასწაულებს მოახდენს და ამიტომ აქედანვე ეძებს ახალ მწვრთნელს ახალი სეზონისთვის. პრესაში არაერთი სპეციალისტის გვარმა გაიჟღერა, რომელთა მომავალსაც რომაულ გუნდს უკავშირებენ. ერთ-ერთი პირველი პაოლო დი კანიო გახლდათ, მაგრამ თავად პაოლომ მოვლენათა ამგვარი განვითარება კატეგორიულად გამორიცხა.
შემდეგ ჯოვანი ტრაპატონიზე ალაპარაკდნენ და ეს ვარიანტი დღესაც მეტად აქტუალურია. ტრაპი სამწვრთნელო კარიერის დასრულებას არ აპირებს და წინადადებებიც ბლომად აქვს - მაგალითად, ერთ-ერთი ვერსიით, ჯოვანი კარიერას მექსიკის ეროვნული ნაკრების თავკაცის პოსტზე გააგრძელებს.
ლაპარაკია ასევე რობერტო დი მატეოზე, რომელმაც "ჩელსის" ნანატრი ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა. "გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი ფრანჩესკო გვიდოლინია, რომელმაც თითქოს ამოწურა შესაძლებლობები "უდინეზეში" და აღარ მალავს, რომ დიდი ალბათობით, ეს მისი ბოლო სეზონია უდინურ კლუბში.
მართალია, გვიდოლინმა ისიც თქვა, ჩემი ოცნება იტალიის ნაკრების გაწვრთნააო და პრანდელის წასვლის შემთხვევაში, მის შესაძლო შემცვლელად მოიაზრება, მაგრამ ჩეზარემ შესაძლოა დარჩენა გადაწყვიტოს; ასეთ შემთხვევაში, გვიდოლინისთვის "ლაციო" კარგი ვარიანტი უნდა იყოს. კიდევ ერთი კანდიდატი ჯუზეპე იაკინია, თუმცა მასზე ყველაზე ნაკლებს ლაპარაკობენ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"