დიდი იტალიური დერბის გამოხმაურება: რაში აჯობა "იუვემ" "ინტერს"?

AutoSharing Option
"იუვენტუსის" ექსფეხბურთელმა ჯანლუკა ვიალიმ განაცხადა, რომ ტურინულმა გრანდმა "ინტერი" სამ კომპონენტში დაჯაბნა:

"არ ვფიქრობდი, რომ "ინტერი" ტურინში აუცილებლად მოიგებდა, მაგრამ ასე თუ დაიჩაგრებოდა, ნაკლებად სავარაუდო იყო. "იუვენტუსმა" მეტოქეს სამ კომპონენტში აჯობა: მასპინძლები უკეთ იყვნენ მომზადებულნი ფიზიკურ ასპექტში და ამიტომ უპირატესობა თავიდანვე იგდეს ხელთ. უკეთესად წარმოაჩინეს ტექნიკა და საფეხბურთო ინტელექტი. მოკლედ, "ვეკია სენიორა" გაცილებით ძლიერი იყო და დამსახურებულად მოიგო"
.

ვიალის თქმით, "იუვემ" "ინტერი" ფიზიკურ მომზადებაში, ტექნიკასა და საფეხბურთო ინტელექტში დაჯაბნა; დარჩა კი რამე? - ზოგადად, "ვეკია სენიორა" რომ დღეს აშკარად აღემატება
"ნერაძურის", ეს ვიცოდით და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით.

შეუდარებელი პირლო
ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა ანდრეა პირლომ, რომელიც ბოლო ხანს რამდენჯერმე მოხვდა სათადარიგოთა სკამზე და ბევრმა ეჭვიც კი გამოთქვა, მისმა მატარებელმა ხომ არ ჩაიარაო... ასეთი დასკვნების გაკეთება აშკარად უადგილოა, პირლო შეუდარებელი იყო და ლომის წილი დაიდო მასპინძელთა გამარჯვებაში.

ანგარიში შტეფან ლიხტშტაინერმა სწორედ პირლოს დიდებული გადაცემის შემდეგ გახსნა, როდესაც მარჯვენა ფრთიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და თავური დარტყმით გაახვია ბურთი ბადეში. შტეფანიც ქების ღირსია, ფლანგზე შეუჩერებლად დარბოდა და აშკარად დაჯაბნა ასევე რეაქტიული იუტო ნაგატომო. ნაყოფიერი იყო კარლოს ტევესი, რომელიც კარგად ანაწილებდა გადაცემებს და გატანაც შეეძლო. აღარაფერს ვამბობთ არტურო ვიდალსა და ჯორჯო კიელინიზე, გოლები გოლებად და მთელი თამაში უშეცდომოდ ჩაატარეს.

ნამატჩევს, ანტონიო კონტე ძალიან კმაყოფილი ჩანდა: "იყო ხარვეზები და ეს ყველაზე უკეთ მე ვიცი, მაგრამ მთლიანობაში, მაინც კმაყოფილი ვარ. შეგირდებმა დავალებების დიდი ნაწილი პირნათლად შეასრულეს და დამსახურებულად მოიგეს. თამაშის წინ მეტოქე დეტალურად გავშიფრეთ და ვიცოდით, რას დაგვიპირისპირებდნენ მილანელები. დამაგვირგვინებელ ფაზაში მეტი სიზუსტეა საჭირო, შეგვეძლო, უფრო დიდი ანგარიშითაც მოგვეგო".

"ინტერს" კლასი არ ეყო
"ინტერს" იუტო ნაგატომო კაპიტნობდა და ეს ფაქტი ბევრ რამეზე მეტყველებს. იაპონელის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ მილანელებს რომ უფრო გამოცდილი და სახელოვანი არავინ ჰყავდათ მოედანზე, "ინტერის" სასახელოდ ნამდვილად არ მეტყველებს.

ვალტერ მაცარის გუნდს კლასი დააკლდა იმისთვის, რომ "იუვენტუსთან" ტოლ-სწორად ეთამაშა. უგო კამპანიარო, როლანდო და ჟუან ჟესუსი ტურინელთა შეტევებს ვერ უმკლავდებოდნენ; კუზმანოვიჩი და ტაიდერი ცენტრში ჩაიკარგნენ; ჯონათანი და ნაგატომო ლიხტშტაინერმა და ასამოამ დაჩაგრეს; მილანელთა შემტევებს კი ჯორჯო კიელინიმ, ანდრეა ბარცალიმ და ლეონარდო ბონუჩიმ სუნთქვის საშუალება არ მისცეს.

ყველაზე უკეთ შეცვლაზე შესული რუბენ ბოტა გაისარჯა, რომელმაც შეტევა აშკარად გააძლიერა და სავარაუდოდ, მას მომავალში მეტი სათამაშო დრო მიეცემა. დებიუტი ჰქონდა დანილო დამბროზიოს, რომელიც მილანელებმა "ტორინოდან" გადაიბირეს და წესით, დაცვის მარცხენა ფლანგი უნდა ჩააბარონ. განაცხადში არ ყოფილა ერნანესი, რომელიც გუნდს მომდევნო ტურიდან შეუერთდება.

მოკლედ, "ინტერმა" "იუვეს" ბევრი ვერაფერი დაუპირისპირა, მაგრამ თუ ბოტამ ასევე გააგრძელა, დამბროზიომ დაცვა გააძლიერა, ერნანესმა შეტევას კლასი შემატა და თუ მილანელებმა ფრედი გუარინიც შეირიგეს, იქნებ ლომბარდიული გრანდი სხვა დონეზე ათამაშდეს.

ბოლოს ვალტერ მაცარის გადავცეთ სიტყვა: "ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს სასწავლი და განვლილმა პაექრობამ ამაში დაგვარწმუნა. მეტოქე უფრო მიზანდასახული და სპორტულად აგრესიული იყო, ჩვენ კი თითქოს სირბილი გვეზარებოდა. როდესაც "იუვენტუსს" უჭირს, ფეხბურთელები კიდევ უფრო მეტად იკვრებიან ერთ მუშტად და საკუთარ თავზე მაღლა ხტებიან, ჩვენ კი ეს ყველაფერი გვაკლია.

მატეო კოვაჩიჩმა ჩემი დავალებები ვერ შეასრულა და როდესაც რუბენ ბოტა ჩაერთო თამაშში, შედარებით გამოვასწორეთ მდგომარეობა - შეტევაშიც გავაქტიურდით და ვეღარც პირლო გრძნობდა თავს ისე თავისუფლად. მთლიანობაში, სამართლიანად დავმარცხდით".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული