"ოქროს ბურთი", მისტიკა და მეკარის ბედი - ინტერვიუ ჯანლუიჯი ბუფონთან

AutoSharing Option
2014 წლის "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სამეულში ორი გიგანტის, ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს გარდა, გერმანიის ნაკრებისა და მიუნხენის "ბაიერნის" მეკარე მანუელ ნოიერია.

ასე ახლოს გოლკიპერი ამ აღიარებასთან 2006 წლის მერე არ ყოფილა, როდესაც იტალიის ნაკრებისა და ტურინის "იუვენტუსის" ლიდერი ჯანლუიჯი ბუფონი მეორე ადგილზე გავიდა - იგი თანამემამულე ფაბიო კანავაროს ჩამორჩა.

სწორედ ჯიჯის საინტერესო მოსაზრებას გავეცნობით - რატომ არის მეკარეებისთვის ასეთი რთული "ოქროს ბურთის" მოპოვება და ვის ეკუთვნის 2014 წლის ჯილდო, რომელსაც გამარჯვებულს 2015 წლის 12 იანვარს ციურიხში გადასცემენ.

- რა
აზრები მოგდით თავში, როდესაც "ოქროს ბურთზე" ფიქრობთ?
- ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდოა ფეხბურთელისთვის, რადგან ეს შენი შრომის უდიდესი აღიარებაა. ინდივიდიუალურ დონეზე ამაზე მეტს ვერ მიაღწევ. საყოველთაო აღიარება კი სიამაყის საფუძველს გაძლევს და გსიამოვნებს, რომ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ ეწერები.

- 2006 წელს, ფაბიო კანავაროს შემდეგ მეორე ადგილზე გახვედით. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს თქვენთვის?
- რეალურად მეორე ადგილი არავის ახსოვს, განსაკუთრებით სპორტში. რა თქმა უნდა, მეამაყებოდა, რადგან ესეც დიდი აღიარება გახლდათ, რომელიც გუნდურ მუშაობას და წარმატებას მოჰყვა. თუმცა მეორე ადგილს მნიშვნელობა არ აქვს. ფაბიომ იმარჯვა იმიტომ, რომ მეტად იმსახურებდა ამას.

- ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ეს ჯილდო მეკარემ მოიპოვა 1963 წელს დაფიქსირდა - პრიზი ლევ იაშინმა მოიგო. რატომ არის გოლკიპერებისთვის ასე რთული ამ აღიარების მოპოვება?
- მხოლოდ სირთულეში არ არის საქმე. უნდა ვისაუბროთ ისტორიულად დამკვიდრებულ კრიტერიუმებზე და სხვადასხვა ფაქტორზე. იაშინი განსაკუთრებული მოვლენა იყო, ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა. თუმცა მას ოდნავ ისიც დაეხმარა, თუ რომელ ქვეყანას წარმოადგენდა. იმ დროისთვის არსებობდნენ მოთამაშეები, რომელთა თამაშის ხილვაც ადვილად ხელმისაწვდომი არ გახლდათ, ტელეტექნიკა ასე განვითარებული არ იყო. ასე რომ, იმ დროის ლეგენდებს მისტიკა და იდუმალებაც სძენდა დამატებით ქარიზმას.

თუმცა, ცხადია, "ოქროს ბურთის" მოსაგებად მარტო ეს საკმარისი არ გახლდათ, უბრალოდ, ეს ემატებოდა კარგ თამაშს. დღესდღეობით, მეკარისთვის ამ ჯილდოს მოგება თითქმის წარმოუდგენელია და რაღაც განსაკუთრებული უნდა მოხდეს.

ხშირად ასეთი აღიარება რეალურად არა საუკეთესო ფეხბურთელს ხვდება, არამედ მას, ვისაც ყველაზე მეტი გოლი გააქვს ან გადამწყვეტ მატჩებში გადამწყვეტი გოლის ავტორი ხდება. ასე რომ, მეკარე, ალბათ, "ოქროს ბურთს" მაშინ მოიპოვებს, როდესაც გუნდს ჩემპიონობაში ისე დაეხმარება, რომ ზედიზედ ოთხჯერ პენალტების სერიაში იმარჯვებს და თან ყველა პენალტს მოიგერიებს (იცინის). ამ დროს თვალს უკვე ვეღარავინ დახუჭავს!

- თქვენ რომ ირჩევდეთ 2014 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელს, რა კრიტერიუმებს გამოიყენებდით?
- ჩემი აზრით, ჯილდოს ის მოთამაშეები იმსახურებენ ხოლმე, რომლებიც ახალგაზრდა ასაკიდან მოყოლებული სტაბილურად, მაღალ დონეზე თამაშობენ და თავიანთი გუნდების წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ.

- თქვენი აზრით, ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი" 2014 წელს?
- ალბათ, კრიშტიანო რონალდომ. მას ჩემპიონთა ლიგაც რომ ვერ მოეგო, აშკარად ბრწყინვალე თამაშს აჩვენებდა და ეს უნდა დაფასდეს. რონალდოს საუცხოო კარიერა აქვს და სტაბილურად შედეგიანია, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში. იგი ამ წუთას საუკეთესოა და აღიარებას იმსახურებს.

მიუხედავად ამისა, მთლიანობაში მგონია, რომ ლიონელ მესი საუკეთესოა, რადგან, თუ ოპტიმალურ ფორმაშია, მისი თამაშის ხილვა ერთ სიამოვნებად ღირს. ისე კი ამ ორს შორის დიდი სხვაობა არ არის, ისინი მართლაც უმაღლეს დონეზე თამაშობენ. როდესაც ერთი ოდნავ მოუკლებს, მეორე უკეთ გამოიყურება...

იმას, რასაც რონალდო უკანასკნელ პერიოდში აკეთებს - მართლაც უმაღლესი დონე ჰქვია. იგი ძალიან ნიჭიერია, ნამდვილი პროფესიონალი. ყოველთვის მიზანდასახულია და, როგორც წესი, მიზანს აღწევს. ამისთვის ბევრს მუშაობს და ეს დასაფასებელია.

- კანავარო ბოლო იტალიელია რომელმაც "ოქროს ბურთი" დაისაკუთრა. ამჟამად თქვენს რომელ თანამემამულეს აქვს იმის პოტენციალი, რომ ეს ჯილდო მოიპოვოს?
- ვერ გეტყვით, არსებობს თუ არა ახალგაზრდა ტალანტი, რომელიც მომავალში ასეთ დონეზე ავა. ამას დრო გამოაჩენს. ფაქტია, ამ წუთას არც ერთი იტალიელი კანდიდატი არ არის, რადგან ჩვენ წარუმატებელი მსოფლიოს ჩემპიონატი გვქონდა და საკლუბო დონეზეც ცუდად გამოვედით. როცა ნაკრები ისევ წარმატებით ითამაშებს და ჩვენი კლუბებიც მაღალი მიზნებისთვის გაიბრძოლებენ, ისევ გვექნება შანსი "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში.

- როგორც "ნაციონალეს" კაპიტანს, გაწუხებთ თუ არა ის, რომ კანდიდატთა შორის არც ერთი იტალიელი არ არის?
- რასაკვირველია, ეს არასასიამოვნოა. თუმცა, როგორც ვთქვი, ეს ჩვენი ამჟამინდელი მდგომარეობით არის გამოწვეული. ტექნიკურ და ინდივიდუალურ დონეზე გარკვეული პრობლემებია. თუმცა, როგორც ზოგადად ცხოვრებაში ხდება, სპორტიც პერიოდებად იყოფა და თუ ახლა იტალიურ ფეხბურთში გარკვეული ჩავარდნაა, მომავალში აღმასვლა იქნება.

ჩვენი ქვეყნის ისტორია კარგად მეტყველებს იმაზე, როგორი ფეხბურთელები და ტალანტები გვყავს ხოლმე და კარგად ვახერხებთ ტექნიკის, ტაქტიკისა და დისციპლინის შერწყმას. ასე რომ, მალე ისევ გავიზრდებით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული