"მილანის" იდეალური საღამო - სინიშა მიხაილოვიჩმა სკამი გაიმყარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების მე-20 ტურის ცენტრალური მატჩი "სან სიროზე" გაიმართა, სადაც "მილანმა" "ფიორენტინას" უმასპინძლა და ორი ბურთის სხვაობით სძლია მეტოქეს - 2:0.

პირველი გოლი ჯერ კიდევ მე-4 წუთზე კარლოს ბაკამ შეაგდო, რომელიც ჯაკომო ბონავენტურას კარგი გადაცემის შემდეგ ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა და შანსი ხელიდან არ გაუშვა.

მეორე გოლი კევინ პრინს ბოატენგის ანგარიშზეა, რომელმაც იურაი კუცკას შესანიშნავი გადაცემის შემდეგ მეკარე მოატყუა და ბურთი ცარიელ კარში გადაგზავნა. ბოატენგმა "მილანში" დაბრუნება გოლით აღნიშნა, საფირმო სალტო გააკეთა და მატჩის შემდეგ პრესასთან შემდეგი განაცხადა:

"ეს
იყო იდეალური საღამო, რადგან უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ და ჰაერივით საჭირო სამი ქულა ჩავიწერეთ აქტივში. "ფიორენტინა" ძლიერი გუნდია და ეს გამარჯვება ორმაგად დასაფასებელია. გატანილმა გოლმა ძალიან გამახარა, რადგან ზაფხულიდან მოყოლებული, ბევრი სირთულე გამოვიარე. "სან სიროზე" გატანილ გოლს არაფერი შეედრება და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. მინდა, მადლობა გადავუხადო მწვრთნელ სინიშა მიხაილოვიჩს და კლუბის მესვეურებს, რომლებმაც დიდი ნდობა გამომიცხადეს".

თამაში თანაბარი გამოდგა და მართალია, ტერიტორიულ უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, მეტი სახიფათო მომენტი მაინც სტუმართა კართან შეიქმნა. მთლიანობაში, "მილანმა" უფრო შინაარსიანი თამაში აჩვენა და დამსახურებულად გაიმარჯვა. მატჩის შემდეგ სინიშა მიხაილოვიჩი ემოციებს ვერ მალავდა, კომენტარი კი ვრცელი გააკეთა:

"მეტოქე საფუძვლიანად შევისწავლეთ, კარგად მოვემზადეთ მატჩისთვის და გავიმარჯვეთ კიდეც. ფეხბურთელები სწორად მიუდგნენ საქმეს და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის.

"ფიორენტინას" ფავორიტად მიიჩნევდნენ, რადგან ეს გუნდი ლიდერთა შორისაა, თუმცა დავამტკიცეთ, რომ არანაკლებ კარგად შეგვიძლია თამაში. სილვიო ბერლუსკონი მხოლოდ იმიტომ არ არის საუკეთესო პრეზიდენტი, რომ მის ხელში გუნდმა უამრავი ტიტული მოიგო, ის შესანიშნავი ადამიანია და კარგად იცის, როდის უნდა გაამხნევოს მწვრთნელ-ფეხბურთელები. მატჩის წინ დონ სილვიომ მხარდაჭერა გამოგვიცხადა, რამაც ერთი მხრივ, დაგვამშვიდა და მეორე მხრივ, ენთუზიაზმი შეგვმატა.

პრესას თუ დავუჯერებთ, ყოველი მომდევნო თამაში ჩემთვის ბოლო შანსია, მაგრამ მე ამაზე არ ვფიქრობ, რადგან კლუბის მესვეურებისგან ნდობას ვგრძნობ. როდესაც მარიო ბალოტელი და კევინ პრინს ბოატენგი ოპტიმალურ ფორმაში შევლენ, ხოლო ჟერემი მენეზი დაგვიბრუნდება, 4-3-1-2 სქემას ვნახავ საქმეში და მჯერა, რომ ჩვენი შეტევა კიდევ უფრო სახიფათო გახდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული