იტალიის თასი. 1/2-ფინალის გამოხმაურება: პირველად 2003 წლის შემდეგ

AutoSharing Option
პირველად 2003 წლის შემდეგ, "მილანი" იტალიის თასის ფინალში გავიდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ლომბარდიულ გრანდს კარგი შანსი აქვს, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ტიტული მოიპოვოს. ისიც ვთქვათ, რომ "მილანს" სულ 5-ჯერ აქვს იტალიის თასი მოგებული შემდეგ სეზონებში: 1966/67, 1971/72, 1972/73, 1976/77, 2002/03.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ თასის ფინალამდე "მილანს" არცთუ რთული გზა შეხვდა - "კარპის" დამარცხების შემდეგ "ალესანდრიას" ჯერიც დადგა და სინიშა მიხაილოვიჩის გუნდი ამ ბარიერს იოლად გადაახტა.

სტუმრად ლომბარდიელებმა 1:0 მოიგეს, საკუთარ კედლებში კი 5 უპასუხო
გოლი გაუტანეს მეტოქეს. თითო გოლი ალესიო რომანიოლიმ და მარიო ბალოტელიმ მიითვალეს აქტივში, დუბლი ჟერემი მენეზის ანგარიშზეა, ერთი გოლი კი სტუმრებმა საკუთარ კარში შეაგდეს. გოლები ეფექტურ კომბინაციებს მოჰყვა, ყველაზე გამორჩეული ფიგურა კი მაინც მენეზი გახლდათ. ფრანგი შემტევი შეუჩერებელი იყო და ის მენეზი გაგვახსენა, რომელიც გასულ სეზონში გუნდის გამოკვეთილი ლიდერი გახლდათ. თუ ჟერემიმ ასე გააგრძელა, ეს "მილანისთვის" დიდი პლუსი იქნება ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში.

სინიშა მიხაილოვიჩმა ისევ 4-4-2 ტაქტიკა აირჩია, თუმცა იმ ფეხბურთელებს მისცა თავის გამოჩენის შანსი, რომლებსაც სერია A-ს შეხვედრებში ნაკლები დრო ეძლევათ - კრისტიან აბიატის, კრისტიან საპატას, ანდრეა პოლის, ჟერემი მენეზს და მარიო ბალოტელის. შეცვლაზე ითამაშეს კევინ პრინს ბოატენგმა და ხოსე მაურიმ. მოკლედ, მწვრთნელმა შემადგენლობა გადაახალისა, თუმცა ამით მის გუნდს არაფერი დაჰკლებია. "მილანმა" უპრობლემოდ დაძლია ბარიერი და იტალიის თასის ფინალში ითამაშებს.

მატჩის შემდეგ
სინიშა მიხაილოვიჩი ("მილანის" მწვრთნელი): "სეზონის პირველ მიზანთან ახლოს ვართ, რადგან იტალიის თასს ერთი მოგება გვაშორებს. "ალესანდრიასთან" შეხვედრაში ისეთი ფეხბურთელები გამოვცადეთ, რომლებსაც უფრო იშვიათად ეძლეოდათ თამაშის საშუალება და თავი ძალიან კარგად წარმოაჩინეს. დიდი ანგარიშით მოგება მნიშვნელოვანი იყო, რადგან ეს კარგად აისახება გუნდზე. ჩვენი მიზანი იტალიის თასის მოგება და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა და თუ ამ ორივე მიზანს შევწვდით, სეზონი წარმატებულად ჩაითვლება".

ჟერემი მენეზი (მილანი): "საოცარი საღამო იყო, რომელიც დიდხანს მემახსოვრება. უკან რთული გზა მოვიტოვე და იმედი მაქვს, რომ წინ დიდი გამარჯვებები გველოდება. მომენატრა ფეხბურთის თამაში და ეს იგრძნობოდა კიდეც. ვფიქრობ, "მილანი" სწორი გზით მიდის და მიხაილოვიჩი თავის საქმეს დიდებულად აკეთებს".

კრისტიან აბიატი (მილანი): "იტალიის თასის ფინალში გასვლა გუნდისთვის ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ გუნდი სერია A-შიც უკეთ ათამაშდება და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებს სატურნირო ვითარებას. რაც შეეხება ფინალურ მატჩს, მოუთმენლად ველოდები და არ აქვს მნიშვნელობა, "ინტერთან" მოგვიწევს დაპირისპირება თუ "იუვენტუსთან".

ფინალი არ ნიშნავს ევროსაგზურს
აქვე აღვნიშნოთ, რომ იტალიის თასის ფინალში გასვლა და იქ "იუვენტუსთან" თამაში სულაც არ არის მომდევნო სეზონში ევეროპალიგაზე ასპარეზობის გარანტია - ახალი წესებით, მხოლოდ თასის მფლობელი მიიღებს ევროსაგზურს, ფინალისტი კი ამ უფლებით ვერ ისარგებლებს.

თუ თასი "იუვენტუსმა" მოიგო და თან, ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა, მაშინ ევროპალიგის საგზურს სერია A-ს მე-6 გუნდი მოიპოვებს. საგულისხმოა, რომ ამჟამად მე-6 ადგილზე სწორედ "მილანია". მოკლედ, დიდი შანსია, სინიშა მიხაილოვიჩის გუნდმა ევროპალიგის საგზური მოიპოვოს, მაგრამ მილანელებს კიდევ უფრო მეტი უნდათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული