ინგლისელები კონტესთან მოლაპარაკების ბოლო სტადიაზე არიან და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, შეთანხმება უახლოეს მომავალში შედგება. ვინ შეცვლის კონტეს? - ამ თემას "გაძეტა დელო სპორტმა" ვრცელი მასალა მიუძღვნა, ყველა კანდიდატი გაგვაცნო და მათი შანსები შეაფასა.
კლაუდიო რანიერი
ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში "ლესტერი" სასწაულებს ახდენს და ამ წარმატების მთავარი შემოქმედი კლაუდიო რანიერია. შესაბამისად, 64
ამიტომ იტალიის ფეხბურთის ფედერაციას კარგი შანსი აქვს, რომ რანიერი დაითანხმოს და მით უმეტეს, მწვრთნელს საამისოდ ასაკიც უწყობს ხელს. 46 წლის კონტესგან განსხვავებით, 64 წლის რანიერისთვის, წესით, უფრო კომფორტული უნდა იყოს ფეხბურთელებთან არა ყოველდღიური მუშაობა, არამედ მათი სამ-ოთხ თვეში ერთხელ შეკრება და შესაბამისად, ცხოვრების შედარებით მშვიდი რიტმი.
არც ის დაგვავიწყდეს, რომ რანიერი უპირატესობას დაცვით ფეხბურთს ანიჭებს, მისი "ლესტერიც" უფრო კონტრშეტევებზე თამაშობს, ეს სტილი კი იდეალურად ესადაგება იტალიის ნაკრებს. ერთი სიტყვით, საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ "სკუადრა აძურას" მომდევნო მწვრთნელად რანიერი ვიხილოთ. თავად კლაუდიომ მოკლე კომენტარი გააკეთა და შემდეგი განაცხადა:
"იტალიის ნაკრებში მუშაობა დიდი პატივი იქნება და რა დასამალია, რომ ამაზე არაერთხელ მიფიქრია და გნებავთ, მიოცნებია კიდეც. თუმცა, ჯერჯერობით, ფედერკალჩოდან არავინ შემხმიანებია და შესაბამისად, მთლიანად "ლესტერზე" ვარ კონცენტრირებული".
ფაბიო კაპელო
იყო დრო, როდესაც ფაბიო კაპელო მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად ითვლებოდა. "მილანთან" ერთად ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა და შემდეგ ასევე ძალიან წარმატებით იმუშავა "რომაში", "იუვენტუსსა" და მადრიდის "რეალში". ამის შემდეგ კაპელოს სანაკრებო კარიერა დაიწყო და აი, იქ კი ვერ გაამართლა გაცემული ავანსები. მართალია, ინგლისის და რუსეთის ნაკრებებთან ერთად, შესარჩევი ეტაპები წარმატებით დაძლია, მაგრამ დიდ საფეხბურთო ფორუმებზე ვერაფერს გახდა.
ფაბიო კაპელო დიდი იტალიელი მწვრთნელების კოჰორტას მიეკუთვნება და, თითქოს, იმსახურებს, რომ ერთხელ ისიც ჩაუდგეს სათავეში "სკუადრა აძურას", მაგრამ იმასაც ვერსად გავექცევით, რომ ტიტულოვანმა მწვრთნელმა საუკეთესო წლები უკან მოიტოვა და ასეთ დროს, მისთვის ქვეყნის მთავარი გუნდის ჩაბარება სარისკო საქმეა.
"გაძეტას" პროგნოზით, კაპელოს აქვს შანსი, მაგრამ საკმაოდ მცირე და მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩააბარებენ "აძურას", თუ სხვებთან ვერ მიაღწევენ შეთანხმებას. არც ის დაგვავიწყდეს, რომ დონ ფაბიო ძალიან დიდ ხელფასს ითხოვს და ეს ფედერკალჩოსთვის დამატებითი თავსატეხია.
რობერტო მანჩინი
რობერტო მანჩინის არაერთხელ უთქვამს, რომ იტალიის ნაკრების გაწვრთნა სურს და არაა გამორიცხული, რომ ოცნება ევრო 2016-ის შემდეგ აუსრულდეს. მანჩინი წარმატებით მუშაობდა "ინტერში", როდესაც მიჯრით მოიგო სკუდეტოები და შემდეგ "მანჩესტერ სიტის" მოაგებინა პრემიერლიგა. მიუხედავად ამისა, რობერტო ნაკლებად დაფასებულია და დიდ მწვრთნელებს შორის არ მოიხსენიებენ. ამჟამად, მანჩინი "ინტერშია" და ცდილობს, კიდევ მიაღწიოს წარმატებებს მილანურ გრანდთან ერთად.
თუმცა მიმდინარე სეზონში მისი გუნდის პროგრამა-მაქსიმუმი ჩემპიონთა ლიგის საგზურია და თუ ამ მიზანსაც ვერ შესწვდა, დიდია შანსი, "ინტერის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვონ. აი, აქ მანჩინის სანაკრებო ვარიანტიც გამოუჩნდება, თუმცა უმჯობესია, ნუ გავუსწრებთ წინ მოვლენებს და ვნახოთ, როგორ ჩაამთავრებს სეზონს "ნერაძური". "გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, მანჩინის შანსები არცთუ მაღალია.
მარჩელო ლიპი
დიახ, მარჩელო ლიპი და ეს ხუმრობა ნამდვილად არაა. ბოლო პერიოდში, სულ უფრო ხშირად საუბრობენ, რომ შესაძლოა, მაესტრომ კიდევ ერთხელ, უკვე მესამედ ჩაიბაროს "სკუადრა აძურა" და ახალი გამოწვევა მიიღოს. ლიპის პირველი მცდელობა ტრიუმფალური გამოდგა, რადგან მისმა გუნდმა 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, თუმცა ოთხი წლის შემდეგ სამხრეთ აფრიკაში სრული კრახი განიცადა და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.
ერთ-ერთი ვერსიით, თუ "აძურაში" ლიპი დაინიშნა, მის თანაშემწეებად ფაბიო კანავაროს და ჩირო ფერარას ვიხილავთ. ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, ამ ტრიოს შანსები საკმაოდ ძვირად ფასობს.
ალბერტო ძაკერონი
"გაძეტა დელო სპორტის" ვერსიით, ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი, რომელსაც 62 წლის ასაკში დიდი სამწვრთნელო გამოცდილება დაუგროვდა როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე. იაპონიის ეროვნულ გუნდში წარმატებით იმუშავა და 2011 წელს აზიის თასი მოიგო.
აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ყველა იტალიური გრანდის მწვრთნელი იყო, მათ შორის - "იუვენტუსის", "ინტერის" და "მილანის". ამბობენ, რომ ძაკერონის კანდიდატურას იტალიური კლუბებიც უჭერენ მხარს, რადგან სენიორ ალბერტო ცნობილია, როგორც მშვიდი და უკონფლიქტო ადამიანი, რომელიც კონტესგან განსხვავებით, არასდროს მოითხოვს შუა სეზონში სანაკრებო შეკრების მოწყობას და კლუბებისგან ფეხბურთელების გათავისუფლებას.
ჯამპიერო ვენტურა
68 წლის სპეციალისტი, რომელიც 2011 წლიდან "ტორინოს" მწვრთნელია და რომლის ხელშიც ტურინული გუნდი სტაბილურად ასპარეზობს. ვენტურა ცნობილია, როგორც კარგი სელექციონერი და ხშირად აძლევს გასაქანს ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომლებიც შემდეგ გრანდებს მიჰყავთ. იტალიაში ვენტურას კვალიფიკაცია ეჭვქვეშ არ დგას და არაა გამორიცხული, რომ მას ეროვნული ნაკრები მიანდონ. თანაც, სენიორ ჯამპიერო იდეალურ ასაკშია იმისთვის, რომ სანაკრებო ფეხბურთში გადავიდეს და სწორედ იქ დაასრულოს კარიერა.
ფრანჩესკო გვიდოლინი
ფრანჩესკო გვიდოლინმა "უდინეზეში" წარმატებით იმუშავა და მისი თავკაცობით, მოკრძალებული შესაძლებლობების მქონე გუნდი მუდმივად გადიოდა ევროთასებზე. გვიდოლინმა უდინეში ოთხი წელი გაატარა, შემდეგ დაისვენა და სულ რამდენიმე კვირის წინათ "სუონსის" ჩაუდგა სათავეში. ჯერჯერობით, სენიორ ფრანჩესკო ბრიტანეთშიც ამართლებს და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "სუონსი" შეინარჩუნებს ადგილს პრემიერლიგაში.
გვიდოლინმა არაერთხელ თქვა, რომ მისი სამწვრთნელო კარიერის გვირგვინი იტალიის ნაკრები იქნება და საკმაოდ დიდია იმის შანსი, რომ ევრო 2016-ის შემდეგ მან საოცნებო წინადადება მიიღოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"