ვნებათაღელვა "მილანის" გარშემო - ან გაამართლებს, ან დუბლებს დაუბრუნდება

AutoSharing Option
"მილანი" ყურადღების ცენტრშია, რადგან გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავს, რომლის დანიშვნაც გულშემატკივრებმა აქტიურად გააპროტესტეს. ჯერაც გაურკვეველია, სეზონის ბოლომდე დარჩება კრისტიან ბროკი გუნდის მთავარ მწვრთნელად თუ მასთან ხანგრძლივვადიანი კონტრაქტი გაფორმდება.

მოკლედ, "როსონერის" გარშემო ვნებათაღელვა არ ცხრება, პრესაში კი ახალი მწვრთნელის, კლუბის ბოსების განცხადებები გავრცელდა, რომელსაც აქვე გთავაზობთ...

კრისტიან ბროკი ("მილანი"): "მინდა, რომ "მილანში" მუშაობის ის სტანდარტი დავაბრუნო, რომელიც ამ გუნდში ყოველთვის იყო და რომელსაც დიდი წარმატება მოჰქონდა. პრესაში წავიკითხე, რომ მოთამაშეთა ნაწილი ჩემ დანიშვნას უკმაყოფილებით შეხვდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

ფეხბურთელებს არ
სურდათ მიხაილოვიჩის წასვლა და ეს ბუნებრივია, რადგან სინიშა კარგი მწვრთნელი და კიდევ უკეთესი ადამიანია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი დანიშვნა ეწყინათ. ჩვენ ერთად შევეცდებით, რომ კრიზისი დავძლიოთ და გუნდს ძველი დიდება დავუბრუნოთ".

სილვიო ბერლუსკონი ("მილანის" პრეზიდენტი): "ძვირფასო მილანელებო, მინდა მოგმართოთ ახალი მწვრთნელის დანიშვნასთან დაკავშირებით, რომელმაც გულშემატკივრებში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მოდი, ვიყოთ გულახდილნი, ასე სუსტად "მილანს" არასდროს უთამაშია - მაშინაც კი, როდესაც სატურნირო ცხრილში უფრო დაბალი პოზიცია გვეკავა.

ცვლილებები აუცილებელია და მჯერა, რომ უახლოეს მომავალში "მილანი" დაიბრუნებს ძველ დიდებას. ბროკის დანიშვნასთან დაკავშირებით, სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ და სწორედ ასე ვიქცეოდი ბოლო 30 წლის განმავლობაში. კრისტიანი შესანიშნავი მწვრთნელია, დანარჩენს კი სეზონის დარჩენილი მატჩები გვიჩვენებს".

ადრიანო გალიანი ("მილანის" ვიცე-პრეზიდენტი): "კრისტიან ბროკის დანიშვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მე და სილვიო ბერლუსკონიმ ერთად მივიღეთ და პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. ვფიქრობ, ჩვენი არჩევანი გაამართლებს და საწყენია, რომ ამ პათოსს გულშემატკივრები არ იზიარებენ.

თუ პროგრესი ვერ დავინახეთ, მაშინ კრისტიანი ახალგაზრდულ გუნდს დაუბრუნდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული