ჯამპიერო ვენტურა: დიდი მიზნების მიღწევა შეგვიძლია

AutoSharing Option
იტალიის ნაკრებმა მსოფლიოს შესარჩევი ეტაპის ორი მნიშვნელოვანი მატჩი გამართა და 4 ქულა აიღო - საკუთარ კედლებში ესპანეთს დაუზავდა (1:1) და გასვლაზე მაკედონიას სძლია (3:2).

შედეგი მისაღებია, მაგრამ "სკუადრა აძურას" თამაშმა ბევრი კითხვის ნიშანი დატოვა - გუნდი არ იყო ისეთი ორგანიზებული და ერთ მუშტად შეკრული, როგორც ევროპის ჩემპიონატზე; იყო ბევრი ხარვეზი და პერიოდულად, დარღვეული კავშირი რგოლებს შორის - უჩვეულოდ ბევრი შეცდომა დაცვაში, რამაც იტალიელთა კარში გატანილი 3 გოლი განაპირობა.

თუმცა, იყო კარგი მონაკვეთებიც - თუნდაც დასკვნითი 20 წუთი როგორც ესპანეთთან, ისე
მაკედონიასთან შეხვედრებში. მოკლედ, იტალიამ არაერთგვაროვანი შთაბეჭდილება დატოვა, განვლილი ბატალიები კი მწვრთნელმა და ფეხბურთელებმა შეაჯამეს.

ჯამპიერო ვენტურა: "მაკედონიასთან დაშვებული შეცდომები გამოუცდელობის ბრალია, რადგან ძირითად შემადგენლობაში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო. დროის გარკვეულ მონაკვეთში მეტოქემ გვაჯობა და ორი გოლი გაგვიტანა, მაგრამ მთლიანობაში აშკარად ვჯობდით მეტოქეს და დამსახურებულად მოვიგეთ.

ის რეაქცია, რომელიც გუნდმა გაშვებული გოლის შემდეგ გამოავლინა როგორც მაკედონიასთან, ისე ესპანეთთან, აჩვენებს, რომ ჩვენ ძლიერი ხასიათი გვაქვს და გამარჯვებულის მენტალიტეტი. ამ ორ მატჩში იყო ბევრი ხარვეზი, მაგრამ ამასთან, დავინახე, რომ ჩვენ შეგვიძლია დიდი მიზნების მიღწევა".

მარკო ვერატი: "თავიდანვე ვფლობდით უპირატესობას, თუმცა მეორე ტაიმში უხეში შეცდომა დავუშვი, მეტოქეს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მივეცი და შემდეგ ემოციურ მუხტზე მეორეც გაგვიტანეს. საბედნიეროდ, დროზე მოვეგეთ გონს და ისევ დავეუფლეთ ინიციატივას, რამაც გამარჯვება მოგვიტანა. ვიღებ პასუხისმგებლობას დაშვებული შეცდომის გამო და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მომდევნო შეხვედრებში გაცილებით უკეთ წარმოვჩინდე. ეს იყო მნიშვნელოვანი გამარჯვება და ერთი ნაბიჯი მსოფლიოს ჩემპიონატისკენ, თუმცა მთავარი ბრძოლები წინაა".

ჩირო იმობილე: "მოხარული ვარ, რომ ორი გოლი გავიტანე და ნაკრებს გამარჯვების მოპოვებაში დავეხმარე. ესპანეთთან გვიწევს კონკურენცია და თითოეულ ქულას ოქროს ფასი აქვს.

იოლი არაა, რომ ჩახვიდე მაკედონიაში ან ისრაელში და იქიდან სამი ქულა წამოიღო, თუმცა, საბედნიეროდ, ჩვენ ეს შევძელით. ორი მნიშვნელოვანი გასვლითი მატჩი გვაქვს მოგებული, რაც წინ გადადგმული დიდი ნაბიჯია. ვიმსახურებ თუ არა ადგილს ნაკრების ძირითად შემადგენლობაში? - ნაკრებში დიდი კონკურენციაა და იტალიაში ბევრი მაღალი კლასის თავდამსხმელია, მწვრთნელი კი კონკრეტულ მომენტში საუკეთესოებს არჩევს. ასე რომ, ნუ ჩავერევით ვენტურას კომპეტენციაში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული