* 1966 წლის მერე გერმანიას ინგლისთან ზედიზედ ორი მატჩი არ წაუგია.
* გერმანიის ნაკრებმა დორტმუნდში 18-ჯერ ითამაშა და მხოლოდ ერთხელ წააგო - 2006 წლის მუნდიალზე იტალიასთან.
* ინგლისის ნაკრებმა ბოლო 16 საგარეო მატჩიდან მხოლოდ ერთი დათმო, ესპანეთთან (2015 წლის ნოემბერში).
* გერმანიამ ბოლო სამი მატჩი დათმო ინგლისთან შინ - 1:5 (2001 წელს), 1:2 (2008) და 2:3 (2016). ინგლისს ამ მატჩებში (შესაბამისად) ერიქსენი, კაპელო და ჰოჯსონი წვრთნიდნენ.
* 558
დიდი მატჩი შეიძლება იყოს ამხანაგურიც, მით უფრო, როცა ერთმანეთს გერმანია და ინგლისი ხვდებიან. დღეს დორტმუნდის "სიგნალ იდუნა პარკზე" იოახიმ ლიოვისა და გარეთ საუთგეიტის გუნდები 2018 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის გახურდებიან.
მსოფლიოს ჩემპიონი ინგლისს ტრავმირებული კვარტეტის გარეშე დაუხვდება - არ ითამაშებენ მესუთ იოზილი, იულიან დრაქსლერი, მარიო გომესი და მანუელ ნოიერი. ნოიერის ნაცვლად იოგიმ პსჟ-ის გოლკიპერ კევინ ტრაპს დაუძახა, რომელსაც ჯერ არასოდეს უთამაშია ბუნდესგუნდში. ეს დღე გამორჩეული იქნება ლუკას პოდოლსკისთვის, "გალათასარაის" შემტევი 130-ედ და უკანასკნელად მოირგებს გერმანიის ნაკრების მაისურას.
"მისი შეცვლა ნაკრებში იოლი არ იქნება, რადგან პოდოლსკი უნიკალური ფეხბურთელია. მე მიმაჩნია, რომ ის გერმანული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელია", - განაცხადა ლიოვმა. პოდოლსკის ნაკრებში 48 გოლი აქვს გატანილი.
საუთგეიტის შემტევი სამეულიდან ერთ-ერთი 34 წლის ჯერმეინ დეფოა, რომელიც სამწლიანი (და მეტი) პაუზის შემდეგ ბრუნდება ეროვნულ გუნდში: "ყოველთვის უდიდეს მნიშვნელობას ვაქცევდი ეროვნულ ნაკრებს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ თაობასთან ერთად მომიწია თამაში", - განაცხადა დეფომ.
ინგლისელთა ბანაკს სულ ბოლოს ფილ ჯონსი დააკლდა, ის გუშინდელ ვარჯიშზე დაშავდა. ვარჯიში რაჰიმ სტერლინგმაც გააცდინა, თუმცა ამბობენ, რომ იგი თამაშს შეძლებს.
ოთხშაბათი. 22 მარტი
გერმანია-ინგლისი 23:45
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"