ლე პარიზიენი: ნეიმარის ტრანსფერი გადაწყდა

AutoSharing Option
* მედიის ინფორმაციით, ნეიმარი პსჟ-ს 6-წლიან კონტრაქტზე შეუთანხნმდა და წელიწადში 30 მილიონ ევროს მიიღებს.

* 222 მილიონ ევრო გამოსასყიდს კერძო სპონსორი გადაიხდის, ასე პსჟ გვერდს აუვლის ფიფას "ფეარ პლეის" წესს.

მიუხედავად იმისა, რომ ნეიმარმა "ბარსელონას" რიგებში საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე ორი ერთმანეთზე უკეთესი გოლი გაიტანა "იუვენტუსის" კარში. მიუხედავად იმისა, რომ წერენ, თითქოს, მან მესისა და სუარესს უთხრა, რომ კლუბში რჩება, მედია სულ უფრო იხრება სკანდალური ტრანსფერისკენ - მათი თქმით, ცოტაც და ბრაზილიელი 222 მილიონ ევროდ "პარი სენ-ჟერმენში" გადავა.

მაშინ, როცა "ბარსელონა"
ნეიმარის შენარჩუნებას ცდილობს, ფეხბურთელის მამა პსჟ-სთან მოლაპარაკებას აწარმოებს. ორმა გოლმა არ უშველა ფეხბურთელსა და კატალონიურ გრანდს, მათი პოზიციები ვერ დაახლოვდა, სამაგიეროდ, პარიზულ შეხვედრაზე დიდი წინსვლა ყოფილა. ნეიმარის მამა პარიზელთა დირექტორ ენრიკესა და იურისტ სოფი ჯორდანს შეხვდა.

ნეიმარის გამოსყიდვა ყატარის პერსონალური სპონსორობით მოხდება. ბრაზილიელი 6-წლიან კონტრაქტს გააფორმებს პსჟ-სთან და ყოველწლიურად ზუსტად იმდენს მიიღებს, რამდენსაც ლეო მესი ახალი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ - 30 მილიონ ევროს. გარდა ამისა, ფეხბურთელი დიდ ბონუსს მიიღებს ამ ტრანსფერისთვის. ამასთან დაკავშირებით, ბუკმეკერებმა ნეიმარის პარიზში გადასვლის ფსონებს დაუწიეს. ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს, გაბრაზებულმა მესიმ ნეიმარის ფოტოები "ინსტაგრამიდანაც" წაშალა.

ანალოგიური ვითარება ყოფილა გასულ წელსაც, უბრალოდ, მაშინ ნეიმარს "რეალს", პსჟ-სა და "სიტის" შორის ერთ-ერთი უნდა აერჩია. რომ არ ჩაფლავდეს შარშანდელის მსგავსად, წლევანდელი ტრანსფერიც, შეთანხმება მხოლოდ პსჟ-სთან მოხდა. პსჟ-ს ბორდმა ყველაზე კარგი ფორმულა მოიფიქრა, რომლის წყალობითაც, ეს ტრანსფერიც შედგება და კლუბიც "ფეარ პლეის" პრინციპს არ დაარღვევს.

მოიფიქრეს პერსონალური სპოსნორობა, ნეიმარი Oryx Qatar Sports Investments-ის წყალობით თავად გამოისყიდის საკუთარ თავს. ამ შემთხვევაში კი პსჟ-ს "ფეარ პლეის" პრინციპი არ შეეხება, რადგან ოფიციალურად ის თავუფალ აგენტს აიყვანს. მიუხედავად ამისა, პსჟ-ს ნეიმარი საბოლოოდ ძალიან ძვირი დაუჯდება - ზოგიერთი გამოთვლით, სადღაც 360 მილიონი გირვანქა.

* * *
ნეიმარს რომ წასვლა გადაუწვეტია, სოციალური ქსელიდანაც კარგად ჩანს. იგი საერთოდ არაფერს ამბობს ან წერს სავარაუდო ტრანსფერზე, მაგრამ მის მიერ გამოფენილ ბოლოდროინდელ ფოტოებზე ვერ ნახავთ "ბარსელონას" ლოგოს. იგი ხან სამოქალაქო ფორმაში გვევლინება, ხან ნეიტრალურ მაისურში, ხან ბრაზილიის ნაკრების ფერებში, ზოგჯერ კი საკალათბურთო გუნდ "ჰარლემის" მაისურითაც, მაგრამ არა "ბარსელონას" მაისურით.

* * *
ბოლო ინფორმაცია ასეთია - ფრანგული გაზეთი "პარიზიენი" წერს, რომ ნეიმარმა პსჟ-ს თანხმობა განუცხადა და ტრანსფერი გადაწყვეტილია. გაზეთი წერს, რომ ყველაფერს სულ მალე დაესმევა წერტილი. ამბობენ, რომ 26 ივლისამდე იგი "პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელი გახდება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული