საფრანგეთი. ლიგა 1. XXI ტურის წინ: გარდამტეხი ტური

AutoSharing Option
ტური "სენტ ეტიენისა" და "ლილის" დუელით დაიწყო და გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ - 2:0.

"მწვანეები" შეეცდებიან, "ლილს" ჯოჯოხეთი მოუწყონ, რა-რა და, "ჟოფრუა გიშარზე" ეს არ ეშლებათ. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ სამეული ზედმეტად წინ გაქცეული გვეჩვენებოდა, მაგრამ ლილში "რეიმსის" სენსაციურმა გამარჯვებამ ბევრი რამ შეცვალა.

ახლა გარდამტეხი მომენტია, ყოველ შემთხვევაში, "სენტ ეტიენისთვის" - თუ კრისტოფ გალტიეს გუნდი მოიგებს, მესამეადგილოსან მეტოქესთან სხვაობას 3 ქულამდე შეამცირებს, ანუ 3 ქულაღა დარჩება ჩემპიონთა ლიგის საგზურამდე - ამაზე მეტი მოტივატორი ძნელი საპოვნელია.

რაღაცები რენე ჟირარსაც დასამტკიცებელი აქვს.
რეიმსელებთან შეხვედრაში გამოჩნდა, რომ მისი გუნდის დაცვა და მეკარე აღარც ისეთი აუღებელია, ხოლო შეტევაში ბევრი მომენტის შექმნა გუნდს ისევ უჭირს - ათეულში "ლილზე" ცოტა გოლი მხოლოდ მე-9 ადგილზე მყოფ "ტულუზს" აქვს გატანილი.

მოკლედ, ისეთი მატჩია, არაფრით რომ არ უნდა გამოტოვოთ.

ტური დედაქალაქში დასრულდება, სადაც მიშელ დერ ზაქარიანის "იადონები" ჩაფრინდებიან, რომლებიც ლიგის თასზე "ნიცას" ძლევით და ნახევარფინალში გასვლით არიან ფრთაშესხმულნი. სხვათა შორის, იქ "ნანტი" სწორედ "პარი სენ ჟერმენს" შეხვდება, ოღონდ საკუთარ მოედანზე. იქამდე კი ლორან ბლანის ბიჭები ჩემპიონატში შეეცდებიან ხუთეულისთვის მებრძოლი მეტოქის მიწაზე დანარცხებას.

"ლილის" თამაშზე ახლახან ვსაუბრობდით და არანაკლებ რთული გასვლა ელოდება "მონაკოს", რომელიც "ტულუზს" სტუმრობს. ასე რომ, პარიზელები შეეცდებიან, მდევრებთან კიდევ უფრო გაზარდონ უპირატესობა, რადგან თებერვალს მაქსიმალურად კომფორტული უპირატესობით შეხვდნენ და მერე აქცენტი ჩემპიონთა ლიგაზე გააკეთონ.

"მონაკო" ვახსენეთ და კლაუდიო რანიერის მართლაც სახიფათო რანდევუ აქვს ალენ კაზანოვასთან. ფორმაში შესული "ბორდოს" ძლევით ტულუზელებმა მერამდენედ დაამტკიცეს, რომ მათგან ყველაფერია მოსალოდნელი.

აი, მონტეკარლოელთა ბოლოდროინდელი თამაში კი ხშირად დგებოდა კითხვის ნიშნის ქვეშ და ვნახოთ, უპასუხებს თუ არა გუნდი კრიტიკოსებს ძახილის ნიშნით.

რა ხდება სხვაგან?
ტური იმითაც არის განსაკუთრებული, რომ თითქმის ყველა მატჩს სერიოზული სატურნირო დატვირთვა აქვს. თუნდაც "რენი"-"ევიანის" შეხვედრა ავიღოთ - ბრეტონელებს სეზონი უვარდებათ, მაგრამ ფილიპ მონტანიე ნელ-ნელა ცდილობს გუნდის ფეხზე დაყენებას და თუ ამ შეხვედრას მოიგებს, მკვეთრ ხაზს გაუსვამს თავის გუნდსა და ბოლო ხუთეულს შორის.

"ლილის" მომგები "რეიმსი" ამჯერად "ლიონის" წაქცევას ეცდება - მეოთხე ადგილი უკვე ერთი ხელის გაწვდენაზეა. თუმცა რემი გარდის გუნდი ფორმაშია და თავისი გეგმები აქვს.

თუ სტუმრები მოიგებენ, ევროსაგზურისთვის ბრძოლას აქტიურად დაუბრუნდებიან. ძნელი კი იქნება.

გამოვარჩიოთ "მარსელი"-"ვალანსიენიც". წლების წინ რამხელა სკანდალი დაუკავშირდა ამ გუნდების შეხვედრას, მშვენივრად იცით და მათ მატჩს ყოველთვის თან გასდევს წარსულის გარკვეული აჩრდილი.

მარსელელები ყველანაირად იბრძვიან იმისთვის, რომ ევროზონის მიღმა არ დარჩნენ. ანდრე-პიერ ჟინიაკი შესაშურ ფორმაშია, დაბრუნდა მატიო ვალბუენა... "ვალანსიენი" კი ბევრად უკეთ ათამაშდა და უსაფრთხო ზონას ერთი ქულაღა აშორებს.

ასე რომ, "ველოდრომზე" დიდი ომია მოსალოდნელი.

საფრანგეთი. ლიგა 1. XXI ტური
17 იანვარი
სტ.ეტიენი-ლილი 2:0
გოლები: 1:0 ბრანდაუ (9), 2:0 ფრანს ტაბანუ (27).
გაძევება: ფლორან ბელმონი (62).

18 იანვარი
მარსელი-ვალანსიენი 20:00
ბასტია-ბორდო 23:00
ლორიანი-გენგამი 23:00
ნიცა-აიაჩო 23:00
რენი-ევიანი 23:00
სოშო-მონპელიე 23:00

19 იანვარი
რეიმსი-ლიონი 17:00
ტულუზი-მონაკო 20:00
პსჟ-ნანტი 00:00

ბომბარდირები:
15 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ); 12 - ედინსონ კავანი (პსჟ); 11 - ვენსან აბუბაქარი (ლორიანი); 9 - ალექსანდრ ლაკასეტი (ლიონი), რადამელ ფალკაო (მონაკო), ანდრე-პიერ ჟინიაკი (მარსელი); 8 - ემანუელ რივიერი (მონაკო), ფილიპ ჯორჯევიჩი (ნანტი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული