"პირველ ტაიმში უკეთ გამოვიყურებოდით, მეტიც უნდა გაგვეტანა. მეტოქის მეკარე კარგად თამაშობდა. მეორე ნახევარში საქმე ცოტა გართულდა, მაგრამ მაინც უნდა მოგვეგო, სწორედ ამისთვის ვიყავით ჩამოსულები. სამწუხაროდ, ავტოგოლმა ყველაფერი გააფუჭა, არ გაგვიმართლა" - თქვა მატჩის შემდეგ ლორან ბლანმა, რომლის გუნდიც 5-ქულიან უპირატესობას ინარჩუნებს.
უიღბლობას უჩივის
ბერბატოვის დებიუტი
შედგა დიმიტარ ბერბატოვის დებიუტიც, იგი იტალიელმა სპეციალისტმა 64-ე წუთზე შეუშვა მინდორზე. მერე კი აღნიშნა, ბულგარელი ფიზიკურად ცოტათი უნდა მოძლიერდესო. ჩემპიონობისთვის ბრძოლას რანიერი საერთოდ ვერ ხედავს და პსჟ-ს უკვე რა ხანია, გამარჯვებულად აცხადებს.
"ბერბატოვი? მან კარგად დაიწყო, მაგრამ ფიზიკურ კონდიციებზე აქვს სამუშაო. რასაკვირველია, ამბიციები მაქვს, ოღონდ ჩვენ ჯერ მზარდი, განვითარებადი გუნდი ვართ, პსჟ კი უკვე ჩამოყალიბებული კლუბია და იმედი მაქვს, ამ სეზონში საფრანგეთისთვის ჩემპიონთა ლიგასაც მოიგებს" - დასძინა რანიერიმ.
რუხი მზვერავი ლევერკუზენიდან
სხვათა შორის, "პარი სენ-ჟერმენის" ტრიუმფს ჩემპიონთა ლიგაზე თავისუფლად უშვებს "ლევერკუზენის" სპორტული დირექტორი რუდი ფიოლერიც. როგორც იცით, მერვედფინალში ლევერკუზენელები სწორედ პარიზელებს ხვდებიან. ეს განცხადება საინტერესო და ფრანგებისთვის ორმაგად სასიამოვნო იქნება იმიტომ, რომ ბოლო დროს პსჟ-ზე სიტყვიერი თავდასხმები ძალიან მოახშირეს გერმანული ფეხბურთის ჩინოვნიკებმა, განსაკუთრებით კი, "ბაიერნის" ხელმძღვანელებმა.
"პარიზელებმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს ჯერ კიდევ წინა სეზონში "ბარსელონასთან" მატჩებში. აღსანიშნავია, რომ ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო გუნდი "ბაიერნია", მაგრამ პსჟ-ს შეუძლია, მიუნხენელები ამ სეზონშივე ჩამოაგდოს ტახტიდან და იქ თავად გაიდგას ფესვები არაერთი წლით" - თქვა ფიოლერმა.
ტიაგო სილვა კი განიცდის, რომ ფორტუნა ასე ცუდად ეხუმრა და "მონაკოსთან" მისმა ავტოგოლმა გუნდს ორი ქულა დააკარგვინა, მაგრამ განწყობა ისევ ოპტიმისტურია და ბრაზილიელი მცველი პსჟ-ში სხვა ფეხბურთელებსაც ეპატიჟება, პირველ რიგში კი, ედენ აზარს - აქ სიამოვნებით ვიხილავდით და კარგი იქნება, თუ გადმოვაო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"