პოლ პოგბა: მე მიყვარს მანჩესტერი

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" აღზრდილი პოლ პოგბა მშობლიურ ალაგას დაბრუნდა და ის ადგილები მოინახულა, რომელთაც ხშირად სტუმრობდა მაშინ, როცა "წითელი ეშმაკების" მაისურა ეცვა. ეს ამბავი ჟურნალისტებს არ გამოჰპარვიათ.

მოკლედ შეგახსენებთ პოგბას ისტორიას: ის "იუნაიტედის" იმედი იყო, თუმცა სერ ალექს ფერგიუსონმა თავის განუმეორებელ სამწვრთნელო კარიერაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა და ფრანგული პასპორტის მქონე, გვინეური წარმოშობის პოგბას წასასვლელად მწვანე შუქი აუნთო.

სამშაბათ ღამით პოგბა მანჩესტერში მდებარე ერთ-ერთ ჩინურ რესტორანს ეწვია. ეს რესტორანი ლუი ვან გაალის გუნდის წევრების საყვარელი თავშესაქცევი ადგილია და, როგორც
ჩანს, ბიჭები მას ადრე, სერ ალექს ფერგიუსონის მწვრთნელობის ხანაშიც გვარიანად სწყალობდნენ.

რა თქმა უნდა, ჟურნალისტები ეგრევე დაინტერესდნენ პოგბას ვიზიტის მიზეზებით, რაზეც ფეხბურთელმა მიუგო: "მიზეზი ერთია - მე მიყვარს მანჩესტერი!" პასუხი არ იყო ერთმნიშვნელოვანი და პოლის სიტყვებმა გვარიანი მასალა დატოვა განსჯისათვის.

მოგეხსენებათ, "მანჩესტერ იუნაიტედის" გარდა, ინგლისის ამ ქალაქში მეორე ინგლისური გოლიათი, "მანჩესტერ სიტიც" სახლობს და ამ ორ გუნდს შორის იმაზე დიდი მტრობაა, ვიდრე ორი რიგითი თანაქალაქელი კლუბი შეიძლება ერთმანეთს ერჩოდეს.

22 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა ოთხ თანამეინახე მეგობართან ერთად ისადილა. მას ბეისბოლის კეპი ეხურა და თავზე შავი შარფი ჰქონდა მოხვეული.

ცხადია, პოლის მანჩესტერულმა ვიზიტმა გარკვეული ეჭვები გააჩინა. ფეხბურთელის მენეჯერი, ცნობილი საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა აცხადებს, რომ პოგბა ზამთარში არავითარ შემთხვევაში არ წავა "იუვენტუსიდან", ზაფხულში კი კლუბი და ფეხბურთელი, აგენტთან ერთად, მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდებიან, რათა პოლის მომავალი საბოლოოდ განისაზღვროს.

"პოლი ყველაფერს გულის კარნახით გადაწყვეტს და ამ გადაწყვეტილების შესახებ აუცილებლად გაიგებთ. ამ ეტაპზე ის მხოლოდ "იუვენტუსზეა" ფოკუსირებული და სხვაზე არაფერზე ფიქრობს. რა იქნება მომავალში, ამას ყველა ერთად ვნახავთ ივლისის ბოლოს და სწორედ მაშინ ვილაპარაკოთ. ზამთარში პოლის წასვლას "იუვენტუსიდან" კატეგორიულად გამოვრიცხავ", - თქვა რაიოლამ.

პოლ პოგბა "მანჩესტერში" მაშინ მივიდა, როცა 16 წლის იყო. ეს 2009 წელს მოხდა. "იუნაიტედის" შემადგენლობაში დებიუტი 2011 წელს ჰქონდა და "წითელი ეშმაკების" შემადგენლობაში მხოლოდ 7 შეხვედრა ჩაატარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფერგის არაერთი სატრანსფერო შეცდომა დაუშვია. პოგბა, პიკე, მეკარეები (შმეიხელს და ვან დერ სარს არ ვგულისხმობ)... თუმცა რა თქმა უნდა სუპერტრანსფერებიც გვახსოვს, როდესაც ნიჭიერი ფეხბურთელი, ვარსკვლავად უქცევია
levan
15:35 03-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული