ტორნეო ფინალი. XV ტური: "ნიუელსმა" ლიდერობა გაიმყარა

AutoSharing Option
ტორნეო ფინალის მე-15 ტურის შემდეგ ლიდერი აღარ შეცვლილა, სამაგიეროდ, შეიცვალა მეორეადგილოსანი - "ლანუსმა" სეზონში პირველი მარცხი განიცადა და მეორე პოზიცია "რივერ პლეიტს" დაუთმო.

ასევე, აღსანიშნავია ის, რომ დამთავრდა "უნიონის" წვალება და სანტა ფეს გუნდმა მეორე დივიზიონის საგზური ოფიციალურად გაიფორმა...

"ნიუელსი" წინ გაიჭრა
"ნიუელს ოლდ ბოისს" და "ბოკა ხუნიორსს" ერთკვირიანი რომანი აქვთ. რამდენიმე დღის წინ მათ, ლიბერტადორესის თასის ეგიდით, "ბომბონერაზე" ითამაშეს (0:0). მე-15 ტურში უკვე მარსელო ბიელსას სახელობის სტადიონზე შეხვდნენ ერთმანეთს და 4 ივნისს აქვე, ლიბერტადორესის თასის საპასუხო შეხვედრაშიც ითამაშებენ.

ორივე
გუნდმა მოედანზე შესუსტებული შემადგენლობა გამოიყვანა. უფრო სწორად, ხერარდო მარტინომ რამდენიმე ლიდერი (ჰაინცე, მაქსი როდრიგესი, კასკო, სკოკო, მატეო) თადარიგში დატოვა, კარლოს ბიანკიმ კი მთლიანად სარეზერვო გუნდი გამოიყვანა.

საბოლოოდ, ჩემპიონატის ლიდერმა ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, რაშიც "ნიუელსის" ფეხბურთელების გარდა, საკმაოდ დიდი წვლილი "ბოკას" ორმა ფეხბურთელმაც შეიტანა. პირველი გახლავთ ლისანდრო მაგალიანი, რომელმაც 45-ე წუთზე სულელური წითელი ბარათი მიიღო, მეორე კი სებასტიან დანჯელო - "ბოკას" 24 წლის მეკარეს, რომელიც გუნდში მესამეა, მინიმუმ ორ ეპიზოდში საკუთარი გუნდის გადარჩენა შეეძლო (მეორე გოლისას ვალდებულიც იყო).

"ნიუელსმა" ამ მოგებით პირველი პოზიცია გაიმყარა, რადგან სეზონში პირველი მარცხი იწვნია "ლანუსმა".

როგორი გასაკვირიც უნდა იყოს, გილერმო ბაროს შელოტოს გუნდს "სან მარტინმა" მოუგო. სანხუანელებმა მთელი მატჩი დამაჯერებლად ჩაატარეს და სტუმრებს შანსი არ დაუტოვეს. "სან მარტინი" ისევ გასავარდნ ზონაშია და მიუხედავად ამ გამარჯვებისა, მაინც უნდა გავარდეს. "ლანუსმა" კი 15-მატჩიანი (წინა ჩემპიონატის ბოლო ტურშიც არ დამარცხებულა) წაუგებელი სერია შეწყვიტა.

როგორც უკვე ვთქვით, მოიგო "რივერ პლეიტმა" და მეორე ადგილზე გადავიდა. რამონ დიასის სამწყსომ "ატლეტიკო რაფაელას" უმასპინძლა და საქმე პირველივე ტაიმში მოამთავრა. მასპინძელთა მხრიდან ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა ლეონელ ვანხიონიმ. ისე, იმ დროს, როდესაც არგენტინის ნაკრებს მარცხენა მცველის პოზიციაზე უჭირს, 26 წლის ფეხბურთელის ეროვნულ გუნდში გამოძახება ცუდი ნამდვილად არ იქნებოდა, რადგან ვანხიონი ყოველ თამაშში ამტკიცებს, რომ ძალიან კარგი მცველია.

შენარჩუნებული სხვაობა და ფაკუნდო
ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლმა "ინდეპენდიენტემ" და "არხენტინოს ხუნიორსმა" თავიანთი მატჩები ვერ მოიგეს და მათ შორის სხვაობა იგივე დარჩა - დიეგო მარადონას ყოფილი გუნდი ლიბერტადორესის თასის 7-გზის გამარჯვებულს კვლავ 3 ქულით უსწრებს.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ფაკუნდო ფერეირას მორიგი გოლები - "ველესის" ფორვარდმა დუბლი შეასრულა და ზედიზედ მესამე შეხვედრაში გაიტანა. მძიმე ტრავმის მორჩენის შემდეგ ტორნეო ინისიალის საუკეთესო ბომბარდირს ფორმაში შესასვლელად დიდი დრო არ დასჭირდა.

მცველებმა მოაგებინეს "არსენალს", რომელმაც "ტიგრეს" სძლია (3:2). პირველი ორი ბურთი ლისანდრო ლოპესის ანგარიშზეა, გამარჯვების მომტანი გოლი კი დიეგო ბრაგიერიმ გაიტანა.

"პედრო ბიდეგაინზე" მხიარული მატჩი გაიმართა. "სან ლორენსომ" "უნიონს" ორი სწრაფი გოლი გაუტანა (გონსალო ვერონმა დუბლი გაიფორმა) და 2:0 დაწინაურდა, თუმცა ვერონის დუბლს სტუმართა მხრიდან ანდრე ფრანსოიამ უპასუხა და ანგარიში პირველივე ტაიმში გაათანაბრა. შეხვედრა თითქოს ფრედ უნდა დასრულებულიყო, როდესაც ალან რუისმა ისევ მასპინძლები დააწინაურა, ფრანკო ხარამ კი შეხვედრას საბოლოო წერტილი დაუსვა.

4:2 და "სან ლორენსომ" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო, ბოლო 5 ტურში კი 13 ქულა დააგროვა. დამარცხებული "უნიონი" კი გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ლიგაში დარჩენის ყველანაირი შანსი დაკარგა და მეორე დივიზიონში დაქვეითდა.

აქვე ვთქვათ, რომ მეორე დივიზიონიდან პრიმერას საგზური გაინაღდა "როსარიომ", ხოლო "ხიმნასია ლა პლატას" და "ოლიმპოს" უმაღლესში ცალი ფეხი უკვე შედგმული აქვთ.

ტორნეო ფინალი. XV ტური

კოლონი-ოლ ბოისი 2:0
გოლები: 1:0 ჟიგლიოტი (77-პენ), 2:0 კურუჩეტი (90)
გაძევება: კიროგა (86. ოლ ბოისი)

ველესი-კილმესი 2:0
გოლები: 1:0 ფ. ფერეირა (18), 2:0 ფ. ფერეირა (64)

სან მარტინი-ლანუსი 3:1
გოლები: 1:0 კაპრარი (8), 1:1 ბარიენტოსი (29), 2:1 დ. ლედესმა (71), 3:1 რიანიო (89)
გაძევება: დ. ლედესმა (71. სან მარტინი)

რასინგი-გოდოი კრუსი 1:1
გოლები: 1:0 სახა (44-პენ), 1:1 ხ. ფერნანდესი (64)

რივერი-ატლ. რაფაელა 3:0
გოლები: 1:0 ვანხიონი (8), 2:0 ე. დომინგესი (14-საკ. კარში), 3:0 ლუნა (32)

ნიუელსი-ბოკა 4:0
გოლები: 1:0 კრუსადო (7-პენ), 2:0 ორსანი (66), 3:0 ტონსო (68), 4:0 ურუტი (71)
გაძევება: მაგალიანი (45. ბოკა ხუნიორსი)

არსენალი-ტიგრე 3:2
გოლები: 1:0 ლ. ლოპესი (3), 1:1 სანტანდერი (18), 2:1 ლ. ლოპესი (35), 2:2 ფტაკლა (64), 3:2 ბრაგიერი (85)

სან ლორენსო-უნიონი 4:2
გოლები: 1:0 გ. ვერონი (2), 2:0 გ. ვერონი (15), 2:1 ფრანსოია (34), 2:2 ფრანსოია (43), 3:2 ა. რუისი (88), 4:2 ფ. ხარა (90)

ესტუდიანტესი-არ. ხუნიორსი 0:0
გაძევება: გ. ფერნანდესი (90. ესტუდიანტესი)

ბელგრანო-ინდეპენდიენტე 0:0

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge
ბომბარდირები: 10 - სკოკო (ნიუელს ოლდ ბოისი); 8 - ჟიგლიოტი (კოლონი), სილვიო რომერო (ლანუსი); 6 - ფრანსოია (უნიონი), ობოლო (გოდოი კრუსი), ვიეტო (რასინგი), დ. საპატა (ესტუდიანტესი).

სარელეგაციო ცხრილი:

თ ქ საშ.
15. ატ. რაფაელა 72 91 1.264
16. არ. ხუნიორსი 110 130 1.182
17. კილმესი 34 40 1.176
18. ინდეპენდიენტე 110 127 1.155
19. სან მარტინი 72 82 1.139
20. უნიონი 72 70 0.972
შენიშვნა: "უნიონი" გავარდა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტორნეო ფინალი. XIV ტური: ლიდერების უიღბლო ტური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული