ლიბერტადორესის თასი: 11 მეტრი ნახევარფინალამდე

AutoSharing Option
"ატლეტიკო მინეიროსთან" გამართული ორივე მეოთხედფინალის ბოლო წამები "ტიხუანასთვის" კოშმარული გამოდგა. პირველ შეხვედრაში, როდესაც მასპინძლები 2:1-ს იგებდნენ, "ატლეტიკომ" ანგარიში 92-ე წუთზე გაათანაბრა (ლუანი), საპასუხო მატჩში კი 93-ე წუთზე, მექსიკელებმა 11-მეტრიანის გატანა ვერ შეძლეს.

მატჩის ანტიგმირი დუვიერ რიასკოსი გახდა, გმირის მანტია კი ვიქტორმა მოირგო - მეკარე თავისგან მარჯვნივ გადახტა, მაგრამ ცენტრში დარტყმული ბურთის მოგერიება ფეხით მაინც მოახერხა, საკუთარი გუნდი სასწაულებრივად იხსნა და 1/2 ფინალში გაიყვანა. უნდა ავღნიშნოთ ისიც, რომ პენალტი, რბილად რომ ვთქვათ, საკამათო ვითარებაში დაინიშნა და ამიტომაც იყო, რომ რიასკოსის დარტყმის
შემდეგ, "ატლეტიკოს" ფეხბურთელთა დიდი ნაწილი არა მეკარისკენ, არამედ მსაჯისკენ გაიქცა. საბოლოოდ, მატჩის დასრულების შემდეგ, რევერმა წითელი ბარათიც მიიღო და ის 1/2 ფინალის პირველ შეხვედრას გამოტოვებს.

თავად მატჩზე კი სათქმელი ბევრი არაფერია. თავიდან, დაწინაურება სტუმრებმა მოახერხეს - გოლი სწორედ რიასკოსმა გაიტანა. ამის შემდეგ, უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ და 41-ე წუთზე ანგარიშიც გათანაბრდა - რონალდინიომ სტადარტული შეასრულა და საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას რევერმა დაასწრო, 1:1. სხვათა შორის, 28 წლის მცველმა ლიბერტადორესზე უკვე მეორე გოლი გაიტანა, სულ კი წელს მის ანგარიშზე 7 ბურთია (5 შტატის პირველობაზე).

მოკლედ, გოლები იმ ფეხბურთელებმა გაიტანეს, ვინც საბოლოოდ უარყოფითი საქციელით გამოირჩა. მასპინძლებს გოლის გატანის შანსები ამის მერეც ჰქონდათ, თუმცა დაცვაში არც "ტიხუანა" დამდგარა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. საბოლოოდ, 1:1 და "ატლეტიკო" მომდევნო ეტაპზე გავიდა, სადაც არგენტინულ "ნიუელს ოლდ ბოისს" დაუპირისპირდება. პირველი შეხვედრა 3 ივლისს არგენტინაში გაიმართება, საპასუხო კი 10 ივლისს. იმავე დღეებში ითამაშებენ "სანტა ფე" და "ოლიმპია", პირველი თამაში პარაგვაიში ჩატარდება, ერთი კვირის მერე კი კოლუმბიაში.

ლიბერტადორესის თასი. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩი

ატლ. მინეირო-ტიხუანა 1:1 (2:2)
გოლები: 0:1 რიასკოსი (26), 1:1 რევერი (41)
ატლ. მინეირო (4-2-3-1): ვიქტორი - მარკოს როჩა (77. ჟოსუე), რევერი, ლეონარდო სილვა, რიჩარლისონი - ლეანდრო დონიზეტი, პიერი - ბერნარდი (66. ლუანი), რონალდინიო, დიეგო ტარდელი - ჟო (88. ალეკსანდრო).
ტიხუანა (5-3-2): საუსედო - ხ. ნუნიესი, პ. აგილარი, განდოლფი, ო. ორტისი (46. ფ. მარტინესი), ე. კასტილიო - ფ. არსე, პელერანო, რ. რუისი (82. დ. მარკესი) - ა. მორენო (62. პისენო), რიასკოსი.
გამოუყენებელი პენალტი: რიასკოსი (90+3. ტიხუანა)
გაძევება: რევერი (90+5. ატლეტიკო მინეირო)

ბომბარდირები: 6 - დიეგო ტარდელი (ატლეტიკო მინეირო), ჟო (ატლეტიკო მინეირო); 5 - ფრედი ბარეირო (ოლიმპია), ლუიშ ფაბიანო (სან პაულო), ბრიან როდრიგესი (უაჩიპატო), ხუან მანუელ სალგეირო (ოლიმპია), იგნასიო სკოკო (ნიუელს ოლდ ბოისი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიბერტადორესის თასი: საოცარი პენალტების სერია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული