ბრაზილია. სერია A. XI ტური: "ბოტაფოგო" ერთპიროვნულად გალიდერდა

AutoSharing Option
* რონალდინიოს გუნდი გასავარდნ ზონაშია
* ბრაზილიის ჩემპიონატში დაუმარცხებელი აღარავინაა
* კორინთიანსმა 11 მატჩში მხოლოდ 5 გოლი გაუშვა
* ბრაზილიის ნაკრების ფორვარდმა ფრედმა ზედიზედ მე-2 პენალტი გააფუჭა

ბრაზილიის ჩემპიონატის მე-11 ტურის პირველი შეხვედრა ჯერ კიდევ 11 ივლისს გაიმართა - "სან პაულომ" "ბაიას" უმასპინძლა და 1:2 წააგო. "სანტოსის" და "ნაუტიკოს" მატჩი ნეიმარის ყოფილი გუნდის ამხანაგური შეხვედრების გამო გადაიდო, დანარჩენი რვა მატჩიდან კი ზოგიერთი ძალიან საინტერესო გამოდგა...

"კორიტიბას" პირველი მარცხი
ამ ტურამდე, "კორიტიბა" ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი იყო და მარკინიოს სანტოსის გუნდის წაუგებელი
სვლა ბელუ ორიზონტიში შეწყდა. ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, მე-4 ადგილზე მყოფმა "კრუზეირომ" ჩემპიონატის თანალიდერ "კორიტიბას" უმასპინძლა და ლუანის მე-12 წუთზე გატანილი ბურთის წყალობით მოუგო. სტუმრებს რაულ იბერბიას, ალექსის და დეივიდის სახით სამი გამორჩეული ფეხბურთელი არ ჰყავდათ.

მიუხედავად ამისა, "კორიტიბას" ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია, მაგრამ ვერც ლინკოლნმა და ვერც დარიო ბოტინელიმ მასპინძელთა კარებს გასაღები ვერ მოარგეს. ამ მოგებით, მარსელო ოლივეირას გუნდმა 21 ქულა მოაგროვა და დროებით პირველ ადგილზე გადავიდა.

მისი გადასწრების შანსი ჰქონდა "ინტერნასიონალს", ვინც სტუმრად "გრემიოს" ეთამაშებოდა. ამ შეხვედრას ყველა მოუთმენლად ელოდა, რადგან "ინტერის" განაცხადში მოხვდა გუნდის ორი ახალწვეული: ალექსი და იგნასიო სკოკო. საბოლოოდ, არგენტინელი ცვლილებაზე გამოვიდა და ბოლო 20 წუთი ითამაშა, ალექსი კი ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დარჩა.

"გრემიოს" ორი ლიდერი, ზე რობერტო და ედუ ვარგასი აკლდა, "ინტერის" ძირითადში კი ლეანდრო დამიაო ვიხილეთ, ვის ტრანსფერსაც საშველი არ დაადგა. 24 წლის ფორვარდმა ამ მატჩში გაიტანა და ანგარიშიც გაათანაბრა, მის გოლამდე 2 წუთით ადრე კი თავი ერნან ბარკოსმა გამოიჩინა - არგენტინელმა პენალტი გამოიყენა. მატჩი ასეც დასრულდა - 1:1. შეხვედრის ბოლოსკენ "ინტერნასიონალი" 10 კაცით დარჩა - არბიტრმა ჟორჟე ენრიკე გააძევა, ბოლო წუთზე კი წითელი ბარათები მასპინძელმა ვერლეიმ და სტუმარმა ფაბრისიომ მიიღეს.

დერბი "მარაკანაზე"
პირველობის ლიდერი "ბოტაფოგო" "მარაკანაზე" "ვასკო და გამას" დაუპირისპირდა და დორივალ ჟუნიორის გუნდს დაძაბულ ბრძოლაში სძლია. სტუმართა მხრიდან ისევ ის მოთამაშეები გამოირჩეოდნენ, ვინც ბოლო დროს კარგად გამოიყურება - კლარენს ზეედორფმა მორიგი გოლი გაიტანა, რაფაელ მარკეშმა დუბლი შეასრულა, 19 წლის ვიტინიომ კი აქტივში ორი საგოლე პასი ჩაიწერა.

"ფოგო" ორბურთიანი სხვაობით იგებდა, როდესაც ანდრემ ორწუთიან მონაკვეთში ანგარიში გაათანაბრა - კიევის "დინამოს" და "ბორდოს" ყოფილმა ფორვარდმა ჯერ ჟუნინიო პერნამბუკანოს გადაცემით ისარგებლა და 45-ე წუთზე სხვაობა შეამცირა, მეორე ტაიმის მეორე წუთზე კი მეორე გოლიც გაიტანა, თუმცა მასპინძლების სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან ზუსტად ორ წუთში ოსვალდო დე ოლივეირას გუნდი ისევ წინ იყო - ვიტინიოს პასით რაფაელ მარკეშმაც დუბლი გაიფორმა. ეს მატჩის ბოლო გოლი გამოდგა და "ბოტაფოგო" ბრაზილეირაოს ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

აღსანიშნავია, რომ "ფოგომ" "ვასკოს" ზედიზედ მეოთხე თამაში მოუგო, თუმცა საერთო ჯამში, ურთიერთშეხვედრებში "ვასკო" საკმაოდ დიდ უპირატესობას ფლობს - 265 დერბიდან, 113 "ვასკო და გამამ" მოიგო, 80 ფრედ დასრულდა, 72 მატჩში კი "ბოტაფოგომ" იმარჯვა.

კიდევ ერთი, ამჯერად სან პაულოს დერბი, კამპინიასში გაიმართა და ფრედ, 1:1 დასრულდა. ვანდერლეი ლუშემბურგო ზედიზედ მეორე გამარჯვებასთან ახლოს იყო, მაგრამ გუმის მიერ გატანილი ბურთი, 86-ე წუთზე ვილიამმა გაქვითა და ჩემპიონატში თავისი მე-6 გოლი გაიტანა.

აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ამ შეხვედრაში ფრედმა პენალტი ვერ გაიტანა, რაც უკვე ზედიზედ მეორედ მოხდა. შეგახსენებთ, რომ წინა სეზონის საუკეთესო ბომბარდირმა 11-მეტრიანი წინა ტურში, "კრუზეიროსთანაც" ვერ გაიტანა, თუმცა მაშინ ფრედმა გოლი მაინც შეაგდო და მისმა გუნდმაც 1:0 მოიგო, ამჯერად კი ვერც მან გაიტანა და "ფლუმაც" მნიშვნელოვანი ორი ქულა დაკარგა.

კუკას და ტიტეს განსხვავებული სერიები
"ფლამენგომ" მორიგი საშინაო მატჩი არა რიოში, არამედ დედაქალაქ ბრაზილიაში ჩაატარა და სამხრეთ ამერიკის საუკეთესო კლუბი გაანადგურა. "ატლეტიკო მინეირომ" ზედიზედ მესამე მატჩი წააგო და გასავარდნ ზონაში ჩაეშვა. შესანიშნავად ითამაშა ახალგაზრდა ნიქსონმა - 21 წლის ფეხბურთელმა ჯერ ჩემპიონატში თავისი პირველი გოლი გაიტანა, რამდენიმე წუთში კი ელიასს გაატანინა, შეხვედრას კი წერტილი პაულინიომ დაუსვა. "ფლას" "ატლეტიკოსთან" უკვე 5 მატჩია არ წაუგია, შინ კი ზედიზედ მესამედ დაამარცხა.

კუკასგან განსხვავებით, წარმატებით თამაშობს ტიტეს გუნდი. ლიბერტადორესის თასის შარშანდელ გამარჯვებულს 4-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და აღსანიშნავია, რომ "კორინთიანსს" ბრაზილიის მასშტაბით საუკეთესო დაცვა ჰყავს - "ტიმაომ" 11 ტურში მხოლოდ 5 გოლი გაუშვა. მორიგ ტურში "კორინთიანსმა" "კრისიუმას" სძლია და კარი კვლავ მშრალად (ზედიზედ მესამედ) შეინახა.

სტუმართა მხრიდან გოლები რენატო აუგუსტომ და პაოლო გერერომ (პენალტით) გაიტანეს.

3-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა "ვიტორიამ", ვინც "პორტუგეზასთან" მარცხდებოდა, მაგრამ დანილო ტარაჩას და ცვლილებაზე გამოსული ფაბრისიოს გოლებით იმარჯვა.

სერია A. XI ტური

კრუზეირო-კორიტიბა 1:0
გოლი: 1:0 ლუანი (12)

ფლამენგო-ატლ. მინეირო 3:0
გოლები: 1:0 ნიქსონი (8), 2:0 ელიასი (14), 3:0 პაულინიო (75)

გრემიო-ინტერნასიონ. 1:1
გოლები: 1:0 ბარკოსი (19-პენ), 1:1 ლეანდრო დამიაო (21)
გაძევება: ჟორჟე ენრიკე (77. ინტერნასიონალი), ფაბრისიო (90. ინტერნასიონალი), ვერლეი (90. გრემიო)

პონტე პრეტა-ფლუმინენსე 1:1
გოლები: 0:1 გუმი (50), 1:1 ვილიამი (86)

კრისიუმა-კორინთიანსი 0:2
გოლები: 0:1 რენატო აუგუსტო (11), 0:2 გერერო (26-პენ)

ატლ. პარანაენსე-გოიასი 2:0
გოლები: 1:0 დელატორე (44), 2:0 ედერსონი (90)

ვასკო-ბოტაფოგო 2:3
გოლები: 0:1 რაფაელ მარკეში (23), 0:2 ზეედორფი (31), 1:2ანდრე (45), 2:2 ანდრე (47), 2:3 რაფაელ მარკეში (49)

ვიტორია-პორტუგეზა 2:1
გოლები: 0:1 კანიეტე (63), 1:1 დანილო ტარაჩა (71), 2:1 ფაბრისიო (86)

სანტოსი-ნაუტიკო გადაიდო

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge

ბომბარდირები: 7 - ბიანკუჩი (ვიტორია), ვილიამი (პონტე პრეტა); 6 - ედერსონი (ატლეტიკო პარანაენსე), ალექსი (კორიტიბა); 5 - ფორლანი (ინტერნასიონალი), რაფაელ მარკეში (ბოტაფოგო), ლუანი (კრუზეირო), ფერნანდაო (ბაია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბრაზილია. სერია A. X ტური: ახალი ცოცხი კარგად გვის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული