არგენტინა. ტორნეო ინისიალი. VIII ტური: მაქსი როდრიგესის შედევრი [VIDEO]

AutoSharing Option
ტორნეო ინისიალის მერვე ტურში ერთბაშად ხუთი ფრე დაფიქსირდა, ჩემპიონატის ორმა ლიდერმა კი მორიგი გამარჯვება მოიპოვა და მდევრებს გამოეყო.

კვლავ წაუგებელია "არსენალი"; აველიანედას "რასინგი" კი ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ გამარჯვება არ მოუპოვებია...

"ნიუელსმა" პირველობა შეინარჩუნა
ჩემპიონატის ლიდერი ბოლო პოზიციაზე მყოფ "რასინგს" ხვდებოდა. "ნიუელს ოლდ ბოისმა" გამარჯვება გაჭირვებით, შეხვედრის ბოლო წუთებზე გატანილი გოლით მოიპოვა. გოლი კი ძალიან ლამაზი გამოდგა - მაქსი როდრიგესმა ბურთი მარჯვენა ფლანგზე მიიღო და საკმაოდ თამამი დრიბლინგი წამოიწყო. შედეგად, მაქსიმ მეტოქის ოთხი ფეხბურთელი ჩამოიტოვა და ახლო კუთხეში გაიტანა.

ამ
გოლს არგენტინის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო გოლის პრიზზე პრეტენზია ნამდვილად ექნება.

მიუხედავად იმისა, რომ "რასინგს" ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, გუნდი ბოლო პოზიციაზეა და ვერაფრით ახერხებს გამარჯვების მოპოვებას. აველიანიდელებს არც მწვრთნელის შეცვლამ უშველა - კარლოს ისკიას ხელში "რასინგმა" 4 მატჩი ჩაატარა: 1 ფრედ დაასრულა და 3 წააგო.

რთული მატჩი ჰქონდა "სან ლორენსოსაც", რომელიც სანტა ფეში "კოლონს" ესტუმრა. მასპინძლებს ბოლო ორი მატჩი ჰქონდათ წაგებული და გულშემატკივართა თვალში რეაბილიტაცია სურდათ. საბოლოოდ, რუბენ რამირესის, ლუსიანო ლეგისამონის და ივან მორენისა და ფაბიანესის მონდომებამ შედეგი არ გამოიღო - "კოლონი" ზედიზედ მესამედ დამარცხდა.

ხუან ანტონიო პიცის გუნდიდან გოლები იგნასიო პიატიმ და ლეანდრო რომანიოლის ნაცვლად შემოსულმა ხუან კავალიარომ გაიტანეს. 19 წლის კავალიარომ, რომელიც შარშან სანტა ფეს "უნიონში" თამაშობდა, ახალ გუნდში თავისი პირველი ბურთი გაიტანა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ორივე დერბი ფრედ დასრულდა
ლა პლატაში მონატრებული დერბი გაიმართა - "ესტუდიანტესი", რომელმაც "ხიმნასიას" უმასპინძლა, მარცხს არბიტრის დახმარებით გადაურჩა. სტუმრებმა შეხვედრა საკმაოდ კარგად დაიწყეს და 22-ე წუთზე ურუგვაელი ხორხე კორეას გოლით დაწინაურდნენ კიდეც. ამის შემდეგ "გიმნაზისტებმა" საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე დაიწყეს ზრუნვა, რამაც "სტუდენტები" მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.

დიდი შანსი იყო, "ხიმნასიას" გაეძლო და თანაქალაქელი გასვლაზე 2003 წლის შემდეგ პირველად დაემარცხებინა, მაგრამ მატჩის 58-ე წუთზე შეხვედრის მთავარმა არბიტრმა საულ ლავერნიმ აშკარა შეცდომა დაუშვა, რამაც შეხვედრის სურათი თავიდან ბოლომდე შეცვალა.

მსაჯმა სტუმართა მცველი ფაკუნდო ორეხა ხელით თამაშისთვის დააჯარიმა, თანაც მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააგდო. არადა ორეხას ხელით არ უთამაშია - ბურთი აშკარად მკერდზე მოხვდა. გარდა იმისა, რომ სტუმრები 10 კაცით დარჩნენ, "ესტუდიანტესმა" ანგარიში სწორედ ამ ჯარიმის შედეგად გაათანაბრა და "ხიმნასია" ურთულეს მდგომარეობაში ჩააგდო.

საბოლოოდ, ამ შეხვედრაში მეტი გოლი აღარ გასულა და გუნდები ერთმანეთს მშვიდობიანად დაშორდნენ. საინტერესოა, რომ "ესტუდიანტესის" მოედანზე აქამდე გამართული ბოლო 6 დერბი მასპინძლებს ჰქონდათ მოგებული. ასე რომ, სტუმრები ქულით ბოლომდე უკმაყოფილონი არ დარჩენილან.

ბუენოს აირესში კი დიეგო მარადონას ორი ყოფილი გუნდის დაპირისპირება შედგა: ლეგენდარული ფეხბურთელის სახელობის სტადიონზე "არგენტინოს ხუნიორსმა" და "ბოკა ხუნიორსმა" ითამაშეს.

პირველ ტაიმში კარლოს ბიანკის გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ გოლის გატანა სტუმრებმა ვერ შეძლეს. მეორე ნახევარი კი უკეთ უკვე მასპინძლებმა ჩაატარეს, მაგრამ რეალურ მომენტამდე საქმე არ მისულა. საბოლოოდ, მატჩი ლოგიკური შედეგით, ფრედ დასრულდა - 0:0.

"რივერის" და "ველესის" განსხვავებული მატჩები
დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, როდესაც ვერ იგებს "ბოკა", იგებს "რივერი". ყველაფერი ამჯერადაც ასე მოხდა, თუმცა რამონ დიასის სამწყსოს საკმაოდ გაუჭირდა და გამარჯვების მომტანი გოლი მხოლოდ 81-ე წუთზე გაიტანა. თავი გუნდის ახალწვეულმა კარლოს კარბონერომ გამოიჩინა, რომლისთვისაც ეს გოლი "რივერში" პირველი იყო.

საპირისპიროდ, მარტივი გამარჯვება მოიპოვა "ველეს სარსფილდმა", რომელმაც "ატლეტიკო რაფაელას" დიდი ანგარიშით სძლია. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი უდავოდ ლუკას პრატო გახდა, ვინც, გოლის გარდა, საგოლე გადაცემითაც გამოირჩა.

სწორედ მისი პასით გაიტანა მაურო სარატემ, ვინც რთული პერიოდი უკან მოიტოვა, ყოფილ კლუბში დაბრუნდა და ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში თავი პირველად გამოიჩინა. შეგახსენებთ, რომ სარატე ბოლოს "ლაციოში" ირიცხებოდა, სადაც წინა სეზონში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა. აქვე ვთქვათ, რომ შეხვედრას წერტილი ახალგაზრდა ლეანდრო დესაბატომ დაუსვა და კარიერაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.

კვლავ არ დამარცხდა "არსენალი", რომელიც ერთადერთი წაუგებელი გუნდია. სარანდელები 3 ქულასთან ძალიან ახლოს იყვნენ, მაგრამ "როსარიოს" ვეტერანმა სებასტიან აბრეუმ ბოლო წუთზე გაიტანა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. 36 წლის ურუგვაელის ანგარიშზე უკვე სამი ბურთია და თუ ასე გააგრძელა, არაა გამორიცხული, ბომბარდირთა დავაშიც გაერიოს.

ტორნეო ინისიალი. VIII ტური
გოდოი კრუსი-ტიგრე 2:0
გოლები: 1:0 ხ. ფერნანდესი (26), 2:0 რამისი (90)
გაძევება: პერეს გარსია (66. ტიგრე), გელაბერტი (71. ტიგრე)

რასინგი-ნიუელსი 0:1
გოლი: 0:1 მაქსი როდრიგესი (86)

ოლიმპო-ბელგრანო 1:1
გოლები: 1:0 ჩერუტი (79), 1:1 კ. ბუენო (81)
გაძევება: მუსტო (69. ოლიმპო), ბარიოსი (69. ბელგრანო)

როსარიო-არსენალი 1:1
გოლები: 0:1 ხ. გომესი (7), 1:1 აბრეუ (90)

კოლონი-სან ლორენსო 0:2
გოლები: 0:1 ი. პიატი (66), 0:2 კავალიარო (72)

ესტუდიანტესი-ხიმნასია 1:1
გოლები: 0:1 ხ. კორეა (22), 1:1 აგირეგარაი (61)
გაძევება: ორეხა (58. ხიმნასია), დამონტე (90. ესტუდიანტესი)

რივერი-ოლ ბოისი 1:0
გოლი: 1:0 კარბონერო (81)

ველესი-ატლ. რაფაელა 4:1
გოლები: 1:0 პრატო (22), 2:0 კუბერო (30), 3:0 სარატე (61), 3:1 ფ. გონსალესი (63), 4:1 დესაბატო (90)

კილმესი-ლანუსი 0:0
არ. ხუნიორსი-ბოკა 0:0

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge

ბომბარდირები: 5 - კაუტერუჩიო (სან ლორენსო); 4 - კარილიო (ესტუდიანტესი), მატოსი (ოლ ბოისი), პრატო (ველეს სარსფილდი), რ. რამირესი (კოლონი), ს. სილვა (ლანუსი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
არგენტინა. ტორნეო ინისიალი. VII ტური: "ნიუელსმა" ლიდერობა დაიბრუნა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული