არგენტინა. ტორნეო ფინალი. I ტური: "რივერის" და "რასინგის" დამაჯერებელი სტარტი

AutoSharing Option
არგენტინაში 2013/14 წლების სეზონის ტორნეო ფინალი დაიწყო და პირველივე ტურში რამდენიმე მოულოდნელი შედეგიც დაფიქსირდა. გარდა ამისა, საინტერესო იყო "ნიუელს ოლდ ბოისის" და "ბოკა ხუნიორსის" მატჩი, რომელმაც იმედები ბოლომდე ვერ გაამართლა...

ბანეგა vs გაგო
ევერ ბანეგა ფერნანდო გაგოს წინააღმდეგ – სწორედ ასეთი ინტრიგა ჰქონდა ჩემპიონატის ორი ფავორიტის, "ნიუელს ოლდ ბოისის" და "ბოკა ხუნიორსის" დაპირისპირებას, მით უმეტეს, რომ სტუმრებს ტრავმის გამო ხუან რომან რიკელმე არ ჰყავდათ. "ბოკას" რიგებში ვერ ვიხილეთ დიეგო პეროტიც, რომელიც თავის ახალ კლუბს მომავალი ტურიდან დაეხმარება.

მარსელო ბიელსას სახელობის
სტადიონზე გამართულ ამ მატჩში ნულოვანი ფრე კი დაფიქსირდა, მაგრამ გოლების გატანა ორივე გუნდის ფეხბურთელებს შეეძლოთ. მასპინძელთა მხრიდან მაქსი როდრიგესი და დავიდ ტრეზეგე აქტიურობდნენ, კარლოს ბიანკის სამწყსოდან კი შეტევაში ემანუელ ჟიგლიოტი გამოირჩეოდა.

შეხვედრის ბოლოსკენ ორივე გუნდის მწვრთნელმა საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო: ჯერ ბიანკიმ მოედანზე 19 წლის დებიუტანტი ლუსიანო აკოსტა გამოუშვა, რასაც ალფრედო ბერტიმ უფრო თამამი ნაბიჯით უპასუხა და ტრეზეგეს ნაცვლად თამაშში 16 წლის ესეკილ პონსე ჩართო.

შეხვედრის მეორე ნახევარში ტერიტორიულ უპირატესობას მასპინძლები კი ფლობდნენ, მაგრამ "ბოკა" თავს საკმაოდ კარგად იცავდა და საბოლოოდ, ლოგიკური შედეგიც დაფიქსირდა – 0:0.

"რივერმა" და "რასინგმა" მოგებით დაიწყეს
საშინაო მატჩები მოიგეს "რივერ პლეიტმა" და "რასინგმა". რამონ დიასის გუნდმა "მონუმენტალზე" "ხიმნასია ლა პლატას" უმასპინძლა და მიუხედავად იმისა, რომ მეტოქის კართან უამრავი მომენტი შექმნა, მხოლოდ ერთი გოლით დაკმაყოფილდა. შეხვედრის ერთადერთი ბურთი 45-ე წუთზე ლეონარდო პონსიომ შორეული დარტყმით გაიტანა. "ლოს მილიონარიოსის" რიგებში კაპიტნის სამკლავური არა პონსიომ, არამედ გუნდში დაბრუნებულმა ფერნანდო კავენაგიმ მოირგო, ვინც მეორე ტაიმში ბურთი ძელს გაარტყა.

რამდენიმე შანსი მანუელ ლანსინისაც ჰქონდა, მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელმა ხელსაყრელი პოზიციებიდან კარში ზუსტად ვერაფრით დაარტყა.

დიდი ანგარიშით იმარჯვა "რასინგმა", რომელმაც საშინელ დღეში მყოფ "კოლონს" სძლია. ამ გუნდებმა ტორნეო ინისიალი მე-19 და მე-20 ადგილებზე დაასრულეს, მაგრამ თუ "რასინგს" არაფერი ემუქრება, სანტა ფეს გუნდი ქვედა დივიზიონში დაქვეითების საფრთხის წინაშე დგას. რეინალდო მერლოს გუნდიდან გოლები ვალენტინ ვიოლამ, გაბრიელ აუჩემ და ლუსიანო ვიეტომ გაიტანეს. განსაკუთრებით ლამაზი ვიოლას გოლი გამოდგა, რომელმაც სტუმართა კარი მაკრატელა დარტყმით აიღო. არ უთამაშია მაურო კამორანეზის; სამაგიეროდ, მინდორზე იყვნენ დიეგო ვილიარი, ბრუნო სუკულინი და როდრიგო დე პაული.

სენსაციები
როგორც აღვნიშნეთ, პირველივე ტურში რამდენიმე მოულოდნელი შედეგი მივიღეთ. ტურნირი მარცხით დაიწყო მოქმედმა ჩემპიონმა "სან ლორენსომ". რომის პაპის საყვარელი გუნდი ბაია ბლანკას "ოლიმპომ" დაამარცხა, რომლის რიგებშიც პირველი გოლი არგენტინაში დაბრუნებულმა ესეკილ მირალიესმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ "სანტოსის" ყოფილმა მოთამაშემ საგოლე პასი საკუთარი გუნდის მეკარისგან, ნერეო შამპანისგან მიიღო.

სტუმართა რიგებში დებიუტი ჰქონდა "ბოკადან" წასულ ნიკოლას ბლანდის, მაგრამ 24 წლის ფორვარდი თავის ახალ გუნდს ვერაფრით დაეხმარა.

გოლი ვერ გაიტანა "ველეს სარსფილდმაც", მაგრამ "სან ლორენსოსგან" განსხვავებით, არც გაუშვა და საბოლოოდ, ნულოვან ფრეს დასჯერდა. ხოსე ფლორესის დებიუტს წარმატებულს ნამდვილად ვერ დავარქმევთ, რადგან რიკარდო გარეკას შემცვლელისგან "ველესის" ქომაგები პირველივე შეხვედრაში მხოლოდ სამ ქულას ითხოვდნენ.

ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყო ხუან სებასტიან ვერონის გარეშე მოთამაშე "ესტუდიანტესმა", რომელმაც საკუთარ მოედანზე სარანდის "არსენალს" სძლია. მატჩის ერთადერთი გოლი დიეგო ბრაგიერიმ საკუთარ კარში გაიტანა.

I ტური

ესტუდიანტესი-არსენალი 1:0
გოლი: 1:0 ბრაგიერი (25-საკ. კარში)

ოლიმპო-სან ლორენსო 2:0
გოლები: 1:0 ე. მირალიესი (68), 2:0 ფურიოსი (72)
გაძევება: ჯენტილეტი (78. სან ლორენსო)

არ. ხუნიორსი-გოდოი კრუსი 2:1
გოლები: 1:0 პისკულიჩი (25), 2:0 კანო (59), 2:1 ობოლო (78)
გაძევება: ხ. ფერნანდესი (72. გოდოი კრუსი)

ატ. რაფაელა-ოლ ბოისი 1:1
გოლები: 0:1 კამპორა (50), 1:1 დეპეტრისი (84)

რასინგი-კოლონი 3:0
გოლები: 1:0 ვიოლა (38), 2:0 აუჩე (45), 3:0 ვიეტო (90)

კილმესი-როსარიო 0:1
გოლი: 0:1 ენსინა (34)

რივერი-ხიმნასია 1:0
გოლი: 1:0 პონსიო (45)

ველესი-ტიგრე 0:0
ნიუელსი-ბოკა 0:0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული