13:40. ზამთრის უხმაურო სატრანსფერო კამპანია, შესაძლოა, დიეგო კოშტამ გამოაცოცხლოს. "ჩელსის" ფორვარდს უთანხმოება აქვს ანტონიო კონტესთან, რაც, არ არის გამორიცხული, გაყრით დასრულდეს. აგერ, "ინდეპენდენტი" წერს, რომ გააქტიურდა "ბარსელონა", რომელიც თავისი შემტევი ტრიოსთვის ღირსეულ კონკურენტს ეძებს.
13:48. თუ ESPN არ ხუმრობს, "მანჩესტერ სიტის" "ბ
13:56. დაუჯერებელია, მაგრამ ჩინელებმა, ეტყობა, არ იციან, რომ არიენ რობენმა "ბაიერნთან" ახალი კონტრაქტი (2018 წლის ივლისამდე) გააფორმა. აბა, სხვას რას უნდა მივაწეროთ ის ფაქტი, რომ ჰოლანდიელმა ერთბაშად სამი ისეთი კლუბი მოიგერია, ამ სიბერეში ზღაპრულ ხელფასს რომ სთავაზობდა.
14:02. ჟოზე მოურინიომ თქვა, რომ ამ ზამთარს "მანჩესტერ იუნაიტედი" ბაზარზე ხმაურს არ ატეხს, აი, ზაფხულში კი... ოოო, ზაფხულში მთავარი სამიზნე ანტუან გრიზმანი იქნება.
14:10. ედინსონ კავანიმ ურუგვაის რადიო "ნასიონალს" უთხრა, რომ "პარი სენ-ჟერმენთან" ახალი კონტრაქტი უახლოესი მომავლის საქმეა. "ბედნიერი ვარ, რომ პსჟ-ში ვთამაშობ. მეც და კლუბსაც ერთი მიზანი გვაქვს. ამიტომ მომავალთან დაკავშირებით ყველაფერი გარკვეულია", - თქვა 30 წლის ფორვარდმა.
14:15. ამაზე მყარი რეკომენდაცია რაღა უნდა იყოს - ოლივიერ ჟირუ და მესუთ იოზილი სთხოვენ "არსენალის" უფროსებს, არსენ ვენგერს კონტრაქტი გაუგრძელონ. "არსენი ის კაცია, რომელმაც ამხელა შანსი მომცა. ის ჩვენში აღვივებს ყველა სასარგებლო თვისებას, რომელსაც ისევ და ისევ გუნდისთვის ვიყენებთ. ვერ წარმომიდგენია "არსენალი" ვენგერის გარეშე", - წერს ჟირუ თავის "პეტიციაში".
14:25. ჩინურ "ტიანცზინს" ქარიმ ბენზემას ყიდვის იდეა გაუჩნდა. კლუბის ბოსმა as-ს უთხრა, რომ მადრიდში უკვე აფრინეს ოფიციალური წინადადება (რა თქმა უნდა, ფინანსური დეტალები ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება) და ახლა "რეალის" პასუხს ელოდებიან.
14:32. ახლა კი ინფორმაცია უბრალო მოკვდავთაგან. "მიდლსბრო" გასტონ რამირესს ახალ, გაუმჯობესებულ კონტრაქტს სთავაზობს. BBC-ისთვის ცნობილი გახდა მიზეზი, თუ რატომ ჩქარობენ რივერსაიდელები - რამირესს, თურმე, "ლესტერი" და "ბენფიკა" შეუჩნდნენ, ჰოდა, "ბოროც" ცდილობს, მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დიდი ხნით დაიტოვოს.
14:37. "ლივერპულმა" გადაწყვიტა, მამადუ სახოს ცხოვრება გაუმწაროს. 27 წლის მცველს ჯერ ხომ ახალგაზრდულ გუნდში აღარ ათამაშებენ, თან კიდევ 23 მილიონ ევროდ აფასებენ. ამ ფასად კი სახოს მყიდველი, ჯერჯერობით, ჰორიზონტზე არ ჩანს.
14:43. "ვესტ ჰემი" და "მარსელი" დიმიტრი პაიეს ტრანსფერზე მუშაობენ. ლონდონური კლუბი 25 მილიონს ითხოვს, პროვანსელებს კი ამდენი არ აქვთ. "ინდეპენდენტი" წერს, რომ იჯარა გამორიცხულია. ასე რომ, კლუბებს სხვა გზა არ აქვთ - როგორმე ფასზე უნდა მორიგდნენ.
14:50. კიდევ ერთი ინფორმაცია "ვესტ ჰემის" ბანაკიდან. "ჩაქუჩებს", თურმე, სოფიან ფეგულის გაყიდვაც სურდათ, მაგრამ ფანებმა ერთი ამბავი ატეხეს - ასე ბითუმად ნუ დავარიგებთ ფეხბურთელებსო, მისწერეს კლუბის მმართველ დევიდ გოლდს "ტვიტერზე" და მალევე მიიღეს პასუხი - "თქვენ მართალი ხართ"!
15:00. "არსენალმა" პერ მერტეზაკერი კიდევ ერთი წლით შეინარჩუნა. ახალი ხელშეკრულებით, გერმანელი ცენტრალური მცველი კვირაში 75 ათას ევროს მიიღებს.
15:07. განახლებული ინფორმაცია ლიონელ მესისა და "მანჩესტერ სიტის" ვირტუალურ თანამშრომლობაზე. "დეილი სტარმა" საიდანღაც შეიტყო, რომ "ქალაქელების" სატრანსფერო ბიუჯეტი 254 მილიონი ევრო ყოფილა. ჰოდა, თუ "ბარსელონა" უარს იტყვის 114 მილიონზე, "სიტის" აქვს იმის რესურსი, რომ კატალონიელებს უფრო მეტი შესთავაზოსო, - ვარაუდობს გამოცემა.
15:15. ჩინურმა "ტიანცზინმა" ლეგიონერებზე ლიმიტის გამო უარი თქვა რადამელ ფალკაოს შეძენაზე - ამ ინფორმაციას თავად კლუბის მფლობელი შუ იუ ხუი ავრცელებს (პრესსამსახური არ ჰყავთ?). არადა, ჩინელებს ყველაფერი გარკვეული ჰქონდათ თავად კოლუმბიელ ფორვარდთან, ისევე, როგორც რაულ ხიმენესთან ("ბენფიკა"), მაგრამ... ტრანსფერები ახალმა ლიმიტმა ჩაშალა. როგორც ჩანს, ჩინეთში ვიღაც ზრუნავს იმაზე, რომ ევროპის ტოპ-ლიგებიდან ფეხბურთელების მასობრივმა გადაბირებამ და ასტრონომიული თანხების ტრიალმა უკონტროლო ხასიათი არ მიიღოს.
15:25. ესპანურმა "გრანადამ" ისლანდიის ნაკრების მცველი სვერირ ინგასონი იყიდა. ანდალუსიელებს ბელგიურ "ლოკერენთან" ამ საქმის მოკვარახჭინება 1.5 მილიონი ევრო დაუჯდათ.
15:38. "ტელეგრაფის" ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ იციან იმ რამდენიმე ფეხბურთელის ვინაობა, პეპ გვარდიოლას სიაში რომ ფიგურირებს. საინტერესოა, რომ ამ სიაში ვერ მოხვდა ლიონელ მესი (ეტყობა, პეპს ყოფილი კლუბისა და შეგირდის განშორება ვერ წარმოუდგენია), სამაგიეროდ, აქ არიან პიერ-ემერიკ ობამეიანგი ("დორტმუნდი") და ალექსის სანჩესი ("არსენალი), პლუს, ორი მცველი "საუთჰემპტონიდან" - რაიან ბერტრანდი და ვირგილ ვან დიიკი.
15:51. ამაზე გუშინაც ვწერდით - "რეალმა" და შვედურმა აიკ-მა უკვე მოილაპარაკეს ფორვარდ ალექსანდერ ისაკზე. სატრანსფერო ფასებზე დღეს რაღა უნდა იყოს გასაკვირი, მაგრამ მაინც - 17 წლის ტალანტი "სამეფო კლუბში" 10 მილიონ(!) ევროდ გადავა, ოღონდ ახლა არა - ზაფხულში.
16:13. უკვე გადაწყვეტილია, რომ ვეტერანი მცველი მარტინ დემიკელისი ჩემპიონატის ბოლომდე "მალაგაში" ითამაშებს. არგენტინელმა სეზონი "ესპანიოლში" დაიწყო, მაგრამ მხოლოდ 2 მატჩი ითამაშა და კატალონიელებთან კონტრაქტი გაწყვიტა.
17:06. "მანჩესტერ იუნაიტედი" ანტონიო ვალენსიასთან კონტრაქტს კიდევ ერთი წლით გააგრძელებს. 31 წლის ფეხბურთელთან არსებულ კონტრაქტს ამ ზაფხულს გასდის ყავლი.
17:22. "სუონსიმ" "ნორვიჩისგან" 28 წლის მარტინ ოლსონი იყიდა. "გედებმა" შვედ მცველს 2.5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ბარემ აქვე გავიხსენოთ, რომ უელსურმა კლუბმა ახლახან პსვ-დან ლუსიანო ნარსინგიც გადაიბირა.
17:33. დონეცკის "შახტარმა" 3.5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა ბლანკო... ლეშჩუკს. დიახ, ზუსტად ასეა - უკრაინული წარმოშობის არგენტინელი ფეხბურთელი 25 წლისაა. მისი ოცნებაა, ოდესმე სამშობლოს სახელით ითამაშოს.
18:33. "ფულჰემმა" "ჩელსის" ნახევარმცველ ლუკას პიაზონს იჯარა გაუგრძელა. 15 მატჩში მისი მონაგარი 3 გოლი და 1 საგოლე პასია.
19:17. ჩინური "ჩუნცინ ლიფანი" "დორტმუნდის" შემტევ ადრიან რამოსს ეპატიჟება.
19:31. "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ლიონს" მემფის დეპაის მიყიდვაზე უარი უთხრა. ფრანგულ კლუბს 20 მილიონი ევრო ჰქონდა გამზადებული...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"