ამ სიაში მყოფი ფეხბურთელები ზაფხულში უსათუოდ უნდა გაიყიდონ. ესპანური პრესის ვერსიების მიხედვით, მესის პაკო ალკასერის, ანდრე გომეშის, ჟერემი მატიოსა და არდა თურანის მოცილება სურს.
ჩნდება ინფორმაცია იმის თაობაზეც, თუ რომელი ფეხბურთელების ყიდვა სურს მესის "ბარსელონასათვის". ესენი არიან კილიან მბაპე, ბერნარდო სილვა და ექტორ ბელერინი. ფაქტია, საქმე დიდ უცნაურობასთან გვაქვს. და როგორ უნდა გავიგოთ ეს?
თუ ეს ინფორმაცია მართალია,
და მაინც, გაზეთები და მედიასაშუალებები ყველაფერს აკეთებენ დიდი ტირაჟისათვის. სამუელ უმტიტიმ ფრანგ ჟურნალისტს შემდეგი უთხრა: "მე ძალიან კარგად ვარ მესისთან და მას ხშირად ვესაუბრები, მაგრამ ასეთი რამ არ გამიგია. ის უბრალოდ არაა ისეთი ადამიანი, რომ ასეთი რამ გააკეთოს".
ამ დროისათვის მესი დიდი წნეხის ქვეშაა. გარკვეული პრობლემები მას არასოდეს აკლდა, მაგრამ ახლა განსაკუთრებული რამ ხდება. არგენტინელ ვარსკვლავზე ერთბაშად რამდენიმე მხრიდან ხორციელდება შეტევა.
სასამართლო
ოთხი თვეა, მესის საქმეს იძიებენ. ვალების, ეჭვების და ციფრების შესახებ რომ არაფერი ვთქვათ, ეს დიდი ფსიქოლოგიური დარტყმაა არგენტინელისათვის. გამოძიებას ეჭვი აქვს, რომ მესიმ სახელმწიფოს 4 მილიონი ევრო არ გადაუხადა. ამასთან, სასამართლომ მესის მხარეს უარი უთხრა 15 მილიონი ევროს გადახდაზე, რათა ეს საქმე რაც შეიძლება მალე დახურულიყო. საბოლოო ჯამში, ფეხბურთელს და მამამისს 21 თვით თავისუფლების აღკვეთა და სამმილიონ-ნახევარი ევრო ჯარიმა მიუსაჯეს. ესპანური კანონმდებლობის თანახმად, ნებისმიერი სასჯელის მოხდა, რომელიც ორ წელიწადზე ნაკლებია, პირობითად შეიძლება. ასე რომ, მესი ციხეს გადაურჩა.
საინტერესოა, რომ სახელმწიფო პროკურორი რაკელ ამადო არ იყო მომხრე ფეხბურთელის გამტყუნებისა. მაშ, რატომ დადგა ასეთი შედეგი? საქმე ისაა, რომ "მესის საქმეში" ერთბაშად სამი მხარეა. მესამე მხარეა "სახელმწიფო ინტერესების ადვოკატი" და მას მარტა სილვა წარმოადგენს. სხვათა შორის, ის ფეხბურთელისათვის გაცილებით ხანგრძლივ სასჯელს ითხოვდა. მარტა სილვა ორიათასიანებში თანამდებობის პირი იყო "რეალში" და დღეს ფლორენტინო პერესის ბიზნესპარტნიორად რჩება.
"მესის საქმეზე" ესპანეთის სასამართლო ვერდიქტს 20 აპრილს გამოიტანს, "კლასიკომდე" სამი დღით ადრე...
ფიფა
ჩილესთან გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრაში მესი ლაინსმენს გაუბრაზდა. რბილად რომ ვთქვათ, არ იყო ლამაზი. მერე მესიმ თქვა, რომ ჰაერს გაუწყრა. ეს უკვე არადამაჯერებელი იყო. ლაინსმენმა და მთავარმა მსაჯმა თქვეს, რომ ვერაფერი შენიშნეს. ყველა ელოდა, რომ დისკვალიფიკაცია ერთმატჩიანი იქნებოდა, ფიფამ კი მესის ოთხი შეხვედრით უქმობა გამოუწერა. ეს გადაწყვეტილება აბსურდულად რამდენიმე მიზეზის გამო მოჩანს.პირველი ის, რომ დაზარალებულს პრეტენზია არ აქვს. მეორე - არ არსებობს მოწმე. მესამე, მესის ადრე არასოდეს გაუკეთებია ასეთი რამ. მთავარი რისკი: შესაძლოა, არგენტინა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოხვდეს.
მესი თვით ბოლივიის პრეზიდენტმა დაიცვა, რომლის ნაკრებმაც მესის დისკვალიფიკაციით ყველაზე მეტი მოიგო. არგენტინელის მხარეს ბევრი ცნობილი ადამიანი და საფეხბურთო მოღვაწე დადგა.
"თუ გულისწყრომის გამოხატვისათვის ყველას მისცემენ დისკვალიფიკაციას, ვინღა ითამაშებს ფეხბურთს?" - თქვა ანხელ დი მარიამ. მესის მთავარმა მტერმა დიეგო მარადონამ კი, ვინც ამას წინათ თქვა, რომ ლიონელი ნაკრებიდან მოკვეთას იმსახურებს, ახლა განაცხადა, რომ დაელაპარაკება ჯანი ინფანტინოს და ეცდება, გადაწყვეტილება შეაცვლევინოს.
პრესა
ყოველივე ამას მედიის წნეხიც დაემატა. "შავ სიაზე" აგორებული ხმები სწორედ ამის დასტურია. თავის დროზე და ახლაც პრესამ ბევრ ფეხბურთელს გაუფუჭა საქმე. ბევრი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტების წვლილი არის იმაში, რომ რონალდინიო გარკვეული ხნის შემდეგ აღარ იყო ძველებურად კაშკაშა.მესის დიდი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ერთად ვნახავთ, არის თუ არა იგი მზად ამისათვის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"