წინა უქმეებმა ტოპ-5 ლიგიდან ერთში ჩემპიონი ნაადრევად დაასახელა. შესაძლოა, ამ უქმეებზე "ბაიერნივით" ტიტული სხვა გუნდმაც დაიბევოს, მაგრამ რომელმა? "იუვენტუსმა"...
ჩემპიონი ვადამდე?
ბუნდესლიგის წინა ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" 6:0 იმარჯვა, ხოლო მისმა "მდევარმა" "ლაიპციგმა" ქულები დაკარგა. შედეგად, ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრე სხვაობა 10 ქულა გახდა და ვერცხლის სინი "ბაიერნმა" ზედიზედ მეხუთედ ჩაიხუტა. რა გველის ამ ტურში? იტალიაში ტურინის "იუვენტუსი" 9 ქულით უსწრებს "რომას" და 4 ტური რჩება.
პრემიერლიგაში "ჩელსი" "ტოტენჰემს" 4 ქულით უსწრებს. ვინაიდან ამ გუნდებს თითო თამაში რეზერვში აქვთ, ჩემპიონის ვინაობა "ნისლიან ალბიონზე" ახლა ვერაფრით გამოვლინდება.
თუ საფრანგეთში პსჟ წააგებს, ხოლო "მონაკო" იმარჯვებს, 99%-ით ჩემპიონი "მონაკო" იქნება, თუმცა თეორიული შანსი პარიზელებს მაინც შერჩებათ (საფრანგეთში ურთიერთშეხვედრები არ არის გადამწყვეტი). ისე კი, ძნელი წარმოსადგენია, უნაი ემერის გუნდმა შინ უიმედო აუტსაიდერთან ქულები დაკარგოს...
თავისთავად, არაფერი გაირკვევა პირინეის ნახევარკუნძულზე, რადგან "ბარსელონასა" და "რეალს" ერთნაირი ქულები აქვთ...
პრემიერლიგა: უცნაური სიტუაცია
პრემიერლიგის ლიდერი "ჩელსი" ტურს ორშაბათს ასრულებს, მეტოქე გავარდნის პირას მყოფი "მიდლსბროა". დიდი ალბათობით, "ლურჯები" ჩემპიონშიპის "საგზურს" გამოუწერენ სტუმრებს, თავად კი ბრძოლას გააგრძელებენ. თუ ლიდერი ტურს ასრულებს, მდევარი მას ხსნის - პარასკევს "ტოტენჰემს" მორიგი დერბი აქვს, "არსენალთან" ეპოპეის შემდეგ რიგში "ვესტ ჰემია". პირველ წრეში "დეზებმა" გამარჯვება გამოგლიჯეს ხელიდან სლავენ ბილიჩის გუნდს, 89-ე წუთისთვის მაურისიო პოჩეტინოს გუნდი აგებდა, საბოლოოდ, კი 3:2 მოიგო. ახლა "ვესტ ჰემმა" თითქმის გაინაღდა პრემიერლიგაში დარჩენა.
ტურის ცენტრალურ მატჩში "არსენალი" "მანჩესტერ იუნაიტედს" მასპინძლობს. ჟოზე მოურინიომ უკვე თქვა, რომ სხვა გზა არა აქვს, დიდი ალბათობით, მოუწევს "არსენალთან" ლიდერების დასვენება. მიზეზი კი ევროპალიგაა, "სელტასთან" მატჩმა ბევრი ენერგია წაიღო. არსენ ვენგერისთვის კი ეს თამაში ბოლო შანსია, გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოლოს.
ლა ლიგა: 40 მილიონი მოტივაციისთვის
ამ უქმეების შემდეგ ესპანეთში 2-2 ტური დარჩება გასათამაშებელი, მაგრამ "ბარსელონასთვის" საუბედუროდ, "რეალს" ერთი თამაშით მეტი რჩება. მაშინ გალისიას ქარიშხალმა გადაუარა, "სელტასა" და "რეალის" თამაში კი ვერაფრით გაიმართებოდა, რადგან სტიქიამ "ბალაიდოსი" დააზიანა. სწორედ ეს მატჩი ტოვებს "რეალს" ფავორიტად. ისე, კი ერთნაირი ქულების შემთხვევაში, "ბარსელონას" ურთიერთშეხვედრებში უკეთესი თამაშის წყალობით, უპირატესობა აქვს.
"რეალი" უკვე გავარდნილ "გრანადას" სტუმრობს. ზინედინ ზიდანი დაძაბული სიტუაციის მიუხედავად, მაინც არ უშინდება როტაციებს. ასე რომ, ანდალუსიაშიც ველით ცვლილებებს "სამეფო კლუბის" შემადგენლობაში.
უფრო კონკრეტულად ამ დროისთვის ცნობილი არ არის, რას აპირებს ზიდანი.
თითქოს, მოტივაცია ნაკლები ყოფილიყო - "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა გუნდს 40 მილიონი ევრო დაუწესა საპრიზო თანხად, თუკი გუნდი ოქროს დუბლს შეასრულებს - ანუ მოიგებს ჩემპიონთა ლიგასა და ლა ლიგას ერთად. ასეთი რამ "რეალს" 1957/58 წლების სეზონის შემდეგ არ გაუკეთებია. თუ "რეალი" მიზანს მიაღწევს, 24 ფეხბურთელიდან თითოეულს 1,5 მილიონი ევრო შეხვდება, ზიდანს - 2, კიდევ 2 კი სამწვრთნელო შტაბსა და კლუბის პერსონალზე გადანაწილდება.
უფრო სერიოზული მეტოქე ჰყავს "ბარსელონას", რომელიც "კამპ ნოუზე" "ვილიარეალს" მასპინძლობს. ეს მატჩი "ყვითელი წყალქვეშა ნავისთვის" უკანასკნელი შანსია, ლიგის საგზურისთვის გაიბრძოლოს. ესეც რომ არა, ვალენსიურ გუნდს ევროპალიგის საგზურიც დასაცავი აქვს. მოკლედ, "ვილიარეალი" ბოლომდე იბრძოლებს. რობერტო სოლდადო ამბობს, რომ მისთვის ეს უკანასკნელი შანსია, იმარჯვოს "კამპ ნოუზე" და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.
ბუნდესლიგა: ლიგის საგზურისთვის
"რეკორდმაისტერისთვის" სრულიად უმოტივაციო სეზონის ნაწილი დაიწყო, კარლო ანჩელოტის ბიჭებს შეუძლიათ თავიანთი სიამოვნებისთვის ითამაშონ, მაგრამ ეს შესაძლოა, საკმარისიც აღმოჩნდეს იმისთვის, რომ "დარმშტადტი" შეიწიროს და II ბუნდესლიგაში გაუშვას (პრინციპში, ეს ადრე თუ გვიან მაინც მოხდება). "ბაიერნს" კვლავ არ ეყოლება მანუელ ნოიერი, თუმცა ანჩელოტი როტაციისთვის მზად არის. ტურის ცენტრალური მატჩი "სიგნალ იდუნა პარკზეა", სადაც თომას ტუხელის "დორტმუნდი" "ჰოფენჰაიმს" მასპინძლობს. ეს არის ბრძოლა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის. "ჰოფენჰაიმმა" პირველად გაინაღდა ევროსაგზური, მაგრამ თავისუფლად შეიძლება, ეს საგზური ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირის იყოს. ამ გზაზე "სოფლელებს" წინ მხოლოდ ერთი გუნდი უდგას - ტუხელის "დორტმუნდი".
"დორტმუნდში" ერთი სიახლეა, ამბობენ, რომ გუნდს მალე დატოვებს მთავარი მეგოლე პიერ-ემერიკ ობამეიანგი, რომელიც "პარი სენ-ჟერმენში" გადაბარგდება. საფრანგეთის ჩემპიონატი აფრიკელისთვის სულაც არ არის უცხო, თან პარიზში ის წელიწადში 14 მილიონ ევროს მიიღებს. ის ამით მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელთა შორის მოხვდება. გერმანიის ჩემპიონატში კი ასეთ ხელფასებს არ (ვერ) იძლევიან.
სერია A: დერბი და მძიმე გასვლა
უნაკლო, დაუმარცხებელი - რა ეპითეტით აღარ შეაქეს "იუვენტუსი", რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 6 მატჩი მოიგო და ფაქტობრივად, ლიგის ფინალის საგზური გაინაღდა. ახლა კი გუნდი სკუდეტოს მოპოვებასთან ორ ნაბიჯშია. შაბათს "ბებერ ქალბატონს" ტურინული დერბი ელის, ნიჭიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ, საინტერესო "ტორინოსთან", რომელსაც ანდრეა ბოლიტი ჰყავს. ერთი ეგაა, სინიშა მიხაილოვიჩის "ხარები" ისე ვერ თამაშობენ, როგორიც შემადგენლობა ჰყავთ და როგორი მოლოდინიც იყო თავიდან - გუნდი მხოლოდ მე-9 ადგილზეა და, სატურნირო თვალსაზრისით, სრულიად უმოტივაციოა. "რომა" "მილანს" სტუმრობს. გუნდს აპელაცია ჰქონდა შეტანილი კევინ სტროტმანის დისკვალიფიკაციის შესახებ, თუმცა ის არ დააკმაყოფილეს. ასე რომ, სპალეტის ჰოლანდიელის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა. "რომას" ფეხის დაცდენას ელის "ნაპოლი", რომელიც ამ ტურში "სან პაოლოზე" "კალიარის" მასპინძლობს და დაპირისპირებაში აშკარა ფავორიტია.
ლიგა 1: ჩემპიონის ტიტულის გარეშე არ შეიძლება!
როგორც უკვე ვთქვით, პსჟ მომავალზე ფიქრობს და ახალ-ახალ ვარსკვლავებს იბევებს, თუმცა ბარსელონური ფიასკოს შემდეგ უნაი ემერის ჰაერივით სჭირდება ჩემპიონატში გამარჯვება, რაც "ნიცასთან" მარცხის მერე ძნელი წარმოსადგენია. კორსიკელებთან პსჟ აშკარა ფავორიტია.საინტერესოა, როგორ განწყობაზე იქნება ლიდერი "მონაკო", რომელიც ელიტაში დარჩენისთვის გააფთრებით მებრძოლ "ნანსის" სტუმრობს. განწყობა კი ლეონარდო ჟარდიმის გუნდს "იუვესთან" 0:2 მარცხის მერე არც ისე კარგი უნდა ჰქონდეს.
ტურის ცენტრალური დაპირისპირება კი მაინც სამხრეთული დუელია "მარსელსა" და "ნიცას" შორის, რომელიც "ველოდრომზე" გაიმართება. სხვათა შორის, "ალიანს რივიერას" მკვიდრებს ჯერ კიდევ რჩებათ ჩემპიონობის თეორიული შანსი...
მიმდინარე სერიები
* გამარჯვებები (ტოპ-5): 9 - ტოტენჰემი; 8 - მონაკო.
* გამარჯვებები (ევროპაში): 9 - ტოტენჰემი; 8 - მონაკო, ასტრა.
* დაუმარცხებელი (ტოპ-5): 25 - მანჩესტერი; 16 - მონაკო.
* დაუმარცხებელი (ევროპა): 34 - სელტიკი; 28 - პორტუ; 26 - კოპენჰაგენი.
* ფრეები (ტოპ-5): 3 - ვესტ ჰემი.
* ფრეები (ევროპა): 5 - დნიპრო.
* მოუგებელი (ტოპ-5): 10 - გრანადა, სანდერლენდი.
* მოუგებელი (ევროპა): 10 - გრანადა, სანდერლენდი, ვოლინი.
* წაგებები (ტოპ-5): 5 - ანჟერი, გრანადა.
* წაგებები (ევროპა): 8 - ბორაცი; 7 - ბელენენსეში, ნეიმეგენი.
ინგლისი. პრემიერლიგა. XXXVI ტური
პარასკევი. 5 მაისი
ვესტ ჰემი-ტოტენჰემი 23:00
შაბათი. 6 მაისი
სიტი-კრ. პალასი 15:30
ბორნმუთი-სტოკი 18:00
ბარნლი-ვესტ ბრომვიჩი 18:00
ჰალი-სანდერლენდი 18:00
ლესტერი-უოტფორდი 18:00
სუონსი-ევერტონი 20:30
კვირა. 7 მაისი
ლივერპული-საუთჰემპტონი 16:30
არსენალი-მანჩესტერი 19:00
ორშაბათი. 8 მაისი
ჩელსი-მიდლსბრო 23:00
ბომბარდირები: 24 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 21 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 19 - დიეგო კოშტა (ჩელსი), ალექსის სანჩესი (არსენალი); 18 - სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 17 - ზლატან იბრაჰიმოვიჩი (მანჩესტერ იუნ), დელე ალი (ტოტენჰემი); 15 - ედენ აზარი (ჩელსი), ჯოშუა კინგი (ბორნმუთი).
ესპანეთი. ლა ლიგა. XXXVI ტური
პარასკევი. 5 მაისი
სევილია-რეალ სოსიედადი 23:00
შაბათი. 6 მაისი
სპორტინგი-ლას პალმასი 15:00
ატლეტიკო-ეიბარი 18:15
ბარსელონა-ვილიარეალი 20:30
გრანადა-რეალი 22:45
კვირა. 7 მაისი
ალავესი-ბილბაო 14:00
ვალენსია-ოსასუნა 18:15
დეპორტივო-ესპანიოლი 20:30
მალაგა-სელტა 22:45
ორშაბათი. 8 მაისი
ლეგანესი-ბეტისი 22:45
ბომბარდირები: 33 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 26 - ლუის სუარესი (ბარსელონა); 20 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 17 - იაგო ასპასი (სელტა); 16 - ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო); 15 - არიც ადურისი (ბილბაო).
გერმანია. ბუნდესლიგა. XXXII ტური
პარასკევი. 5 მაისი
კიოლნი-ვერდერი 22:30
შაბათი. 6 მაისი
ბაიერნი-დარმშტადტი 17:30
დორტმუნდი-ჰოფენჰაიმი 17:30
გლადბახი-აუგსბურგი 17:30
ინგოლშტადტი-ლევერკუზენი 17:30
აინტრახტი-ვოლფსბურგი 17:30
ჰერტა-ლაიპციგი 20:30
კვირა. 7 მაისი
ჰამბურგი-მაინცი 17:30
ფრაიბურგი-შალკე 19:30
ბომბარდირები: 28 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 27 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 23 - ანტონი მოდესტე (კიოლნი); 17 - ტიმო ვერნერი (ლაიპციგი).
იტალია. სერია A. XXXV ტური
შაბათი. 6 მაისი
ნაპოლი-კალიარი 20:00
იუვენტუსი-ტორინო 22:45
კვირა. 7 მაისი
უდინეზე-ატალანტა 14:30
ემპოლი-ბოლონია 17:00
პესკარა-კროტონე 17:00
სასუოლო-ფიორენტინა 17:00
ჯენოა-ინტერი 17:00
კიევო-პალერმო 17:00
ლაციო-სამპდორია 17:00
მილანი-რომა 22:45
ბომბარდირები: 25 - ანდრეა ბელოტი (ტორინო), ედინ ჯეკო (რომა); 24 - მაურო იკარდი (ინტერი); 23 - გონსალო იგუაინი (იუვენტუსი); 22 - დრის მერტენსი (ნაპოლი); 20 - ჩირო იმობილე (ლაციო); 16 - მარკო ბორიელო (კალიარი).
საფრანგეთი. ლიგა 1. XXXVI ტური
პარასკევი. 5 მაისი
სტ. ეტიენი-ბორდო 22:45
შაბათი. 6 მაისი
პსჟ-ბასტია 19:00
ნანსი-მონაკო 22:00
ლორიანი-ანჟერი 22:00
ლილი-მეცი 22:00
ტულუზი-კაენი 22:00
გენგამი-დიჟონი 22:00
კვირა. 7 მაისი
რენი-მონპელიე 17:00
ლიონი-ნანტი 19:00
მარსელი-ნიცა 23:00
ბომბარდირები: 31 - ედინსონ კავანი (პსჟ); 24 - ალექსანდრ ლაკაზეტი (ლიონი); 19 - რადამელ ფალკაო (მონაკო); 17 - ბაფეტიმბი გომისი (მარსელი); 15 - ფლორიან ტოვენი (მარსელი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"