დანი ალვეში: მე ვარ პაბლო პიკასო...

AutoSharing Option
დანი ალვეში "იუვენტუსის" გმირია. 34 წლის ბრაზილიელი შესანიშნავი იყო "მონაკოსთან" მატჩში. მხოლოდ სტატისტიკა რომ მოვიხმოთ, ამაში მაინც დავრწმუნდებით.

ამპლუით მცველმა ბრაზილიელმა გოლი შეაგდო და ფაქტობრივად, საგოლე გადაცემა გააკეთა. დიბალას, ბუფონისა და იგუაინის კარგი თამაშის ფონზე ის ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

რა დაკარგა ბარსელონამ?
რა დაკარგა "ბარსელონამ" დანი ალვეშის გაყიდვით? ამ კითხვაზე უკვე შეიძლება ძალიან ზუსტი პასუხის გაცემა - ბევრი! კატალონიური კლუბის სასელექციო სამსახურის მუშაობა რომ შორსაა იდეალურისაგან, ამაში სხვა მაგალითებით არაერთხელ დავრწმუნებულვართ. აგერ, მორიგი მათგანი!

შეიძლება, ვინმემ ალვეში
გაამტყუნოს, მაგრამ ცნობილია, რომ ყველაფრის მიუხედავად, მას მაინც ძალიან უყვარს "ბარსა". უბრალოდ, ბრაზილიელს ამაგი არ დაუფასეს. მას ძალიან უნდოდა კლუბთან კონტრაქტის გაგრძელება და მზად იყო, სათადარიგოს როლზეც კი დაყაბულებულიყო, მაგრამ არაფერი ამის მსგავსი!

"ისინი მატყუარები აღმოჩდნენ. მე მხედველობაში მყავს "ბარსას" შეფობა. გულშემატკივარს კი უდიდეს პატივს ვცემ. მესის და ინიესტას კონტრაქტები? მჯერა, ისინი გაგრძელდება, რადგან ეს მხოლოდ ერთ კლუბს კი არა, ზოგადად ფეხბურთს წაადგება. ჩემი ნება რომ იყოს, მე ამ ფეხბურთელებს უკვე ძეგლს დავუდგამდი "ნოუ კამპზე". - ამბობს ალვეში.

და აი, "ბარსელონას" ძვირად დაუჯდა ალვეშის გაყიდვა. მარჯვენა მცველის პოზიციაზე ლუის ენრიკე ათამაშებს ამპლუით ცენტრალურ ნახევარმცველს, სერხი რობერტოს. ეს ნიჭიერი ფეხბურთელი ყველგან კარგია, მაგრამ ძალიან კარგი იშვიათად არის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მას საერთოდ არ ჰყავს შემცვლელი მას შემდეგ, რაც ალეიშ ვიდალმა მძიმე ტრავმა მიიღო.

საინტერესოა, რომ "ბარსას" ჯერ კიდევ ორი სეზონის წინ უნდოდა ალვეშის გაშვება, მაგრამ ბოლო მომენტში კლუბის ხელმძღვანელობას გონიერება ეყო და ბრაზილიელი შეინარჩუნა. საბოლოოდ, განშორების მტკივნეული მომენტი მაინც დადგა.

და "იუვემ" "ბარსა"ჩემპიონთა ლიგიდან დაითხოვა...

რა შეიძინა იუვენტუსმა?
მას შემდეგ, რაც დანი ალვეში "იუვენტუსში" ჩაირიცხა, შვეიცარიელი შტეფან ლიხტშტაინერი მყარად გადაჯდა სათადარიგოთა სკამზე. მასიმილიანო ალეგრიმ მიიღო ძალიან გამოცდილი, გამარჯვებებს მიჩვეული ფეხბურთელი, რომელსაც შეტევაში უდიდესი სარგებლობა მოაქვს.

ერთადერთი პრობლემა უნდა ყოფილიყო ბრაზილიელი ლატერალის ზედმეტად ავანტიურული მოქმედება შეტევაში, მაგრამ ალეგრის ტაქტიკამ ესეც გამორიცხა. ალექს სანდროსა და ალვეშის მეშვეობით "იუვე" უსწრაფესად და ძალიან ხარისხიანად უტევს მოწინააღმდეგეებს ფლანგებიდან.

დიდი ჩემპიონი
ალვეში "იუვენტუსს" მენტალურადაც ძალიან სჭირდებოდა. ტურინულ კლუბს აღარ აკმაყოფილებს მხოლოდ იტალიური ტიტულები. ერთი, გადამწყვეტი ნაბიჯიც და ის ჩემპიონთა ლიგას, ევროპული საკლუბო ფეხბურთის უმთავრეს ჯილდოს მოიგებს. ბრაზილიელმა კი ძალიან კარგად იცის გამარჯვებების გემო.

ახლა მოვუსმინოთ "იუვეს" წარმატებების მთავარ შემომქმედს, მასიმილიანო ალეგრის. "ის დიდი ფეხბურთელია. ბუნებით ჩემპიონია. მან მოიგო ყველაფერი, რისი მოგებაც შესაძლებელი იყო და ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს მის განსაკუთრებულობაზე. ჩემი აზრით, ის არის სამაგალითო ფეხბურთელი, რომელსაც ყველამ უნდა მიბაძოს." - ასე თქვა ალეგრიმ ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში "პორტოსთან" ორრაუნდიანი დუელის შემდეგ, რაც მისმა გუნდმა პორტუგალიური გრანდისაგან ქვა ქვაზე აღარ დატოვა.

"შორიდან ვაკვირდები და ვგრძნობ, როგორ აკლია მისი ჟინი და მონდომება "ბარსელონას". მე ძალიან მინდა, რომ ის დაბრუნდეს." - ეს უკვე ალვეშის ყოფილი პარტნიორის, ესპანური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის, ჩავი ერნანდესის სიტყვებია.

სხვათა შორის, როგორც ირკვევა, ჩავის და დანი ალვეშს ყოველთვის განსაკუთრებულად მეგობრული ურიერთობა ჰქონიათ.

"ის დიდია. ჩვენ ყველანი ამაყები ვართ იმის გამო, რომ მასთან ერთად ვთამაშობდით." - ამბობს ჩავიზე ალვეში.

ბრაზილიელი სულაც არაა მარტივი ნატურა. ბევრი მას ვერ უგებს. ეს თავად ალვეშმაც ძალიან კარგად იცის.

"მე მინდორზე ვგავარ პიკასოს! ვისაც ეს ესმის, მას მე ვუყვარვარ. ვისაც არ ვუყვარვარ, ალბათ არცთუ ძალიან დარდობს, რადგან მაინც აქვს მილიონების გადახდის შნო. მე კი ფეხბურთს ყოველთვის გულშემატკივრებისათვის ვთამაშობ." - ამბობს ალვეში.

ფაქტია, ის ცოტა უცნაურია, მაგრამ ძალიან დიდია. 34 წლის ასაკში დანი ალვეში კვლავ რჩება ევროპის საუკეთესო ფლანგელ მცველად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მარტლაც საუკეთესო ფეხბურთელია ალვეში. მისი საუკეთესო მატჩებზე მომავალი თაობა უნდა გაზარდო. სისწრაფე, სწრაფი აზროვნება, პასი, ზონის შევსება, დრიბლინგი, დარტყმა, ყველაფერი აქვს თუ რამე სჭირდება განაპირა მცველს. ღაც ყველაზე მთავარია ბრძოლის ჟინი, რომლის გარეშე რაც არ უნდა ტექნიკა გქონდეს მინდორზე მკვდარი ხარ! მას უყვარს ფეხბურთი და პატივს სცემს როგორც გულშემატკივარს ასევე პარტნიორებს. ბარსამ ბევრი დაკარგა. პირველ რიგში მას უპატივისცელოდ მოექცა. ბარსამ იშოვა ფული დაკარგა ღირსება!!!
G.A.L.
10:23 14-05-2017
0
მილანმა ასაკის გამი გაყიდა პირლო,ბარსამ გაყიდა ალვეში და ორივე შემთხვევაში მათ ენდო და იყიდა იუვენტუსმა.შედეგი ყველამ იცით,მორალი კი ის არის,რომ კაცი პასპორტით კი არ უნდა შეაფასო,არამედ ფიზიკური მდგომარეობით.
სოსო
00:24 14-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული