როცა ჩემოდნები ჩალაგებულია - ზაფხულის სავარაუდო ტოპ-ტრანსფერები

AutoSharing Option
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა მალე გაიხსნება. არაერთი ვარსკვლავის კარიერა შეიძლება შეიცვალოს, მასში ახალი ფურცელი გადაიშალოს. დღეს იმ ფეხბურთელებზე მოგითხრობთ, რომლებიც დიდი ალბათობით, ზაფხულში დატოვებენ იმ კლუბებს, რომლებშიც ახლა თამაშობენ.

ალექსის სანჩესი
მიმდინარე სეზონი ლონდონის "არსენალისათვის" ძალიან არათანაბარი გამოდგა. გუნდის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება საძნელო საქმე სულაც არაა. საუკეთესო ბომბარდირობას რომ თავი დავანებოთ, კლუბის საუკეთესო ასისტენტიც ალექსის სანჩესია.

ყველაფერი გვერდით რომ გადავდოთ, ჩილელი დაცვაშიც კი შესანიშნავია. აღსანიშნავია, რომ მას დაცვაში მოქმედების უფრო სოლიდური კოეფიციენტი აქვს, ვიდრე ამპლუით უკანახაზელ გაბრიელ პაულისტას. ალექსისს აღარაფერში სჭირდება
"არსენალი". მას ტიტულების მოგება უნდა. არსენ ვენგერი კი ამბობს, რომ მისი გუნდის ლიდერი არსად მიდის.

"რობინ ვან პერსი იმიტომ გავუშვი, რომ ის 29 წლის იყო. სანჩესთან დაკავშირებით საქმე სხვანაირადაა. მე არ ვაპირებ მის გაშვებას და წასვლა არც თავად უნდა", - ამბობს ვენგერი. არადა, სანჩესს უკვე ჰქონდა რამდენიმე დემარში. მათ შორის, ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნთან" მატჩის შემდეგ.

მაურო იკარდი
33 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. არადა, პარტნიორები მას საერთოდ ვერ ამარაგებენ საგოლე გადაცემებით. მაურო იკარდი ამოდის უკან, ბურთის ძიებაში მას ჩვენ ფლანგებზეც ვხედავთ. საკმარისია, მოწინააღმდეგემ იკარდი დაკეტოს, რომ მილანური გუნდის თამაში ბოლომდეა განეიტრალებული. "მილანთან" მატჩში მაურო მხოლოდ ოცჯერ შეეხო ბურთს და გოლის გატანა მოახერხა.

"ფიორენტინას" ჰეთ თრიკი შეუსრულა და ბურთს მხოლოდ სამჯერ შეეხო. დიდი ალბათობით, ზაფხულში მასზე ნადირობა გამოცხადდება. იკარდის არაერთხელ უთქვამს, რომ "ინტერის" ერთგულია, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება.

ანდრეა ბელოტი
ფორვარდი, რომელზეც ახლა მთელი იტალია ლაპარაკობს. ყველაფერი, რაც დავწერეთ იკარდიზე, შეიძლება დაიწეროს ანდრეა ბელოტის თაობაზე. აქ არის მხოლოდ ერთი განსხვავება: თუ "ინტერს" ამბიციები მაინც აქვს და ვერ ახერხებს მათ განხორციელებას, "ტორინოს" საერთოდ არ აქვს ეს ამბიციები.

აქედან გამომდინარე, თითქმის ნულის ტოლია შანსი, რომ სეზონთაშორის პერიოდში "ტორინო" თავის ლიდერს შეინარჩუნებს. ერთადერთი ფაქტორი, რაც "ტორინოს" რაღაც შანსს აძლევს, ისაა, რომ ეს არის ბელოტის პირველი სუპერსეზონი. შეიძლება თავად ფეხბურთელმა ჩათვალოს, რომ მისთვის ჯერ ცოტა ადრეა ტურინის დატოვება და ერთი სეზონით ისევ დაეხმაროს მის ამჟამინდელ კლუბს.

რომელუ ლუკაკუ
"გულახდილად უნდა ვთქვა, რომ ლუკაკუსა და ჩვენს დანარჩენ ფეხბურთელებს შორის სხვაობა ძალიან დიდია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ გუნდში ყველა საუკეთესო დავტოვოთ, მაგრამ არ ვიცი, შევძლებთ თუ არა ამას", - ეს "ევერტონის" მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის სიტყვებია. ლუკაკუზე ინგლისური გრანდები ნადირობენ.

ყველაზე დიდი შანსი "ჩელსის" აქვს. ბევრი ინგლისური საინფორმაციო საშუალება მიიჩნევს, რომ რომელუ "არისტოკრატთა" რიგებში დიეგო კოშტას ადგილს დაიკავებს, რომელსაც პრობლემები აქვს ანტონიო კონტესთან. ამას ემატება ისიც, რომ ზამთარში კოშტამ ჩინეთში წასასვლელად გაიწია.

პაულინიო
ბრაზილიელი იყო პირველი ნამდვილი ვარსკვლავებიდან, ვინც ჩინეთს მიაშურა სათამაშოდ. მას ჩინეთში სათამაშო ფორმა არ დაუკარგავს. ლუიშ ფელიპე სკოლარის გაწვრთნილი გუნდიდან, "გუანჯოუ ევერგრანდიდან" მან მიიღო მიწვევა ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში და ურუგვაისთან შეხვედრაში ჰეთ თრიკი შეასრულა.

პაულინიოს გადაბირებით "ბარსელონა" და "ბაიერნი" არიან დაინტერესებულნი. თავად ფეხბურთელმა ზამთარში თქვა, რომ ევროპაში დაბრუნება უნდა, რათა მონაწილეობა მიიღოს მომავალ მუნდიალზე. ბრაზილიის ნაკრებს კი კარგ ფორმაში მყოფი პაულინიო აშკარად სჭირდება. ჯერ ევროპაში დაბრუნების თაობაზე სიტყვა არ დაუძრავთ ჩინეთის ჩემპიონატში მოთამაშე სხვა ბრაზილიელებს, ჰალკსა და ოსკარს.

ალვარო მორატა
ძალიან უსიამოვნო და თავისებური ისტორია. რა თქმა უნდა, ალვარო მორატა არაა ზედმეტად კარგი "რეალისათვის" და მას ამის გამო არ უნდა "სამეფო კლუბის" დატოვება. აქ საქმე სხვა რამეშია. "რეალში" მორატას აქვს ერთი პრობლემა და ამ პრობლემას სახელად ქარიმ ბენზემა ჰქვია.

ფრანგი ძალიან კარგადაა შეწყობილი კრიშტიანო რონალდოსთან და ზინედინ ზიდანის დიდი ნდობით სარგებლობს. ესაა იმის მიზეზი, რომ თუ მთლიანობაში დავთვლით, მთელი სეზონის განმავლობაში ალვარომ პრემიერლიგაში სულ 14 სრული მატჩი ჩაატარა. მან 15 გოლი გაიტანა, ეს კი, სათამაშო დროის გათვალისწინებით, ტოპ-ფორვარდის შედეგია. იმ შემთხვევაში, თუ "რეალი" კილიან მბაპეს გადაიბირებს, მორატას ადგილი "სანტიაგო ბერნაბეუზე" ნამდვილად აღარ დარჩება.

ფელიპე ანდერსონი
უკვე რამდენიმე სეზონია, საშუალო შემადგენლობის პატრონი "ლაციო" ვერ აღწევს ხელშესახებ წარმატებას. გუნდი შესანიშნავ მატჩებს ერთობ არათანაბარ შეხვედრებს უნაცვლებს, რომაული გუნდის რიგებში მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელის გამორჩევა შეიძლება. გამორჩეულები არიან ახალგაზრდა ვინგერი კეიტა ბალდე, ცენტრალური მცველი სტეფან დე ვრეი და, რა თქმა უნდა, გუნდის უდავო ლიდერი ფელიპე ანდერსონი.

ოთხი წელია, 25 წლის ბრაზილიელი რომაულ კლუბში თამაშობს. უკვე მოვიდა დრო, მან ატმოსფერო შეიცვალოს, რისი წინააღმდეგიც არც თავადაა. მისით "მანჩესტერია" დაინტერესებული.

ალეკსანდრ ლაკაზეტი
კიდევ ერთი ახალგაზრდა, ძალიან ტექნიკური ფორვარდი, რომელიც განსაკუთრებული საგოლე ალღოთია დაჯილდოებული. მისთვის სულ ერთია, სად გააქვს - საფრანგეთის ჩემპიონატში თუ ევროპალიგაზე. ევროპის რანგით მეორე ტურნირზე ლაკაზეტმა თითქმის შედეგიანობის ის პროცენტი უჩვენა, რაც საფრანგეთის პირველობაზე. "ლიონს" უკვე აქვს წინადადებები "ატლეტიკოდან" და "არსენალიდან".

კლუბის პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლა ამბობს: "გავიგე, რომ გრიზმანი ინგლისში 100 მილიონად გადადის. ასეთ ვითარებაში ჩვენ 40 მილიონად არავითარ შემთხვევაში არ გავყიდით ლაკაზეტს".

მარიო გომესი
31 წლის ასაკში, ალბათ, მარიო გომესისთვის არც ისე მნიშვნელოვანია პროგრესის თემა. ისე კი, გერმანელ ფორვარდს უკეთესი გუნდის მოძიება არ აწყენდა. მარიო შესანიშნავად თამაშობდა "ბეშიქთაშში". სეზონში თითქმის 30 გოლი გაიტანა, დაიბრუნა ადგილი გერმანიის ნაკრების ძირითადში. ამის შემდეგ ის თითქოს, აღმასვლის გზით წავიდა და კარგად დაკომპლექტებულ "ვოლფსბურგში" მივიდა.

"ვოლფსბურგი" კი მხოლოდ ბუნდესლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. გომესის გოლები გუნდისათვის მალამოსავითაა - ბოლო ორ თვეში გუნდს რვა ქულა მოუტანა მარიოს ზუსტმა დარტყმებმა. აშკარაა, სეზონის დასრულების შემდეგ მარიოს მყიდველები გამოუჩნდება, თუნდაც ბუნდესლიგის პირველი სამეულიდან. ჩემპიონთა ლიგაზე უარის თქმა კი რთულია.

ხავიერ პასტორე
"პარი სენ-ჟერმენის" ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა ხავიერ პასტორესთვის პრობლემაა. ის კონკურენციას აგებს ანხელ დი მარიასთან, იულიან დრაქსლერთან და ლუკას მოურასთან. შეიძლება ვერც ჰატემ ბენ არფასათვის ეჯობნა, მაგრამ ამ უკანასკნელმა კონფლიქტების მორიგი სერია წამოიწყო. თითქმის გადაწყვეტილია, რომ პასტორე ფრანგული გრანდიდან წავა, შესაძლო ვარიანტია იტალიაში დაბრუნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული