კორუფცია და შავი საღებავები: კონფედერაციათა თასი გვიახლოვდება!

AutoSharing Option
სულ ცოტაც და, რუსეთში სტარტს აიღებს კონფედერაციათა თასის გათამაშება ფეხბურთში, ერთგვარი ჟურნალი მსოფლიოს ჩემპიონატისა, რომელსაც ყველა მოუთმენლად ველით.

მაისის ბოლოს ჩვენ ყველანი ძალიან ბევრს ვფიქრობდით ჩემპიონთა ლიგაზე, მის ფინალზე, ბუფონისა და კრიშტიანოს დაპირისპირებაზე. ადვილი შესაძლებელია, ამის გამო გამოგვეტოვებინა ძალიან საინტერესო მოვლენა, რომელიც მოხდა სოჭში - ტურნირის ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქში...

სოჭში ჩატარდა საქალაქო კარნავალი. ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, ის როგორღაც დაეკავშირებინათ კონფედერაციათა თასისათვის. მონაწილეებს დაურიგეს იმ გუნდების სათამაშო ფორმის მსგავსი კოსტიუმები, რომლებიც თუნდაც ერთ მატჩს ჩაატარებენ სოჭში.

ასე დაიბადა, მაგალითად, კამერუნელის სტილი -
ეროვნული გუნდის მაისურა, შავად შეღებილი სახე, ტანსაცმელზე მიკრული ბანანები... კარნავალს ესაწრებოდა ქალაქ სოჭის მერი. სურათებზე ნათლად ჩანს, რომ გულშემატკივრები საღებავებით არიან შეღებილები. ამ ამბავმა "დეილი მეილისა" და "ვაშინგტონ პოსტის" ყურადღებაც კი მიიპყრო.

თავდაპირველად ფოტო სოციალურ ქსელში გამოფინა ნიგერიელმა ჟურნალისტმა, ლოლადე ადევუიმ, ვინც სწორედ სოჭში სწავლობს. ძალიან ცუდად შემოუტრიალდა სოჭის ხელმძღვანელობას ზედმეტი მონდომება: მთელმა რიგმა გაზეთებმა დაწერეს რასიზმის პრობლემის თაობაზე.

"გარდიანმა" კი ცეცხლზე ნავთი დაასხა და გაიხსენა რუსეთში მომხდარი რასისტული ისტორიები. მაგალითად, გამოცემამ მოიყვანა რუსეთში მომხდარი რასისტული ფაქტი და გამოჩხრიკა ისიც, რომ თავის დროზე, ბრაზილიელი ფეხბურთელი ჰალკი ჩიოდა ამის გამო.

რაც შეეხება ნიგერიელ ჟურნალისტს, ვინც ამ ფოტოს დღის სინათლე აჩვენა, მან სოჭის მერიაში გაგზავნა წერილი და განაცხადა, რომ მას ძალიან უხეშად ექცევიან და რომ ის დაფასებას ვერ გრძნობს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

აფრიკელი ჟურნალისტისა და სტუდენტის თქმით, შავკანიანების მიმართ სოჭში განსაკუთრებულად ცუდი დამოკიდებულებაა. მაგალითად, თუ კრასნოდარში მოსწავლე შავკანიანებს არავინ არაფერს უშლის, სოჭში მას ძალიან ხშირად აჩერებენ და მასთან ფოტოებს იღებენ, თითქოს, ის რაღაც სათამაშო იყოს.

"მე მივწერე მკვეთრი წერილი ქალაქის ადმინისტრაციას. მინდა, რომ ამ კარნავალის ორგანიზატორებმა საყვედური მაინც მიიღონ".

მოგვიანებით ნიგერიელმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ ჰგონია, თითქოს, შავი საღებავი გამოყენებული იყო, როგორც რასიზმის ნიშანი. უბრალოდ, ნიგერიელის თქმით, დასავლეთში აღზრდის მეთოდი სხვანაირია და რასიზმის თაობაზე ყველამ ყველაფერი იცის, რუსეთში კი ასე სულაც არაა.

"მესმის, რომ ეს არ მომხდარა შეგნებულად, მაგრამ ფაქტი სახეზეა. დასავლეთში ადამიანებს სხვანაირად ზრდიან, რუსეთში კი სხვანაირად. არავის უფიქრია იმაზე, რომ შავი საღებავისა და ბანანის გამოყენება რასისტულ ელემენტებს შეიცავს", - თქვა მან.

სოჭის მერიის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ პირიქით, ამ კარნავალის დანიშნულება იყო, ეჩვენებინა რუსეთის ტოლერანტული დამოკიდებულება სხვადასხვა კონტინენტის წარმომადგენლების მიმართ.

"ორგანიზატორებიდან ვიღაცას აშკარად არ აქვს გემოვნება", - თქვა ქალაქის მერმა. ბოლოს და ბოლოს, მერი ნიგერიელ სტუდენტსა და ჟურნალისტს შეხვდა.

"მინდა, გამოვთქვა მწუხარება იმის გამო, თუ ვინმე არასწორად შეეხო თქვენს გრძნობებს. ეს ერთადერთი ინციდენტი არანაირად არ ახასიათებს ქალაქ სოჭის მცხოვრებთ. ჩვენი კარი ყველასათვის ღიაა და ჩვენ ვგმობთ ყველანაირ რასისტულ გამოხდომას", - თქვა ქალაქის მერმა ანატოლი პახომოვმა.

პასუხად ლოლადე ადევუიმ შემდეგი თქვა: "ჩვენ არ გვინდა, რომ ისეთივე ასოციაცია იყოს შავკანიანებთან დაკავშირებით, როგორიც იყო, ვთქვათ, 200 წლის წინათ. მაშინ ჩვენ მხოლოდ ორი რამით გამოგვარჩევდნენ - კანის შავი ფერითა და ბანანებით. სოჭში ყველაფერი მომწონს. აქ ძალიან გულიანი ხალხი ცხოვრობს. ახლა მივხვდი, რომ ეს შეიძლება გაუგებრობა იყოს".

შეხვედრის ბოლოს ნიგერიელმა ქალაქის მერისაგან საჩუქრად მიიღო კონფედერაციათა თასის გათამაშების ნახევარფინალური შეხვედრის ბილეთი, რომელიც სოჭში გაიმართება.

ისტერია მას შემდეგ დასრულდა, რაც ფიფამ ამ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა:

"ჩვენ გვესმის, რომ ამ ღონისძიების მიზანი ის იყო, რომ მის მონაწილეებს მისალმებოდნენ, მაგრამ მეთოდი აშკარად არასწორად შეირჩა. ჩვენ არ დავხუჭავთ თვალს იმ შემთხვევაში, თუ სტადიონებზე მოხდება რასობრივი გამოხდომები".

საბოლოო ჯამში, ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა: ნიგერიელი სტუდენტ-ჟურნალისტიცა და ქალაქის მერიაც, რომელმაც შედარებით იოლად მოახერხა ამ მართლაც დიდი სკანდალიდან გამოძრომა.

ეს კარგი, მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ კონფედერაციათა თასი ჯერ არ დაწყებულა, მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ კი რუსეთს თითი უკვე დაუქნია?!

კორუფცია მექსიკაში
კონფედერაციათა თასს ზოგიერთ ქვეყანაში მართლაც რომ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. მაგალითად, მექსიკაში. ტურნირის მიმართ ინტერესი იმდენად დიდია, რომ რუსეთის ვიზებზე ნამდვილი ტაციობაა ატეხილი.

რუსეთის საელჩოსთან დამდგარი რიგის სათავისოდ გამოყენება მავანმა სამართალდამცველებმა გადაწყვიტეს. მათ რიგში მდგომ ხალხს ჩუმად შესთავაზეს, რომ 400 პესოდ (დაახლოებით 22 დოლარი) შესაძლებელი იქნებოდა რუსეთის ვიზის ურიგოდ აღება.

რუსეთის საელჩოს თანამშრომლებმა მომხდარის თაობაზე დროულად შეიტყვეს და სამართალდამცველებს აცნობეს. როგორც მექსიკაში რუსეთის კონსულმა დმიტრი ბოლბოტმა განაცხადა, ორი პოლიციელი ამ საქმის გამო უკვე გაუშვეს სამსახურიდან, მესამის საქმე კი ძიებაშია.

ჩილეს რეკომენდაცია
ივნისის დასაწყისში ჩილეს კონსული კრისტობალ აპარა სპეციალური მოწოდებით გამოვიდა იმათთვის, ვინც რუსეთში, კონფედერაციათა თასზე აპირებს გამგზავრებას. აპარამ ჩილელ მამაკაცებს ურჩია, არ გააბან ფლირტი რუს ქალებთან, რადგან იქვე ახლოს შეიძლება ამ ქალის ქმარი აღმოჩნდეს.

"ამან შეიძლება მძაფრი და არაადეკვატური რეაქცია გამოიწვიოს.  განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოს ყველა ყაზანში. იქ მოსახლეობის მეტი ნაწილი ისლამს აღიარებს. ისინი ქალების მიმართ კიდევ უფრო სერიოზულად არიან განწყობილნი, ვიდრე დანარჩენ რუსეთში", - თქვა აპარამ.

რაც შეეხება დანარჩენ რეკომენდაციებს, განსაკუთრებული არაფერი. ჩილელმა კონსულმა თქვა, ქუჩაში გამვლელ ტაქსის ნუ ენდობით, აუცილებლად გამოიძახეთ, ნუ იჩხუბებთ და ბევრს ნუ დალევთო.

რატომ გახდა საჭირო ასეთი რეკომენდაციების მიცემა ჩილელი ქომაგებისათვის? როგორც წესი, ისინი ძალიან ემოციურები არიან, ფეთქებადი ხასიათი აქვთ. რუსეთი და ჩილე ერთმანეთისაგან დიდი მანძილით არიან დაშორებულნი და მენტალიტეტიც სხვადასხვანაირი აქვთ.

"ჩვენ უნდა ვისწავლოთ, როგორ უნდა მოვიქცეთ რუსეთში. ეს არის თავისებური ქვეყანა", - თქვა აპარამ.

Sportall.Ge

სანკტ-პეტერბურგის სტადიონის მინდორი
ერთი თვის წინათ ამის წარმოდგენა შეუძლებელი იყო. და მაინც, სანკტ-პეტერბურგის მთავარი სპორტული არენა შეძლებს, უმასპინძლოს კონფედერაციათა თასის გათამაშების მატჩებს. არადა, ცოტა ხნის წინ საკმარისი იყო ერთი გაქცევა და მიწის ნაჭრები აქეთ-იქით ცვიოდა.

"ზენიტი"-"ტერეკის" მატჩის შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საფარის შეცვლის თაობაზე. ამან გაამართლა, თუმცა პრობლემები ჯერ კიდევ არის.

კონფედერაციათა თასი 17 ივნისს დაიწყება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
პანიკიორები მიშველეთ უმცირესობა არ დაჩაგრონ!!!!!!!!!!
გენო
16:40 14-06-2017
0
სადაც მიხვალ,იქაური ქუდი დაიხურეო,ნათქვამია.ზოგიერთს კი უნდა ,რომ ჩამოვიდეს და ქუდიც თავისი დაგვახუროს.
სოსო
14:39 14-06-2017
0

სიახლეები პოპულარული